ავტორი:

რატომ არ აქვთ ქალებს საკურთხეველში შესვლის უფლება და შეუძლია თუ არა გათხოვება ცოლს, როდესაც ქმარი ბერი ხდება? - პეტრე კოლხი ეკლესიაში ქალის როლზე

რატომ არ აქვთ ქალებს საკურთხეველში შესვლის უფლება და შეუძლია თუ არა გათხოვება ცოლს, როდესაც ქმარი ბერი ხდება? - პეტრე კოლხი ეკლესიაში ქალის როლზე

მართლმადიდებლურ ტაძარში ქალის როლი ვფიქრობ, რომ დაკნინებულია. შესუსტებულია მისი უფლებები, - ეს თუნდაც იმაში ვლინდება, რომ არ შეუძლია საკურთხეველში შევიდეს. ერთადერთი ქალი, ვინც იქ შეიყვანეს, პატარა მარიამ ღვთისმშობელი იყო. მას მერე სხვას არავის მისცემია ამის უფლება.

თუ საეკლესიო წიაღში ქალის შემცირებულ როლს გავყვებით, ამბიონზე ამაღლების უფლებაც მხოლოდ ერთადერთხელ და ისიც ჯვრისწერისას აქვს.

ერთიც, როდესაც ამა თუ იმ ადგილას შევდივართ, ქალებს გზას ყოველთვის მამკაცები გვითმობენ. ეკლესიაში პირიქითაა, ქალები ვუთმობთ მამაკაცებს გზას. ასევეა ჯვარზე მთხვევისას და ზიარების მიღებისას, ბავშვების შემდეგ, მამაკაცები მიდიან...

ეს ის თემებია, რაზეც მიფიქრია და ამ კითხვებზე პასუხი მართლაც მაინტერესებს. რატომ ხდება ასე და რასთან გვაქვს საქმე.

AMBEBI.GE ესაუბრა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, პეტრე კვარაცხელიას, იგივე პეტრე კოლხს.

- მართლმადიდებლურ ტაძარში ქალის როლი ვფიქრობ, რომ დაკნინებულია. ეს თუნდაც იმაში ვლინდება, რომ საკურთხეველში მას არ აქვს შესვლის უფლება. რატომ?

- შეხედულება, რომ თითქოს ქალის უფლება ირღვევა, ისევ საეკლესიო სწავლებიდან ჩანს, რომ არასწორია.

ძველი აღთქმის დანაშაული, ევას მიერ ადამის შეცდენა და ცნობადის ხის ნაყოფის ჭმევა, კაცობრიობას ძვირად დაუჯდა...

ახალ აღთქმაში კი დედა ღვთისმშობელმა მთელი სამყაროს ცოდვები იტვირთა და მხოლოდ შობილი ძის მატარებელი ჭურჭელი გახდა. მარადქალწული მარიამის წიაღიდან იშვა კაცობრიობის მხსნელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, ისევ სამოთხეში დაბრუნებულიყვნენ.

როცა ქალის უფლებების შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს მარიამ მაგდალინელი. მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი პირველი სწორედ მას ეცხადება. დიახ, მარიამ მაგდალინელმა აუწყა ყველას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა!

რას ამბობენ ქალის როლზე წმიდა მამები, რომლებსაც დიდ პატივს სცემს მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესიის მამების დადანაშაულება ქალთმოძულეობაში, დასავლელი ფემინისტებისგან მომდინარეობს, რომლებიც ლათინურ ტრადიციას (ავგუსტინედან დაწყებული, თომა აქვინელამდე და ბონავენტურამდე) უპირისპირდებიან. ფემინისტთა ამ გუნდს ზოგიერთი მართლმადიდებელიც უერთებს ხმას, მაგალითად, ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის სპეციალისტი, ბერძნული წარმოშობის ამერიკელი ევა კატაფიგიოტუ - ტოპინგი და რუმინელი ღვთისმეტყველი ანკა მანოლახი.

მართლმადიდებელ ავტორთაგან ყველაზე სერიოზულად სქესის თემა ეკლესიის ბერძენი მამების შემოქმედებაში დამუშავებული აქვს ვერნა ჰარისონს შრომაში "ქალური და მამაკაცური კაპადოკიელების თეოლეოგიაში". მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ანთროპოლოგიის ფუძემდებლები – კაპადოკიელები: ბასილი კესარიელი (დიდი), გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი) და გრიგოლ ნოსელი, აგრეთვე, მათ შემდეგ, მაქსიმე აღმსარებელი ადასტურებენ, რომ მამაკაცური და ქალური საწყისების განსხვავებულობასთან ერთად, არსებობს კაცობრიობის ონტოლოგიური ერთიანობა, რომელიც ქმნილების თავდაპირველ მდგომარეობაში იდო. ეს ვითარება დაარღვია ცოდვამ, რომელიც, არსებითად, სხვა არაფერია, თუ არა გაყოფა, განცალკევება, მაგრამ ერთიანობა აღადგინა ქრისტემ.

კაპადოკიელების ღვთისმეტყველებას საფუძვლად უდევს ბიბლიის მუხლები: დაბ. 1: 27-28 და გალ. 3: 27-28. "ქალს, ისევე როგორც კაცს, წილად ხვდა პატივი, ღვთის ხატად იყოს შექმნილი. ორივე ბუნება, ქალურიცა და მამაკაცურიც, თანაბრად ღირსეულია", – უპასუხა ბასილი დიდმა ქალს, რომელსაც, როგორც ჩანს, ეს ეეჭვებოდა (“ადამიანის აგებულების შესახებ“, საუბარი 11:18). გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ნათლობისთვის აღვლენილი ხოტბის კომენტირებისას ბასილი ლაპარაკობს ქრისტეს ხატზე, რომელიც ყველა მონათლულში აღიბეჭდება. ეს ხატი ყოველგვარ ეთნიკურ, სოციალურ და სქესობრივ განსხვავებაზე მაღლა დგას, მსგავსად იმისა, "როგორც იმპერატორის პორტრეტში სახის მშვენიერება გარდაქმნის გამოსახულებას და არაარსებითი ხდება, რისგან არის იგი შექმნილი – ოქროსგან თუ ხისგან“ (ტრაქტატი "ნათლობისთვის“, რომელიც ციტირებული აქვს ვ. ჰარისონს). კაპადოკიელ მამათა საღვთისმეტყველო ანთროპოლოგიის ერთგვარ რეზიუმედ შეიძლება მივიჩნიოთ გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები: "ერთი არის მამაკაცისა და დედაკაცის შემოქმედი, ერთია თიხა, ერთია სიკვდილი და ერთი – აღდგომა" (სიტყვა, 37: 6)

- ერთადერთი ქალი, ვინც საკურთხეველში შევიდა, პატარა მარიამ ღვთისმშობელი იყო და მას მერე სხვას რატომ არ აქვს ეს უფლება?

- მართლმადიდებელ ეკლესიას ახსოვს პირველ საუკუნეში დიაკონესები. ანუ ქალი ღვთისმსახურები, რომლებიც შედიოდნენ საკურთხეველში და ალაგებდნენ... ასეთი იყო პეტრე მოციქულის ცხოვრებაში ნახსენები ტაბითა, რომელიც საკურთხეველს ალაგებდა. მისი ბიოგრაფიიდან ვიცი, გარდაიცვალა და პეტრე მოციქულმა მკვდრეთით აღადგინა.

ამასთან დაკავშირებით შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი გამაჩნდეს, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას: თუ დიაკონესები პეტრე მოციქულის დროს არსებობდნენ, რატომ არ შეიძლება, დღესაც იგივე მოხდეს?!

საჭიროა, ეკლესია რეალობაშიც იქცეს იმად, რადაც ის წარმოგვიდგება ღვთის უზენაეს ჩანაფიქრში: რწმენასა, იმედსა და სიყვარულზე დაფუძნებულ თემად, რომელიც აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს - უსასრულოდ თანასწორსა და უაღრესად განსხვავებულ ღვთის ქმნილებებს. იქცეს თემად, რომელიც წმიდა სამების ხატად და მის სადიდებლად იქნებოდა შექმნილი. ასეთია მართლმადიდებლობის დიადი ეკლესიოლოგიური ამოცანა. ახლა საჭიროა მისი გადაყვანა რეალური ისტორიული არსებობის პლანში. ეს ამოცანა ადამიანური თვალსაზრისით განუხორციელებელი ჩანს, მაგრამ ჩვენ მოწოდებული ვართ ამისთვის და გვჯერა ქრისტეს აღთქმისა, რომელიც დაგვპირდა, რომ სულიწმიდას გამოგვიგზავნის: "მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ" (იოან. 16: 13).

- ერთ ასეთ თემასაც მინდა, შევეხოთ, რადგანაც ესეც ქალის უფლებებს ეხება - თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს ოჯახის ყოლის უფლება აქვთ. თუმცა თუ რომელიმე სასულიერო პირმა ბერობა გადაწყვიტა, ის ტოვებს ოჯახს და მიდის მონასტერში. ასეთ დროს ქალს, ანუ მეუღლეს აქვს თუ არა ხელახალი ოჯახის შექმნის უფლება?

- ბერად აღკვეცის შემთხვევაში, ყოფილი მეუღლე თუ თანახმაა, ნება დართოს მის მეორე ნახევარს, წავიდეს მონასტერში და იქ იცხოვროს, მაშინ იმ გვირგვინის ერთგული ბოლომდე უნდა დარჩეს, რომელიც მისი ნებით დაიდგა... ეს უნდა მოხდეს ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით... სხვანაირად, ბერად აღკვეცის უფლება არ მიეცემა, რადგან ის პასუხისმგებელია პირველ რიგში, მისი ოჯახის წინაშე და ხელი არ უნდა შეუწყოს იმას, რომ სხვა მის გამო ცოდვაში ჩავარდეს... თუ ბერად იმიტომ მიდის, რომ ოჯახის პასუხისმგებლობას გაურბის, მაშინ მონასტერში უარესი განსაცდელი შეხვდება... ეს მხოლოდ სულიერ მოთხოვნილებაზე უნდა იდგეს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება!

"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

"დღეს თუ ჩვენი პროფესია არ მოსწონთ, ხვალ არ მოეწონებათ ვიღაცის დაკრული მუსიკა, ქერა თმა... ისინი დგანან ავტორიტარიზმის გზაზე" - ეკა მიშველაძე

"ხათუნას არ დაემართოს და სხვას არაფერს დავეძებ" - რას ამბობს ნინი ქარსელაძე კოვიდინფიცირებული ზურა ხაჩიძის მდგომარეობაზე?