ავტორი:

"თუ პრემიერი იუსტიციის მინისტრს გადააყენებს, პროკურორის შერჩევაში ჩავერთვებით" - არასამთავრობოების ბოიკოტი წულუკიანს

"თუ პრემიერი იუსტიციის მინისტრს გადააყენებს, პროკურორის შერჩევაში ჩავერთვებით" - არასამთავრობოების ბოიკოტი წულუკიანს

არასამთავრობო ორგანიზაციების ულტიმატუმი ხელისუფლებას - სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრის მიერ, რიგით მეხუთე პროკურორის შერჩევის პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ წულუკიანს ამის მორალური უფლება არ აქვს. ამის არგუმენტად კი, წულუკიანის მინისტრობის პერიოდში მართლმსაჯულებაში გატარებულ-ჩაგდებული რეფორმები მოჰყავთ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნის საპასუხოდ აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და რომ მას "არ აქვს უფლება და ფუფუნება, მონაწილეობა მიიღოს ფსიქოზში". უფრო მეტიც - იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის შერჩევაზე კონსულტაციები უკვე დაიწყო. "პროკურატურის შესახებ" კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა დაეგზავნათ, რათა სავარაუდო კანდიდატები წარადგინონ 1 თვის ვადაში. მათგან, მინიმუმ, 3 კანდიდატს იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და წარუდგენს მისსავე დაქვემდებარებულ საპროკურორო საბჭოს, რომელიც აირჩევს ერთს და დასამტკიცებლად ჯერ - მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა საზოგადოების ფართო ჩართვით მოხდება და მთავარი პრინციპია, რომ ამ პოსტზე წარდგენილი პირი საზოგადოებაში მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობდეს. რამდენად შესაძლებელი იქნება, საზოგადოების ფართო ჩართვით შეირჩეს მომავალი მთავარი პროკურორი, ჯერ გაურკვეველია, რადგან არასამთავრობოებს ორი მოთხოვნა აქვთ. ერთი, რომ კანდიდატი არც ხელისუფლებიდან იყოს და არც "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული და მეორე - წულუკიანი გადადგეს და კანდიდატების შერჩევაზე კონსულტაციები ახალმა იუსტიციის მინისტრმა დაიწყოს. ამ მოთხოვნების შესრულებას კი როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს, ამიტომ სამოქალაქო სექტორი ბოიკოტის რეჟიმში დარჩება.

იმის თაობაზე, თუ რატომ ითხოვენ წულუკიანის გადადგომას არასამთავრობოები, მათ მთელი რიგი არგუმენტები აქვთ.

„იმ პროცესებზე, რაც ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარდა, პასუხისმგებელი არის არა მხოლოდ მთავარი პროკურორი, რომელიც გადადგა, არამედ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც თავის დროზე, შოთაძე შეარჩია მთავარ პროკურორად. წულუკიანი ასევე ჩართული იყო შოთაძისა და მისი წინამორბედების შერჩევა-დანიშვნაში. მათ შორის ოთარ ფარცხალაძის დანიშვნაში. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, მან და მისმა წინამორბედებმა როგორ დაასრულეს საქმიანობა", - AMBEBI.GE-ს ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრების (რომელთა დაკავშირებითაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული და ამ მხრივ მთავარი კითხვები მიემართება არა მხოლოდ მირზა სუბელიანისკენ, არამედ ოთარ ფარცხალაძისკენ, რომელიც იმ დროს მთავარი მბრალდებელის პოსტს იკავებდა.

"ასევე საუბარია ბევრ რეფორმებზე რომელიც თითქოს გაატარა წულუკიანმა და არასამთავრობოების არცერთი შენიშვნა ხარვეზებთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. თუნდაც სასამართლოს რეფორმები. ასევე ხანგრძლივი დისკუსიები გვქონდა დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე - აქ მხარეს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენდა, რომელმაც ჩვენი პოზიციები არ გაითვალისწინა. რაკი არ არსებობს ასეთი ორგანო ალბათ, ამიტომ დაგროვდა ბევრი პრობლემა ამ საქმესთან მიმართებაში“, - გვეუბნება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, წულუკიანის პირობებში მის მიერვე რიგით მეხუთე პროკურორის შერჩევაში ჩართვას აღარ აპირებენ.

