მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე პროკურატურისგან მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე პროკურატურისგან მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურას მირზა სუბელიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართავს. სარალიძემ განცხადება თბილისის პროკურატურაში შეიტანა. ის სუბელიანის გარდა იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვინც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაული დაფარა. სარალიძე ყველა ამ პირის დასჯას იმ ვიდეოკადრების საფუძველზე ითხოვს, რომელიც მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და რომელზეც კალანდიების სახლთან, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებული მოვლენებია ასახული.

"შემაქვს განაცხადი, რომ დაიწყოს სამართლებრივი დევნა მირზა სუბელიანის და სხვა პირების წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობა მიიღო დანაშაულის დაფარვაში. ვიდეომასალა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სასამართლოზე გაჟღერებულ ჩვენებებს. დარწმუნებული ვარ, მირზა სუბელიანი ესაუბრა ამ ბავშვებს, რომელთაგან ერთი დაკავებულია, ხოლო მეორე მისი ნათესავია და ამ საუბრის შემდეგ არ შეატყობინა ძალოვან სტრუქტურებს მათი ადგილსამყოფელი, რითაც ხელი დააფარა დანაშაულის ჩამდენ პირებს. წესით უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდათ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, თუმცა სამწუხაროდ არანაირი ქმედება გატარებული არაა. ჩემი განაცხადის საფუძველზე იმედია პროკურატურა გონს მოეგება და ამ საქმეს მიხედავს ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის , „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელიც კალანდიების სახლთან დამონტაჟებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და რომელიც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახავს. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს