ავტორი:

ლეგენდა კვიპროსში მდებარე ქართულ მონასტერზე - "მეშვიდე ბერი გაქცეულა, კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს..."

ლეგენდა კვიპროსში მდებარე ქართულ მონასტერზე - "მეშვიდე ბერი გაქცეულა, კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს..."

კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ისტორიული ქალაქის, პოლის ქრისოქოსის მახლობლად, ტყეში ღალიას (ჟალიას) მონასტერი მდებარეობს. მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა, ქართველი ხელოვნების ისტორიკოსმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ.

ქართული სულიერებისა და კულტურის ეს უძველესი კერა რამდენჯერმეა მოხსენიებული ძველ ქართულ წერილობით წყაროებში, რომელთა შორის უძველესი XI-XII საუკუნების მიჯნით თარიღდება. ღალიას მონასტერში, მისი არსებობის დასასრულამდე, ქართველი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობდნენ.

სავარაუდოდ, მონასტერმა არსებობა XVI საუკუნის ბოლოს, ოსმალთა მიერ კვიპროსის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ღალია გაიძარცვა და ნანგრევებად იქცა. ადგილობრივებმა შემოინახეს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, 1571 წელს, კვიპროსის დაპყრობის შემდეგ, ოსმალთა რაზმს დაუკავებია ღალიაც, სადაც ექვსი ქართველი ბერი წამებით დაუხოცავთ. მეშვიდე ბერი გაქცევიათ, ფრიალო კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს. შეშინებული მდევრები უკან დაბრუნებულან, ქართველ ბერს კი ქოხი აუშენებია და ღრმა სიბერემდე იქ უცხოვრია.

ამ სასწაულის ადგილს, დღემდე „ბერის ნახტომს“ უწოდებენ. მორწმუნეებში შემორჩა ლეგენდა მონასტრის წისქვილის შესახებ, რომელიც მხოლოდ მონასტრის საფქვავს ფქვავდა და თავისით ჩერდებოდა, როგორც კი სხვისი მარცვლეული აღმოჩნდებოდა ხვიმირში.

მონასტრის სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური შესწავლის იდეა 2001 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კვიპროსში ვიზიტის დროს გაჩნდა. მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე, ქართველი არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, მხატვარ-რესტავრატორები, ანთროპოლოგები, ტოპოგრაფები, გეოლოგები, კონსტრუქტორები წლების მანძილზე მუშაობდნენ ძეგლის გაწმენდისა და კონსერვაციისთვის.

პროექტში ატიურად იყო ჩართული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. ძეგლის არქეოლოგიურ-კვლევითი სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა მხარემ, ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

გათხრების დროს აღმოაჩინეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც არაუგვიანეს, 1000 წლით თარიღდება. ამჟამად ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი და მასში შემავალი წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნანგრევებისგან სრულად გაიწმინდა. აღდგენილი მონასტერი ტურისტულ რუკაზეც არის დაფიქსირებული.

მონასტერი საფუძვლიანად შეაკეთებინა თამარ მეფემ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთხელ განახლებულა მე-13-14 საუკუნეების მიჯნაზე. აღმოჩენილია მე-13-14 საუკუნეების ქართული ფრესკები და წარწერები, საყოფაცხოვრებო და რელიგიური დანიშნულების სხვადასხვა ნივთი.

ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულია ქართულ-ინგლისურ-ბერძნულენოვანი საინფორმაციო დაფა, აღმართულია საქართველოსა და კვიპროსის სახელმწიფო დროშები, ნებისმიერი ქვეყნის დელეგაციის სტუმრობისას კი ჟღერს საქართველოს ჰიმნი და ქართული საგალობლები. ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ მონასტერში ადის მოსალოცად, ღამეს ათევს, მონაწილეობს ქართველ მღვდელმსახურთა მიერ ჩატარებულ საეკლესიო მსახურებაში.

კვიპროსის ხელისუფლებამ ქართველთა ისტორიული ღვაწლის აღსანიშნავად, საქართველოს სახელმწიფოს, ღალიას სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, 13 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა მასზე ეკლესია-მონასტრის ასაშენებლად (მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ღირებულება - 260 000 ევრო, ხოლო საბაზრო - 1.000 000 ევროა). კვიპროსის ხელისუფლებამ საჩუქრის რეგისტრაციაში გატარების თარიღი - 04.01.2018 - სიმბოლურად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღეს დაამთხვია.

"მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში" - გამყრელიძე ბოლო დღეების ეპიდვითარებას აჯამებს

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ თამაში ჩატარდეს მაყურებლის გარეშე", - ამირან გამყრელიძე საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე