ავტორი:

როგორ ცხოვრობენ უკრაინაში ქართველი მებრძოლები და ვინ გაუშვა ისინი "სასიკვდილო დავალებაზე" - "რამდენიმე ქართველმა გვიღალატა..."

როგორ ცხოვრობენ უკრაინაში ქართველი მებრძოლები და ვინ გაუშვა ისინი "სასიკვდილო დავალებაზე" - "რამდენიმე ქართველმა გვიღალატა..."

უკვე 4 წელია უკრაინაში, რუსულ-უკრაინული ომის ფრონტის ხაზზე, ქართველებიც იბრძვიან. ქართველი სამხედროების რაოდენობა მეგობარ ქვეყანაში წლების წინ ორ ასეულს შეადგენდა, დღეს კი მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია და მხოლოდ რამდენიმე ათეულს შეადგენს.

"რისთვის ჩამოხვედით?!"; "უკრაინის ჯარი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი დახმარება?!" - უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი, ოთხი წლის შემდეგ ადგილობრივ თავდაცვის უწყებას დისკრედიტაციასა და დევნაში ადანაშაულებს. უფრო მეტიც მათი თქმით, ქართველი სამხედროების მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურების ხელშია.

ქართული ლეგიონის უფროსის მამუკა მამულაშვილის თქმით, გენშტაბის ხელმძღვანელმა ბრძანება გასცა და ფრონტის ხაზზე ტყვიების გასროლა აკრძალა, არადა მეორე მხარე კვლავ აგრძელებს სროლებს. მამულაშვილის თქმით, მებრძოლებისთვის უცნობია რას ემსახურება ეს ბრძანება. აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვრების დასაცავად ქართველი სამხედროები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მადლობის ნიშნად რამდენიმე სამხედრო პირს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 3-წლიანი კონტრაქტიც კი გაუფორმა. თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევა, იქ მყოფ ქართველებზე პოლიტიკური დევნა დაიწყო.

"პოლიტიკურ ბრძოლაში" ომში მებრძოლი ქართველებიც მოხვდნენ, რომლებიც ამაზე ახლა ღიად საუბრობენ. სამხედროები, რომლებიც რუსულ-უკრაინული ომის ფრონტის ხაზზე, ურთულეს ოპერაციებში მონაწილეობენ, სეპარატისტებმა ძებნილებად გამოაცხადეს და მათ დასაკავებლად ჯილდოა დაწესებული.

ქართული ლეგიონის მეთაურს ეჭვი აქვს, რომ მონაცემებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გაჟონა და რუსული სპეცსამსახურების ხელში ქართველი მებრძოლების პერსონალური მონაცემები მას შემდეგ მოხვდა, რაც ჯარისკაცები მეთაურს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შემდეგ, ქართველმა სამხედროებმა ბრიგადა დატოვეს და საბრძოლველად თავდაცვის სამინისტროს სხვა ბატალიონში გადავიდნენ.

ქართველი სამხედროები ამბობენ, რომ ეს ღალატია და მონაცემების გადაგზავნის შემდეგ, რუსეთი მათზე ნადირობის სეზონს გახსნის. მამუკა მამულაშვილი ყვება, რომ ქართულ ლეგიონს შეუსრულებელი დავალება მისცეს, რომელზე წასვლის შემთხვევაშიც, ვერც ერთი მონაწილე ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

"ეს ყველაფერი დაახლოებით იმ პერიოდიდან მოდის, როდესაც სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბატალიები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკასთან შეხება არ გვქონია, მაინც ცდილობენ ქართველების დისკრედიტაციას. საბოლოოდ ეს გამოუვიდათ, ბრიგადის მეთაურმა რამდენიმე ჯარისკაცი პროვოკაციულ დავალებაზე გაუშვა, რის შემდეგაც ჩვენ გადავწყვიტეთ სხვა ბრიგადაში გადასვლა და აქედან დაიწყო პრობლემები და დღემდე გრძელდება.

ცოტა ხნის წინ 5 ქართველ მებრძოლს, რომლებსაც 3-წლიანი კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე კონტრაქტი გაუწყვიტეს. სამწუხაროდ, როდესაც ბრიგადა დავტოვეთ, რამდენიმე ქართველმა გვიღალატა - უკრაინელ მეთაურს დაუჭირეს მხარი. მიემხრნენ გენერალს, რომელიც ქართველების დიკსრედიტაციას 2015 წლიდან ცდილობს. ეს არის სერგეი ნაევი, რომელიც ასრულებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებებს.

რამდენიმე კვირაა დაინიშნა გაერთიანებული ძალების სარდლად. ბევრის აზრია, რომ ეს ადამიანი არის სეპარატისტი - მისი ოჯახი ცხოვრობს ყირიმში, მისი ძმა კი რუსებთან მუშაობს. ეს ადამიანი ფლობს სამხედრო საიდუმლოებებს. უბრალოდ პარადოქსია, რომ ასეთი ადამიანი დანიშნეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე", - უთხრა AMBEBI.GE-ს მამულაშვილმა.

ქართული ლეგიონის მებრძოლი გელა ბეგლარაშვილი ერთ-ერთია ვისაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 3-წლიანი კონტრაქტი მოულოდნელად გაუწყვიტა. ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს უკავშირდება ქართველების დევნას და არა მის პროფესიონალიზმს.

"ვიმყოფებოდით მორიგ ოპერაციაზე, როდესაც მოვბრუნდით ბრიგადის იურისტმა დაგვიბარა და გვითხრა, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა პოზიციები და დავბრუნებულიყავით უკან ბაზაზე. მიზეზის კითხვისას განგვიმარტა, რომ გენშტაბიდან დაუკავშირდნენ და ზეპირი ბრძანება იყო გაცემული უშუალოდ მეთაურისაგან. ეს იყო ერთი მორიგი დავალება, რასაც თითქმის ყოველდღე ვასრულებდით, მაგრამ ჩვენი გამოშვება დავალებას არანაირად არ უკავშირდება" - გვითხრა ბელგარიშვილმა.

ქართული ლეგიონის უფროსის თქმით, მათი ნაწილი კიევის ლოჯისტიკურ ბაზაზე „დაბანაკდა“, სადაც ჯარისკაცისთვის შესაფერისი პირობები არ აქვთ:

"ამჟამად ვიმყოფებით კიევის ლოჯისტიკურ ბაზაზე უბრალოდ ადგილი მოგვცეს რომ განვთავსდეთ. ვცდილობთ დავუბრუნდეთ სამხედრო სამსახურს. ახლა ვართ ლოდინის რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპაერაკებები" - გვითხრა მამულაშვილმა.

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ ჩიხელიძე კი ქართველების დევნას და დისკრედიტაციას კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და უხარია უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში რომ ეხმარება.

"ძალიან კარგი პირობები გვაქვს საჭმელი, სასმელი, ფორმა და აღჭურვილობა. ყველაფერი გვაქვს რაც შეიძლება ჯარისკაცს სჭირდებოდეს. არანაირი პრობლემები ჩვენ არ შეგვქმნია. პირიქით მადლობს გვიხდიან დახმარებისთვის. ქართველი, რომელიც ნორმალურად მსახურობს და ასრულებს ყველა იმ წესდებას, რომელიც დაწერილია, პრობლემები არ ექმნება. არავისი დისკრედიტაცია და დევნა არ ხდება. გარდა რამდენიმე ჯარისკაცისა, რომლებმაც ყველა კანონი დაარღვიეს და ახლა მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლი 25 გრადუს ყინვაში საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით, სადღაც ტყეში სცემეს და ისე დააგდეს. მადლობა ღმერთს ამ ადამიანმა შეძლო მანდედან გამოღწევა. 2 თვე იწვა საავადმყოფოში მკურნალობდა, გადარჩა. მაგრამ ბუნებრივია დანაშაულში მონაწილე პირებს მოძებნიან და დაიჭერენ. ამიტომაც მიმდინარეობს ზოგიერთ ქართველზე სისხლის სამართლის დევნა. ხოლო კონტრაქტი იმიტომ შეუწყვიტეს, რომ ქვედანაყოფის მეთაურობა მოატყუეს" - განუცხადა AMBEBI.GE-s ჩიხელიძემ.

ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომს 12 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.