ავტორი:

ორი უვადო პატიმრის უპრეცედენტო საქმე - მსჯავრდებულები საეჭვო განაჩენების გადასინჯვას მოითხოვენ

ორი უვადო პატიმრის უპრეცედენტო საქმე - მსჯავრდებულები საეჭვო განაჩენების გადასინჯვას მოითხოვენ

საქართველოში 75-მდე უვადო პატიმარია. ბევრი მათგანის ისტორია უამრავ პასუხგაუცემელ კითხვასა და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს შეიცავს. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილები მიიჩნევენ, რომ მათი სასჯელი სიკვდილის შენელებული ფორმაა, ვინაიდან არ გააჩნიათ არც გათავისუფლების იმედი და არც საამისო რეალური სამართლებრივი მექანიზმი.

დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებიც, რომელთაც სასჯელი შეუმცირდათ.

რა ვითარებაა უვადო პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საქართველოში და რამდენად სამართლიანია სახელმწიფოს მიდგომა მათ მიმართ? - უვადო პატიმრების ისტორიები, რომლის შესახებაც AMBEBI.GE გიამბობთ, ამ შეკითხვებს თავად გასცემენ პასუხს.

უვადო პატიმრობა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით

მსჯავრდებულ მალხაზ თალაკვაძეს, უვადო პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მიესაჯა. რეალურად კი, მოქმედი კანონმდებლობით ბრალდება 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, თალაკვაძე წყალტუბოში მაღაზიებისა და აფთიაქების ქსელს ფლობდა. სწორედ ბიზნესინტერესებს უკავშირებენ მსჯავრდებული და მისი უფლებადამცველები ბიზნესმენის დაკავების ფაქტს. 2005 წელს მის ბინაში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმი ამოიღო. ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღიც.

ვინაიდან მალხაზ თალაკვაძის მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტი არ ფიქსირდებოდა, ის მხოლოდ შეძენა-შენახვის მუხლით გაასამართლეს. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დანაშაული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილს მიეკუთვნება და 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ე.ი. მოქმედი კანონმდებლობით, მალხაზ თალაკვაძე მინიმუმ 4 წლის გათავისუფლებული უნდა იყოს.

მსჯავრდებული 2014 წელს ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში მისი სპეცოპერაციით აყვანის ფაქტს ასე იხსენებდა:

"დილის 5 საათზე სახლში თავს დამესხნენ სპეცრაზმელები. თბილისისა და ქუთაისის სოდ-ის ერთობლივ სპეცოპერაციას სოდ-ის იმჟამინდელი უფროსი, ერეკლე კოდუა და მისი მოადგილე, კახა მისირელი ხელმძღვანელობდნენ... პოლიციელებმა "კალაშნიკოვი" ჩადეს ბავშვის პატარა კარადაში, სადაც ტანსაცმელი ეკიდა. ავტომატი არ ეტეოდა, ამიტომ პალტოების ჩამოსაკიდი მოამტვრიეს და იარაღს ქურთუკები მიაყარეს. იქვე ჩადეს ერთი მჭიდი და 30 ცალი ვაზნა. სახლს 3 საათს ჩხრეკდნენ.

კოდუამ ჰკითხა პოლიციელებს - რა ქენითო? როცა უთხრეს, - არაფერიაო, მან მიუთითა, - საქმეს მიხედეთო. მივხვდი, ახალ სიურპრიზს მიმზადებდნენ. მართლაც, ბავშვის საწოლ ოთახში შევიდნენ და ტუმბოზე ზემოდან ოპიუმი დაყარეს. ოქმში ჩაწერეს, ვითომ ტუმბოში ნახეს 44 თეთრ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული შავი, პლასტილინისმაგვარი ნივთიერება. გინება და ჩხუბი დავიწყე: რატომ მღუპავთ, ამას რატომ აკეთებთ-მეთქი? სასამართლოზე წამლის ჩამდებს მოწმემ ხელიც დაადო. რვა მოწმე (მეზობლები) ადასტურებს, რომ ნარკოტიკი ჩამიდეს (40 გრამი გადაუმუშავებელი ოპიუმი, საბოლოოდ, 1,5 გრამია). თავიანთი ჩადებული ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მუხლი წამიყენეს და უვადო პატიმრობა მომისაჯეს. არ არსებობს პრეცედენტი, პირადი მოხმარება-შეძენისთვის ვინმესთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ. ჩხრეკის ოქმზე ჩემს ნაცვლად გამომძიებელმა, კახა ბადაშვილმა მოაწერა ხელი, ალტერნატიულმა ექსპერტიზამ კი დაასკვნა, ხელმოწერა გაყალბებული რომ იყო.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 13 წლის ქალიშვილი ლამის გამიგიჟეს. კოდუას ბრძანებით, მის თვალწინ დამიწყეს გინება და ცემა - ხელებშეკრული დამაგდეს ძირს და 2 საათის განმავლობაში მირტყამდნენ წიხლებსა და ავტომატის კონდახს" - იხსენებს თალაკვაძე "გზასთან" ინტერვიუში.

სად გაქრა მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმე?

გოგიტა მჭედლიშვილი ოცი წელია სასჯელს რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში იხდის. 1998 წელს, 23 წლის ასაკში, საბჭოთა სსკ-ით გაასამართლეს, რაც მოქმედი კანონმდებლობით 109-ე მუხლის მესამე ნაწილს შეესაბამება (ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობა) და თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს. ბებიისა და ორი შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის საქმე ფაქტობრივად უპრეცედენტოა, ვინაიდან პატიმარი სასჯელს ისე იხდის, რომ არ არსებობს მისი ბრალდების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი - არ არსებობს მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმე.

2002 წელს მჭედლიშვილის ადვოკატებმა საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო უზენაეს სასამართლოს მიმართეს და საქმის გადასინჯვა მოითხოვეს. უწყებამ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმის ხელახალი განხილვის გადაწყვეტილებასთან ერთად თავად საქმის მასალები პროკურატურას გადასცა. როდესაც მსჯავრდებულის უფლებადამცველებმა პროკურატურას მიმართეს და დოკუმენტები მოიკითხეს, აღმოჩნდა, რომ საქმე არ არსებობდა.

2006 წლის 14 ივლისს გენერალურ ინსპექციში საქმის მასალების გაქრობის ფაქტზე გამოძიება დაწყო. სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქმე კვლავ ძიებაშია, თუმცა ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რისი მოპოვებაც ამ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება. უწყება სხვა კომენტარს არ აკეთებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი დიმიტრი ნოზაძე, რომელიც მსჯავრდებულ მჭედლიშვილის ინტერესებს იცავს, გამოთქვამს ეჭვს, რომ საქმე პროკურატურამ გაანადგურა.

"ეს საქმე გაანადგურა პროკურატურამ, რომ არ გამხდარიყო ნათელი, როგორ უნიჭოდ იყო „შეკერილი“. საქმის მასალებში ჩანდა, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ მაშინ განაჩენი გამოიტანა, იყო ირიბი მოწმის ჩვენება - ერთი ადამიანი აცხადებდა, რომ მას თავად მსჯავრდებულმა უამბო, თუ როგორ დახოცა სამი პირი. ხომ აბსურდია, არა? თანაც მოწმე იმთავითვე აცხადებდა, რომ მას ეს ჩვენება პოლიციამ გაუსაძლისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიაცემინა.

ესეც რომ არ იყოს, როგორც იცით, 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ირიბი ჩვენება არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად და მასზე დაყრდნობით განაჩენის გამოტანა არ შეიძლება. ასე რომ, ეს ადამიანი სასჯელს ფაქტობრივად უსამართლოდ იხდის" - აღნიშნა დიმიტრი ნოზაძემ.

უვადო პატიმრების უფლებებზე საუბრისას მსჯავრდებულთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიდგომა მათ მიმართ დისკრიმინაციულია. ექსპერტები ევროპულ პრაქტიკაზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საქართველომ გადმოიღოს დემოკრატიული ევროპული ქვეყნების გამოცდილება, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება პიროვნების იძულება, სიცოცხლე ციხეში დაასრულოს. რომ ყველა კატეგორიის პატიმარს უნდა მიეცეს ცხოვრების წესის სასიკეთოდ შეცვლის შანსი და არცერთი მათგანს არ უნდა წაერთვას გათავისუფლების იმედი.

„მსჯავრდებულთა იურდიული დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი გია გელაძე, რომელიც თავადაც ყოფილი უვადო პატიმარია, AMBEBI.GE-სთან საუბარში 2012 წლის „ამნისტიის შესახებ კანონის“ იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებმაც უვადო პატიმრები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა.

„მოგეხსენებათ, ამნისტია სსკ-ის ისეთ მძიმე მუხლებს შეეხო როგორებიცაა: 109-ე (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა) და 260-ედა 262-ე მუხლებისმე-3 ნაწილები - ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღება. კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ამ მუხლებით გასამართლებულ პირებს, რომელთაც ვადიანი სასჯელი ჰქონდათ შეფარდებული, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ. ხოლო ზუსტად იმავე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც სასამართლომ რატომღაც უვადო პატიმრობა შეუფარდა, ამნისტია ფიქტიურად კი, მაგრამ რეალურად არ შეეხო.

ანუ სასამართლომ უვადო პატიმრებს განუცხადა, სასჯელის 1/4-ით მოგაკლდათ, მაგრამ უვადო უვადოდ დარჩაო. ამგვარი პარადოქსული ფაქტი იმან გამოიწვია, რომ არ იქნა გაწერილი, თუ როგორ მომხდარიყო აღნიშნული ნორმის გავრცელება უვადო სასჯელზე, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნდა" - აღნიშნა გია გელაძემ.

საქართველოს კანონმდებლობით, უვადო პატიმრების სასჯელის გადახედვის ძირითადი და ქმედითი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალებაა. 2014 წლამდე უვადო პატიმრის საქმის ხელახალი განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ მას 25 წელი ჰქონდა მოხდილი, თუმცა ოთხი წლის წინ შეწყალების აქტში ცვლილება შევიდა და აღნიშნული ვადა 15 წლამდე შემცირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან ამ ცვლილებას, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის. საია-ს განცხადებით, ის გარემოება, რომ პრეზიდეტის ბრძანებულებით არ არის დადგენილი კომისიის სავალდებულო შეკრების ვალდებულება და ეს მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეციას წარმოადგენს, მნიშვნელოვანი ხარვეზია.

„ვფიქრობთ, სასჯელის გადახედვის შესაძლებლობის გაჩენა არ უნდა იყოს დამოკიდებული რომელიმე თანამდებობის პირის ან ორგანოს დისკრეციაზე, ეს გარანტირებული უნდა იყოს კანონით. ამგვარად, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სისხლის სამართლის კოდექსში“ - მიიჩნევენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ვიდრე სახელმწიფო ძირეულად შეიცვლის მიდგომას მსჯავრდებულთა მიმართ და გაიაზრებს, რომ პატიმრებსაც, ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებს, გააჩნიათ უფლებები, რომელთა დაცვის გარანტიები სწორედ სახელწიფომ უნდა შექმნას, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილები იმედის ნაპერწკალს ინარჩუნებენ და ბოლო ხავსს ებღაუჭებიან - მათ „ამნისტიის შესახებ კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. პარლამენტის წინააღმდეგ დავა დღემდე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ კი სასამართლო ამ კანონს დისკრიმინაციულად მიიჩნევს და მასში ცვლილების შეტანას დაავალებს, ისინი მზად არიან შესაბამისი ცვლილებების გატარებაზე იმუშაონ.

ავტორი: თინათინ ზვიადაძე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები