რომელ უწყებებში დასაქმდნენ "ოცნების" ყოფილი მინისტრები და მაღალჩინოსნები

რომელ უწყებებში დასაქმდნენ "ოცნების" ყოფილი მინისტრები და მაღალჩინოსნები

"ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის 6 წლის მანძილზე რამდენიმე სამთავრობო ცვლილება განახორციელა. ერთ-ერთი ბოლო ცვლილება ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია - პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, 20 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ახალ მთავრობას გამოუცხადებენ ნდობას, ხოლო, უახლოეს სამ კვირაში პარლამენტს წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

საინტერესოა გავიხსენოთ, რა ბედი ეწიათ "ოცნების" მთავრობის ყოფილ მინისტრებს თუ დეპუტატებს და ვინ რომელ უწყებაში გადანაწილდა თანამდებობრივი ცვლილებების შემდეგ.

ნოდარ ხადური

ფინანსთა ყოფილი მინისტრი „ოცნების“ მთავრობის მეორედ არჩევის შემდეგ, ახალ მინისტრთა კაბინეტში ვეღარ მოხვდა - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ხადური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლა.

თუმცა, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, მალევე დაინიშნა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ და 2016 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს ამ უწყებას. მისი ამჟამინდელი საქმიანობიდან გამომდინარე, ხადური მონაწილეობას იღებს ეკონომიკურ ფორუმებში და კონფერენციებში, მასპინძლობს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ა.შ.

ვიქტორ დოლიძე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, 2017 წელს განხოციელებული სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდა, ისევე როგორც მისმა უწყებამ, რომელსაც ის 1 წელი ხელმძღვანელობდა, არსებობა შეწყვიტა და რესტრუქტურიზაციის შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტად ჩამოყალიბდა.

მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნა. ყოფილი მინისტრი მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მუშაობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.

ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების ყოფილ მინისტრ პოსტის დატოვება 2017 წელს, სამთავრობო ცვლილებების შემდეგ მოუხდა. პოსტის დატოვების შემდეგ იგი საჯარო უწყებაში აღარ დასაქმებულა. ჯეჯელავამ თავიდანვე განაცხადა, რომ ძველ სამსახურს დაუბრუნდებოდა და კერძო სექტორში გააგრძელებდა, ასევე სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრებოდა. თუმცა, ჯეჯელავა საქართველოშია და კვლავ სპიკერობითაა დაკავებული - დააფუძნა "ფლომასტერი/FlowMaster", რომლის გუნდი წელიწადში 50-მდე პროექტს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით: სემინარებსა და საჯარო გამოსვლებს კომპანიის კლიენტებისთვის და თანამშრომლებისთვის, ღონისძიებებს ტოპ მენეჯმენტისთვის და ა.შ

აღსანიშნავია, რომ ჯეჯელავამ მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ იმიჯიც შეიცვალა: წონაში საგრძნობლად დაიკლო და წვერიც მოუშვა.

დავით ნარმანია

ნარმანიას თბილისის მერობის ვადა 7 თვის წინ ამოეწურა - თბილისის ყოფილმა მერმა პოსტი 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვა და ადგილი არჩეულ მერს კახი კალაძეს დაუთმო. თუმცა, ყოფილი მერი უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა - მთავრობამ პრეზიდენტს დავით ნარმანიას სემეკ-ის წევრად წარდგენის თხოვნით მიმართა და ნარმანია მალევე გაამწესეს 6 წლის ვადით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად.

ერთ-ერთ ინტერვიუში დედაქალაქის ყოფილი პირველი პირი ამბობს, რომ მერობის პერიოდში 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იყო და ერთი თავისუფალი დღეც არ ჰქონდა. დღეს კი, დასვენების დღეებიც აქვს, ოჯახსაც მეტ დროს უთმობს და არც საყვარელი ჰობი - წერა და ნადირობა ავიწყდება.

გიორგი მღებრიშვილი

2017 წელს განხორციელებული სამთვარობო ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი გამოაკლდა. თუმცა, „ოცნებამ“ მისთვის მალევე გამონახა ახალი პოსტი. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტო გაერთიანდა და მღებრიშვილი სამსახურის უფროსად, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანამშემწედ დაინიშნა.

გელა დუმბაძე

დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, 2017 წლის ბოლოს განხოციელებული სამთვარობო და სტრუქტური ცვლილებების შემდეგ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ვეღარ მოხვდა. თუმცა მალევე უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობა ვაკანტური აღმოჩნდა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ უკლება გელა დუმბაძეთი ჩაანაცვლა. დიასპორის სამინისტრო ცვლილებების შედეგად გაუქმდა და მისი ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაინაწილა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები