"განვითარებას სჭირდება ცოდნა, ცოდნას - მონდომება, მე ვერც ერთს ვერ ვხედავ" - ურთიერთბრალდებების მორიგი სერია ზაქარია ქუცნაშვილსა და თამაზ მეჭიაურს შორის

"განვითარებას სჭირდება ცოდნა, ცოდნას - მონდომება, მე ვერც ერთს ვერ ვხედავ" - ურთიერთბრალდებების მორიგი სერია ზაქარია ქუცნაშვილსა და თამაზ მეჭიაურს შორის

შეჩერებულია არა თიანეთის განვითარება, არამედ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ ბიუჯეტის ძარცვა, - ასე ეხმაურება თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებებს დაბა სიონის განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებით.

როგორც მეჭიაურმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, სიონის განაშენიანება 7 თვეში შეუძლებელია, მაგრამ არსებული ბიუჯეტის პირობებში რაც შესაძლებელია, კეთდება.

„ჩვენ იმ ბიუჯეტით ვმუშაობთ, რომელიც მათმა საკრებულომ დაგვიმტკიცა. იქიდან გამომდინარე, რომ ქუცნაშვილის მიერ ფული კარგად იყო გახარჯული, ახლა გაგვიჭირდა მნიშვნელოვანი ძვრების განხორციელება“, - აცხადებს მეჭიაური.

მისივე თქმით, იგეგმება კიდევ არაერთი პროექტი, რომელსაც ახალი ხელისუფლების დამტკიცების შემდეგ განახორციელებს.

„გზების მოასფალტება წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება. ეს სწორედ ამისთვისაა, რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს. ასევე ვიწყებთ სიონის მიმართულებით ორი გზის, მათ შორის ცენტრალურის მოასფალტებას. თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, შეიძლება წლის დასრულებამდეც მოვრჩეთ. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ახმეტა-თიანეთის გზის მოასფალტებაც. ასევე, ჩრდილოეთ მიმართულებით 3 სერიოზული პროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც მოასფალტდება ლაშარის, ჯიჯეთისა და ახალსოფლის მიმართულება. ეს არის მცირე ჩამონათვალი. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას, მზადდება სერიოზული დოკუმენტი, ველოდებით მთავრობის დამტკიცებას, რის შემდეგაც ეს დოკუმენტიც დამტკიცდება. ამის მერე კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესები“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაბა სიონის განვითარების პროექტის შეფერხებას თიანეთის მერ თამაზ მეჭიაურს უკავშირებს.

როგორც ქუცნაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, გზის დაგება, ელექტროფიცირება და გაზიფიცირება მოესწრო, თუმცა თამაზ მეჭიაურის მერობის პირობებში არაფერი გაკეთებულა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში ერთხმიანი უპირატესობით გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც ჩვენთან არ თანამშრომლობს, სიონის სასარგებლოდ ჩვენი შესაძლებლობები შეიზღუდა. ამიტომ, მე გამიჭირდება გითხრათ, რა სიკეთეს შეიძლება ელოდეს ადგილობრივი მოსახლეობა. განვითარებას სჭირდება ცოდნა, ცოდნას სჭირდება სიყვარული და მონდომება. სამწუხაროდ, მე ვერც ერთს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გზების, მყარი ნარჩენების, გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიის პრობლემა მოაწესრიგა, თამაზ მეჭიაურს არაფერი გაუკეთებია. რაც შეეხება ტურიზმის, საკურორტო ზონებისა, სასტუმროების განვითარებას, ქუცნაშვილის თქმით, ეს უკვე კერძო სექტორის საზრუნავია.

''არ გვჭირდება არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ" - რაზე ისაუბრა დღეს სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა

''ნაცმოძრაობის'' აქტივისტი არიფ იუსუბოვი, რომლის დაკავების მცდელობას  ხმაური მოჰყვა, წუხელ პოლიციას ჩაბარდა

"ბუბა კიკაბიძე კარგი გაგებით პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტია" - მიხეილ სააკაშვილი