"თუ გადააყენებს პრემიერი იუსტიციის მინისტრს, ამ შემთხვევაში პროკურორის შერჩევის პროცესში ჩავერთვებით. წულუკიანის პირობებში კი არ ვაპირებთ, რადგან ამის მანკიერი გამოცდილება გვაქვს. საზოგადოებას ასევე შევახსენებ, რომ სტრაბურგის სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართული, თუმცა წულუკიანმა ჩვენი არცერთი კანდიდატურა არ გაითვალისწინა და ევროპის სასამართლოში მის მიერ შერჩეული კანდიდატურა გააგზავნა, რომელიც ორჯერ იქნა დაწუნებული, ხოლო მესამე ძლივს აირჩიეს. ეს ქვეყნისთვის სამარცხვინო ფაქტია“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ცქიტიშვილმა.

მის აზრს იზიარებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე. მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულების კრიზისზე პასიხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება.

„ეს კრიზისი, რომელსაც ახლა ვხედავთ, რაზედაც საზოგადოება არის აღშფოთებული, პირველ რიგში გამოწვეულია სამართალდამცავ და სასამართლო სისტემებში პოლიტიკური კორუფციით და ადამიანის უფლებების უგულებელყოფით. ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებელი არის იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის პირადი პასუხისმგებლობაა, რომ ამ სფეროში რეფორმები არ განხორციელდა. თუკი მთავრობა კრიზისული სიტუაციის საფუძველებს სწორად აცნობიერებს, უნდა დააყენოს პოლიტიკური თანამდებობის პასუხისმგებლობის საკითხი.

წულუკიანის მინისტრობის პერიოდში 4 პროკურორი გამოვიცვალეთ, მათგან ყველამ თავის პროფესიული საქმიანობა დაასრულა ისე, რომ ვერ გართვა თავი საკუთარ ფუნქციებს. ახალი პროცესის წამოწყება ისევ ამ მინისტრის პირობებით, რომელიც თვლიდა, რომ შოთაძე არ უნდა წასულიყო, ბუნებრივია არის დასტური იმისა, რომ მთავრობა არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას. 16 არასამთავრობო ორგანიზაცია არ ვაპირებთ წულუკიანთან ერთად ჩავერთოთ პროკურორის შერჩევის პროცესში. მიგვაჩნია რომ ეს არ ემსახურება იმას, რაც ცოტა ხნის წინ კვირიკაშვილმა განაცხადა“ - უთხრა AMBEBI.GE-ს მშვენიერაძემ.

"იუსტიციის მოქმედ მინისტრს აღარ აქვს მორალური უფლება, კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს იმიტომ, რომ არცერთი წინა პროცესი არ დასრულდა პოზიტიურად", - ამ განცხადებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე აკეთებს. მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრი არ არის იმ მოვლენების ადეკვატური, რაც დღეს ქვეყანაში ვითარდება.

„ჩვენი მოთხოვნა უკავშირდება იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში განვითარდა. ვფიქრობთ, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი პროტესტის, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, ეხება მართლმსაჯულებას, უფრო ფართო ჭრილში კი მთლიანად სამართალდამცავ უწყებებს. ის რომ სისტემური პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, არის იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფორმები. როდესაც ისმის განცხადებები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ნიშნავს, რომ ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლის პოვნას. ეს კი იმის ბრალია, რომ წულუკიანმა საკმარისი რეფორმები არ გაატარა.

წულუკიანის პერიოდში მეხუთე პროკურორის შერჩევა ხდება, სამწუხაროდ, პრობლემები ამ უწყებაში არის გადაუჭრელი და საზოგადოების ნდობა არა თუ არ იმატებს, პირიქით იკლებს. წულუკიანს მორალური უფლება აღარ აქვს, რომ ახალი პროცესი დაიწყოს. თუ მთავრობას უნდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ახალი პროკურორისადმი, მაშინ მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესს სხვა პირი ხელმძღვანელობდეს“, - გვითხრა ბენიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები