ავტორი:

სექსუალური ცხოვრება - თემა, რომელზეც ხმამაღლა საუბარი მოზარდებს უჭირთ და ფსიქოლოგების რეკომენდაციები მშობლებს

სექსუალური ცხოვრება - თემა, რომელზეც ხმამაღლა საუბარი მოზარდებს უჭირთ და ფსიქოლოგების რეკომენდაციები მშობლებს

მომავალი თაობების აღზრდა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, სწორად აღიქვან და შეაფასონ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც მათი ცხოვრების გზას განსაზღვრავს? ამ გზაზე ხომ მათ საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ?! მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა ყველა ოჯახში თავისებურად განსხვავებული და ინდივიდუალურია. დროსთან ერთად, იცვლება თაობათა ინტერესები, რის გამოც მშობლების ნაწილი განგაშის ზარს სცემს. ამიტომ ხშირია კონფლიქტები, რომელსაც ხშირად სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

ფსიქოლოგების აზრით, პრობლემების ძირითადი არსი სოციალურ გარემოსთან და და ურთიერთობის სიმწირესთან არის დაკავშირებული. ამიტომ მოზარდებს უჭირთ იმ პრობლმების გადალახვა, რომლებიც ცხოვრების გზაზე ხვდებათ. ფსიქოლოგები მშობლებს შვილებთან უფრო აქტიურ კომუნიკაციას ურჩევენ. მით უფრო, რომ ბოლო წლებში მოზარდების მშობლებს, ინტერნეტ-ბულინგის სახით, ახალი თავსატეხი გამოუჩნდათ.

ცოტა ხნის წინ სოფელ ნატანებში, შანტაჟის გამო, 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღემდე უამრავი ტაბუდადებული თემაა, რომელზეც მოზარდ შვილებს საკუთარ მშობლებთან თუ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საუბარი უჭირთ. დისკრიმინაციული კომენტარების ადრესატები უფრო ხშირად კვლავ გოგონები არიან. ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტის მიმართ, თუმცა ფაქტია, რომ სექსუალურ ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი დღემდე მტკივნეულ საკითხად რჩება.

ექიმ ფსიქოთერაპევტის, ლიკა თუშიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა მოზარდების მომართვიანობა სექსუაური ხასიათის ინტერნეტ ბულინგის მიზეზით. ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა მშობლებმა შვილებს სექსუალურ განვითარებაზე ინფორმაცია დროულად მიაწოდონ.

"უკონტროლო ინტერნეტ-ინფორმაციის ეპოქაში ბავშვებსა და მოზარდებს, ასაკის შესაბამისად, სწორი სექსუალური განვითარების შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მშობლებმა ან ოჯახის წევრებმა უნდა მიაწოდონ. მართებული იქნება, თუ თვითონ მშობლები კარგი ლიტერატურით იქნებიან ინფორმირებულნი, ბავშვის სექსუალური განვითარების თაობაზე, ან კომპეტენტურ სპეციალისტებთან გაივლიან კონსულტაციას. მოზარდსა და მშობელს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთობა, რაც მოიაზრებს წარმატებულ ვერბალურ და არავერბალური კონტაქტს. კარგი ურთიერთობის არსებობის პასუხისმგებლობა მშობელსა და მოზარდს შორის, რა თქმა უნდა, მშობელს ეკისრება. კარგი ურთიერთობის შექმნის პროცესი იწყება ადრეულ ბავშვობაში და წლების განმავლობაში გრძელდება. მშობელმა საკუთარ შვილს უნდა გამოუმუშაოს უნარი, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს მშობელს გაუზიაროს, მის ცხოვრებაში შექმნილი სირთულე. პოზიტიური მშობლობა - ეს არის პასუხისმგებლობა, ვალდებულება, რომ საკუთარი შვილი სრულფასოვან პიროვნებად გაზარდოს, რომელსაც ფასეულობათა სწორი სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, აქვს შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარი. ბავშვის სრულფასოვან ან არასრულფასოვან სოციალურ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, მშობლების გარდა, პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენით, უფროსი თაობის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობს, იქნება ეს - პედაგოგი, მეზობელი თუ სხვა", - უთხრა Ambebi.ge-ს ლიკა თუშიშვილმა.

მისივე თქმით, სუიციდალური აზრების პრევენციას წარმოადგენს რწმენა, რომ პრობლემა მოგვარდება და ის მარტო არ არის ამ პრობლემასთან.

"სტრესულ სიტუაციაში მყოფი მოზარდი აღიქვამს - პირველი: შექმნილ პრობლემურ სიტუაციას, როგორც გამოუვალ ჩიხურ მდოგმარეობას და მეორე: მას აქვს რწმენა, რომ ეს პრობემური მდგომარეობა თავად შექმნა და ადანაშაულებს საკუთარ თავს. სუიციდალური აზრების პრევენციას წარმოადგენს რწმენა, რომ მოგვარდება პრობლემა და ის არ არის მარტო ამ პრობლემასთან მიმართებაში. სწორედ ამ დროს, თუ მოზარდს აქვს გამომუშავებული უნარი, გაუზიაროს შექმნილი რთული მდგომარეობა ოჯახის რომელიმე ჯანსაღად მოაზროვნე უფროსს, რომელიც რა თქმა უნდა, გამოავლენს მხარდაჭერას და იმედს მისცემს მას, რომ ერთად მოაგვარებენ ამ სირთულეს, სავალალო შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი ხდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი ბავშვობიდან შეჩვეულია, რომ ცხოვრებაში შექმნილ სირთულეებთან არის მარტო, ვერ უმკლავდება პრობლემებს და აღიქვამს, რომ ამ შექმნილი სიტუაციიდან არ არსებობს არანაირი გამოსავალი, ადანაშაულებს საკუთარ თავს, მაშინ არის დიდი რისკი, რომ სუიციდალური აზრი გაუჩნდეს.

ბავშვს, მოზარდს უნდა ჰყავდეს ავტორიტეტი, ჯანსაღად მოაზროვნე ზრდასრული ან ოჯახის წევრი, ოჯახის მეგობარი ან პედაგოგი, რომ ნებისმიერ თემაზე შეძლოს მასთან დალაპარაკება. დღეს ძირითადად, მშობლებს არა აქვთ საკმარისი დრო შვილებთან სრულფასოვანი კონტაქტისთვის. მაგრამ თუ საკუთარ შვილს შეამჩნევენ რაიმე ცვლილებას, მაგალითად, უფრო აგრესიული ან ჩაკეტილი გახდა, უმჯობესია, მიმართონ კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტს", - გვითხრა თუშიშვილმა.

ამ მოსაზრებას იზიარებს ფსიქოლოგი მაია ჯიბუტიც, რომელსაც მიაჩნია, რომ სექსუალური განვითარების შესახებ მოზარდების ინფორმირება აუცილებელია. მისივე განცხადებით, მკაცრი და ლიბერალური მიდგომები მშობლების მხიდან შედეგზე ორიენტირებული არ არის.

"რთული ეპოქის წინაშე ვდაგავრთ, მშობლები ძალიან დაკავებულები არიან, ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდანაც არის გასული, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ხშირად მშობლებსა და მოზარდებს შორის ელემენტარული კომუნიკაციაც კი არ არსებობს. ეს კი, რა თქმა უნდა, მათ ურთიერთობაში გარკვეულ ბზარს აჩენს. გარდა ამისა, ზოგ მშობელს ბავშვთან ურთიერთობისთვის საჭირო ცოდნა და განათლება არ აქვს. მშობელი გარკვეულწილად ინფორმირებული უნდა იყოს საკუთარი შვილს ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით. არ შეიძლება 5, 10 და 15 წლის ბავშვს ერთნაირად მოექცე. არსებობენ მკაცრი და ლიბერალური მიდგომის მშობლები, მაგრამ რეალურად არცერთი ეს მიდგომა შედეგზე ორიენტირებული არაა. მშობელი უნდა იყოს ძალიან გახსნილი. მშობლებსა და შვილებს შორის ტაბუდადებული თემა არ უნდა არსებობდეს. მოზარდობის პერიოდი არის ერთ-ერთი ურთულესი ასაკი. ამ ასაკში არ შეიძლება შვილთან მეტისმეტად მკაცრი მიდგომა. რაც უფრო მკაცრად ვექცევით შვილებს, ისინი უფრო გარბიან ჩვენგან.

ამასთან, აუცილებელია სექსუალური განათლება, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს და ეს მხოლოდ ინტმურ კავშირს არ გულიხსმობს. ამაზე თითქმის ყველა მშობელი თანმხდება, მაგრამ არ იციან როგორ უნდა ესაუბრონ, ერიდებათ და ამ საკითხს სკოლას ანდობენ. თუმცა, ვერ ნახავთ საქართველოში მშობელს, რომელიც იტყვის, რომ არ სჭირდება მის შვილს ამ თემაზე საუბარი", - განუცხადა Ambebi.ge-ს ჯიბუტმა.

როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს სექსუალური განათლების მიღებაში? ამ თემასთან დაკავშირებით სექსოლოგი გია ბეროშვილი ბევრი მშობლისა თუ მოზარდისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობს:

- ბიჭის პირველი კავშირი მეძავებთან საქართველოში ყოველთვის გავრცელებული პრაქტიკა იყო... რამდენად გამართლებულია ეს?

- ერთი მხარე არის ფიზიოლოგია და მეორე - მორალი. ნაადრევად სქესობრივი ცხოვრების დაწყება რამე ზიანს ხომ არ მიაყენებს მოზარდსო, უკითხავთ. როდესაც 15 წლის მამაკაცს უნდა სქესობრივი ცხოვრების დაწყება, დაიწყოს, კი ბატონო. მეძავთანაც წავა, თუ ამის საშუალება აქვს, რა პრობლემაა? – არსებობს ეს პროფესია უხსოვარი დროიდან, რასაც პროსტიტუცია ჰქვია... რეკომენდირებული არ არის, პირველი სქესობრივი კავშირი 13-14 წლის ასაკში მოხდეს. სქესობრივ ცხოვრებას აქვს გარკვეული მნიშვნელობა და შეიძლება მთელი ცხოვრება დაღდასმული დარჩეს, თუ ყველაფერი ისე ვერ გამოვიდა, როგორც მას ჰგონია. რაც შეეხება, არის თუ არა რისკი მეძავთან, რომ შეიძლება ბევრი დაავადება დაემართოს მოზარდს, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ მეძავთან, არამედ იმ ადამიანებთან, რომლებიც "პატიოსან" ცხოვრებას ეწევიან. ამისთვის არსებობს დაცვის საშუალება, რომელსაც "პრეზერვატივი" ჰქვია!

- გინეკოლოგებს ინტერვიუში უთქვამთ, რომ ბევრი მოზარდი ეწევა სქესობრივ ცხოვრებას და ამას მშობლებს უმალავს. რა შეგიძლიათ უთხრათ და ურჩიოთ მოზარდებს, რომლებიც ადრეულ ასაკში აპირებენ პარტნიორის გაჩენას?

- გოგონებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად დაფიქრდნენ, თუ რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს! ნაადრევ სქესობრივ კავშირებს შეიძლება მოჰყვეს ფსიქოტრავმა. მნიშვნელობა აქვს, რა ნიადაგზე გადადგა ეს ნაბიჯი - სიყვარული იყო, ვნება, უმწეო მდგომარეობაში ყოფნა თუ სხვა რამ... პირველ სქესობრივ კავშირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვურჩევ, მაქსიმალურად მოემზადოს და მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებული იყოს პირველი სქესობრივი კონტაქტი.

- რამდენად უწყობს ხელს ნაადრევი სქესობროვი ცხოვრების დაწყებას თამამი სცენების მომრავლება ჩვენს ეკრანებზე?

- ეს გარკვეულწილად ისეა, ლოთი რომ არყის ბოთლით გააღიზიანო. რას ვიზამთ, ამაზე მედია საშუალებები კარგ ფულს აკეთებენ. მხოლოდ ტელევიზიებს ნუ დავაბრალებთ, ინტერნეტიც ჩაერთო ამ საქმეში. ამის გაკონტროლება ვერაფრით ხერხდება. მთელმა მსოფლიომ სცადა და არაფერი გამოვიდა. მხოლოდ ჩვენი უბედურება არ არის, ასეა ყველგან და მდარე ხარისხის ფილმებში უზარამაზარი ფული იშოვება.

- მამები ამტკიცებენ, რომ ბიჭი ჯობია გამოცდილ, თუნდაც მეძავთან მოხვდეს პირველი ურთიერთობისას. დედები კი მომხრეები არიან, რომ პირველად მასთან მოხვდეს, ვინც უყვარს. სინამდვილეში როგორ ჯობია?

- მე ვურჩევდი ჩვენს ახალგაზრდობას, რომ წაიკითხონ მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე". მიხეილ ჯავახიშვილი შესანიშნავი მწერალია! ყურადღება მიაქციონ, თუ ვისთან ჰქონდა პირველი სქესობრივი კავშირი კვაჭის... ჩვენ რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ ჩვენს შვილებს, მოზარდების მართვა რთულია. საერთოდაც კი ვეთანხმები მამებს იმ მხრივ, რომ ჯობია პირველი სქესობრივი კონტაქტი უფრო კომპეტენტურ ადამიანთან ჰქონდეს. თუმცა ასეთი მოსამსახურე პერსონალი სანთლით საძებარია. ვინც უყვარს, მასთან რომ მოხვდეს პირველად, ერთიც გამოუცდელი იქნება, მეორეც და მხოლოდ სერიალებიდან მიღებული გამოცდილება ექნებათ. ამიტომაც ვამბობ, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ. მე არ ვამბობ, რომ სექსუალური ტიპის განათლება უნდა შევიტანოთ სკოლაში, მაგრამ - ოჯახის შექმნა, ადამიანის ფსიქოლოგია, ფიზიონომია, როდის უნდა დაიწყოს სქესობრივი ცხოვრება - ეს სახელმძღვანელოს სახით უნდა მიეწოდებოდეს სასურველია 10-12 წლიდან. დამიჯერეთ ამ სახელმძღვანელოს უფრო ისწავლიან მოზარდები, ვიდრე ფიზიკას თუ სხვა საგანს...

- რამდენად მნიშვნელოვანი პირველი პარტნიორი და რამდენად ახდენს ეს გავლენას მომავალ სქესობრივ ცხოვრებაზე?

- ძალიან მნიშვნელოვანია! სად და როგორ ტარდება, ადამიანი გიყვარს თუ არა, ყველაფერს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა! როგორც წესი, ბევრ რამეს არ ითვალისწინებენ და შემდეგ უამრავ ფსიქოტრავმას იღებენ. შეიძლება მოხდეს არასასურველი ორსულობა, ბიჭმა გოგონას ინფექციები გადასცეს და ასე შემდეგ.

ავტორები:

მანანა გაბრიჭიძე