სუკ-ი VS სუს-ი - ანუ რა შეიცვალა "90-იანებიდან" დღემდე?

სუკ-ი VS სუს-ი - ანუ რა შეიცვალა "90-იანებიდან" დღემდე?

ცნობილი ნათქვამია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ქართულ რეალობაში ეს ნათქვამი ასე შეგვიძლია შევცვალოთ - ბგერის შეცვლით, შინაარსი არ იცვლება. ახლავე განვმარტავ, რა ბგერასა და შინაარსზეა საუბარი. ყველას თუ არ გვახსოვს, გვსმენია მაინც, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ერთი პერიოდი, რომელსაც "90-იანების" სახელით მოვიხსენიებთ. ამ სახელში იმდენი რამეა ჩატეული, რომ რთულია ერთმა სიტყვამ ამდენი რამე დაიტიოს, თუმცა "90-იანები" ყველაფერს იტევს, მათ შორის სუკ-ის აგენტებსაც, თან იმდენ აგენტს რამდენი განსხვავებული აზრიც იყო. "90-იანებში" თითქმის მთელი საქართველო პოტენციური აგენტი იყო, მთავარია გეთქვა რაიმე განსხვავებული აზრი და აგენტობის დამადასტურებელი იარლიყი გქონდა. უბრალოდ უნდა წამოგცდენოდა - მხოლოდ "ბორჯომი" და ღვინო, ქვეყანას თავის შესანახად არ ეყოფაო და მორჩა, სუკ-ის აგენტი იყავი, რთული იყო ამის მერე, თავის მართლება. აბა, როგორ შეიძლება, ნამდვილ, პატრიოტ ქართველს მსგავსი ეთქვა, ეს ნათქვამი ხომ მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს, მერე რა რომ სიმართლე იყო, მაინც მტერს ახარებდა, ჰოდა თუ მტერს ახარებს შენი ნათქვამი, სუკ-ის აგენტი ხარ, აბა ვინ ხარ.

"90-იანებში" უამრავი სუფთა ადამიანი მოინათლა სუკ-ის აგენტად, სამწუხაროდ, ამ რიტორიკას ხელს ხელისფლების მაღალჩინოსნებიც უწყობდნენ და ასე აგენტებში ვიყავით. ცოდვა გამხელილი ჯობს და ბევრი სუკ-ის აგენტი მართლა იყო, თუმცა იმათ ჭკუა ჰყოფნიდათ და ისე ინიღბებოდნენ, რომ არათუ აგენტობას აბრალებდა ვინმე, უდიდეს პატრიოტებადაც მიიჩნევდა ერი.

90-იანებიდან დიდი დრო გავიდა. ცოტა ვისწავლეთ, განვვითარდით, რაღაც სფეროებში წინაც წავედით, მაგრამ იარლიყების მიწებება ისევ ეროვნული სპორტის დონეზე გვაქვს განვითარებული. აგენტობა დღესაც მოდაშია, უბრალოდ სუკ-იდან სუს-ზე გადავედით, მხოლოდ ერთი ასო-ბგერა შევცვალეთ და სხვა ყველაფერი უცვლელი დარჩა.

ბოლო დღეებია, მთელი ქვეყანა მხოლოდ ერთ აქციასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრობს. დედამიწის ზურგზე არ მომხდარა ერთი ფაქტიც კი, რომელზეც ყველას ერთი აზრი ექნებოდა, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც არსებობს სხვადსხვა აზრი. ხალხის უმეტესობა, ცალსახად თანხმდება, რომ დათო სარალიძის მკვლელები უნდა დაისაჯონ, უბრალოდ არ ეთანხმებიან ზაზა სარალიძის სხვა მოთხოვნებს და ამის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამენ. ჰოდა ეს ხალხი, ზაზა სარალიძის მხარდაჭერთა უმეტესობის აზრით, სუს-ის აგენტები არიან.

რა თქმა უნდა, სოცქსელში დაწერილი სტატუსი, საზოგადოების აზრზე დიდ გავლენას ახდენს და სრულებით შესაძლებელია, რომ უშიშროებაც წარმატებით იყენებდეს ამას, მაგრამ ყველას სუს-ის აგენტად მონათვლა ერთგვარი პარაონიაა და მომხრეებისთვის შთაბეჭდილების შექმნა, რომ მხოლოდ უშიშროებაა მათ წინააღმდეგი, თორემ ერი და ბერი მათთან დგას. თუ ამ ადამიანებს დავუჯერებთ, ფაქტობრივად, ყოველი მეორე, სუს-ის აგენტია ანუ დაახლოებით ასეთი სურათია - ყველა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობაში" არაა, სუს-შია.

გავა 20-30 წელი, იმედი მაქვს რომ ყველაფერში გვექნება წინსვლა, მათ შორის იარლიყების მიწებებებშიც და სუკ-ისა და სუს-ის მერე არ იქნებიან სუდ-ის (სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი) ან სუგ-ის (სახელმწიფო უშიშროების განყოფილება) აგენტები, თუმცა "90-იანებშიც" იმედი გვქონდა, რომ 2018 წელს ქვეყანაში ყველაფერი დალაგებული იქნებოდა...

P.S. დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგის წაკითხვის მერე, მეც ჩამწერენ სუს-ის აგენტთა რიგებში, კოდური სახელით - ბლოგერი. ვინც ჩამწერს, მათთან ერთი თხოვნა მაქვს, მე წვდომა არა მაქვს ხელფასებზე და რომ ჩაირიცხება, როგორმე მომაწვდინეთ ხმა.

ლადო გოგოლაძე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები