ირანში, ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმზე მომხდარი თავდასხმის დროს სულ მცირე 24 ადამიანი გარდაიცვალა, 53 კი დაშავდა, ინფორმაციას ირანულ სააგენტოზე - IRNA დაყრდნობით CNN ავრცელებს.
გარდაცვლილებსა და დაჭრილებს შორის არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები და ჟურნალისტები, რომლებიც აღლუმს ესწრებოდნენ.
„ტერორისტებმა სროლა დიდი დისტანციიდან დაიწყეს, ამ დროს კი პარკში შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამოქალაქო პირები აღლუმს ადევნებდნენ თვალს,“ - აღნიშნავს ირანული სააგენტო MEHR.
სამი თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს, ერთი კი დააკავეს.
ნახეთ ვიდეო : ვიდეოჩანაწერში ირანში სამხედრო აღლუმის დროს მომხდარი ტერაქტის პირველი წამები ჩანს
მომხდარზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა ჯგუფმა „პატრიოტულმა არაბულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ აიღო. IRNA წერს, რომ ჯგუფი „გარეშე მტრებისგან“, მათ შორის - საუდის არაბეთისგან ფინანსდება.
ირანში ერაყთან 8 წლიანი ომის დასრულებიდან 30 წლისთავი აღინიშნება, აღლუმი აჰვაზშიც სწორედ ამ ზეიმის ნაწილი იყო.