ავტორი:

როგორ გროვდება თირკმელში კენჭები და რა თანამედროვე მეთოდებით შლიან მათ - უროლოგ გურამ ქარაზანაშვილის რეკომენდაციები

როგორ გროვდება თირკმელში კენჭები და რა თანამედროვე მეთოდებით შლიან მათ - უროლოგ გურამ ქარაზანაშვილის რეკომენდაციები

ადამიანების უმეტესობა თირკმელში კენჭს უჩივის და როგორც ამბობენ, ამ ყველაფრისგან გამოწვეული ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. იმისთვის, რომ ამ მძიმე მდგომარეობას ავცდეთ, უნდა ვიცოდეთ, რატომ ჩნდება კენჭები თირკმელში და რა თანამედროვე მეთოდებს იყენებენ მათ დასაშლელად - ამ თემაზე გვესაუბრება უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გურამ ქარაზანაშვილი:

თირკმელში კენჭის გაჩენას მრავალი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედება განაპირობებს და ეს ფაქტორებია:

  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • ენზიმოპათიები;
  • კლიმატური და გეოქიმიური პირობები;
  • კვების თავისებურებები;
  • სასმელი წყლის ქიმიური შედგენილობა;
  • თირკმელებიდან და საშარდე სისტემიდან შარდის ევაკუაციის დარღვევა;
  • ანთებითი პროცესები თირკმელებში და სხვა.

ჩამოთვლილი მიზეზების გავლენით თირკმლის მენჯ-ფიალებში დაგროვილი მარილის კრისტალები იკვრება და კენჭად იქცევა. კენჭის ზომა მერყევია - არსებობს როგორც მილიმეტრიანი დიამეტრის, ისე მარჯნისებრი კენჭები. ეს უკანასკნელი ერთგვარად ამოავსებს თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას. პატარა კენჭი უფრო მოძრავი და შემაწუხებელია, ხოლო დიდი, თუ თირკმელი ინფიცირებული არ არის, მრავალი წლის განმავლობაში არანაირად არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას.

თირკმლის ჭვალი

კენჭმა შეიძლება მდებარეობა შეიცვალოს ან სულაც შარდსაწვეთს გამოჰყვეს და ორგანიზმიდან გამოვიდეს. ეს პროცესი, ანუ თირკმლის ჭვალი, მეტად უსიამოვნოა. კენჭის დაძვრა შეიძლება გამოიწვიოს: უხერხულმა მოძრაობამ, რყევამ, დიდი ოდენობით სითხის მიღებამ და ა.შ.

თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი ტკივილი წელის არეში, რომელიც საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ გადაეცემა. ვითარდება გულისრევა, ღებინება, ნაწლავების გარდამავალი პარეზი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა. პაციენტი ვერ ისვენებს, ცდილობს, იპოვოს მოხერხებული პოზა. მძიმე ჭვალის დროს შესაძლოა იკლოს შარდის ოდენობამ. არ არის გამორიცხული არც შარდვის შეწყვეტა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, მაღალი სიცხე.

თირკმლის ჭვალის დროს იღებენ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელ, სპაზმოლიზურ, არსტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მაგრამ თვითმკურნალობა სასურველი არ არის! უმჯობესია, სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ.

მცირე ზომის კენჭები, ჩვეულებრივ, მედიკამენტური მკურნალობის შედეგად ან სულაც დამოუკიდებელად ტოვებს ორგანიზმს, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს, დატოვა თუ არა კენჭმა საშარდე სისტემა.

რა გართულებებს იწვევს

იმ შემთხვევაში, თუ კენჭი ორგანიზმში რჩება, სერიოზული გართულებები მოსალოდნელია, კერძოდ:

მწვავე ან ქრონიკული კალკულოზური პიელონეფრიტის ანუ თირკმლის ბაქტერიული ანთების განვითარება, რაც თირკმლის ან თირკმლების დაკარგვის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს; თირკმლის ჰიდრონეფროზი, ანუ თირკმლიდან შარდის ევაკუაციის დარღვევის შედეგად, დროთა განმავლობაში ხდება თირკმლის ქსოვილის განლევა და მისი გადაქცევა უფუნქციო, სითხოვან გარსად; თირკმლების მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის განვითარება და ხელოვნური თირკმლის გამოყენების ან თირკმლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტირების ყველაზე მარტივი, არაინვაზიური (უსისხლო) და ხელმისაწვდომი მეთოდია ულტრაბგერითი კვლევა ანუ ექოსკოპია, თუმცა შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო რთული რენტგენოლოგიური კვლევები ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

კენჭების დაშლის თანამედროვე მეთოდები

დისტანციური ლითოტრიფსია წარმოადგენს კენჭების დისტანციურად დაშლას. ამ მეთოდით მკურნალობისას კენჭი იშლება მასზე მიმართული ძლიერი ენერგეტიკული დარტყმებით. კენჭის ადგილმდებარეობა ფიქსირდება რენტგენით და ექოსკოპიის მეშვეობით. სპეციალური გენერატორის ანუ ლითოტრიფორის მიერ წარმოქმნილი იმპულსები ფოკუსირდება საშარდე გზებში არსებულ კენჭზე. კენჭი იშლება სხვადასხვა სიდიდის ფრაგმენტებად, რომლებიც ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით შარდთან ერთად გამოიყოფა.

  • დისტანციური ლითოტრიფსიის ნაკლოვანებები:
  • ზოგჯერ დისტანციური ლითოტრიფსიით დაშლილი კენჭის ფრაგმენტების გამოყოფა დამატებით პრობლემებს უქმნის პაციენტს.
  • გარდა ამისა, თავად ლითოტრიპტორის მიერ წარმოქმნილი იმპულსები იწვევს თირკმლის ტრავმირებას და თირკმლიდან სისხლდენას.

ძალიან ხშირად კენჭის დასაშლელად არ არის საკმარისი დისტანციური ლითოტრიფსიის ერთი სეანსი. ლითოტრიფსიის განმეორებითი სეანსები დროში იწელება, დამატებითი დისკომფორტებს იწვევს, ადამიანი წყდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს, იზრდება ფინანსური დანახარჯები და ა.შ. ლითოტრიფსიის რაც უფრო მეტი განმეორებითი სეანსია საჭირო, მით უფრო მეტად ზიანდება თირკმელი, თვითოეულ სეანსზე ლითოტრიფტორის მიერ გამომუშავებული ათასობით ტალღა მიედინება თირკმლისკენ და ზოგჯერ ეს თირკმლის სერიოზული დაზიანების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ზემოაღნიშნული პრობლემების გამო უკანასკნელ წლებში კენჭების დაშლის ენდოსკოპური მეთოდების პოპულარობა მატულობს. კენჭების დასაშლელად დღეს ახალი თაობის ვიდეოენდოსკოპები გამოიყენება. პროცედურა რენტგენ-საოპერაციოში ტარდება. რენტგენის აპარატი საჭიროა ენდოსკოპის ორგანიზმში გადაადგილების კონტროლისათვის. თანამედროვე ციფრული რენტგენების გამოყენებით დასხივების დოზა არის მინიმალური, ხოლო ვიზუალიზაცია - საუკეთესო.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილია ერთჯერადი, უნატიფესი ვიდეო-ენდოსკოპები, რომლითაც საშარდე მილის და შარდის ბუშტის გავლით შესაძლებელია შარდსაწვეთში (ანუ თირკმლიდან გამომავალ წვრილ სადინარში) და თირკმელში შეღწევა. ამ მაღალტექნოლოგიური ერთჯერადი ინსტრუმენტით შესაძლებელია თირკმლის ყველაზე მიუწვდომელი კუთხე-კუნჭულების დათვალიერება, ციფრული ვიდეოკამერის საშუალებით კი იქ უწვრილესი ზომის კენჭების აღმოჩენა. კენჭების გამოსახულების ვიდეომონიტორზე გადიდების შემდეგ, ერთჯერადი ენდოსკოპის წიაღში არსებული არხის გავლით, უძლიერესი ლაზერის სხივის მიყვანა კენჭამდე და მისი ფხვნილად ქცევა.

პროფილაქტიკა

კენჭის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესწავლილი იყოს მისი ჩამოყალიბების ყოველი შესაძლო მიზეზი, მოწესრიგდეს დიეტა თუ მედიკამენტების მიღება, ლიკვიდირებულ იქნას საშარდე გზების ინფექცია. განმეორებითი კენჭწარმოქმნის საუკეთესო პროფილაქტიკაა ჰიპერჰიდატაცია, ანუ სასმელი წყლის ჭარბად მიღება. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია