ავტორი:

"ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, ხალხს სისტემის ეშინია" - როგორ ცხოვრობენ ქართველები თურქეთში პოლიტიკური რეპრესიების ფონზე

"ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, ხალხს სისტემის ეშინია" - როგორ ცხოვრობენ ქართველები თურქეთში პოლიტიკური რეპრესიების ფონზე

2016 წლის შემდეგ თურქეთში დაწყებულ მასშტაბურ დაკავებების სერიას ბოლო არ უჩანს. რამდენიმე დღის წინ ანკარას გენერალურმა პროკურატურამ ორგანიზაცია FETO-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, 109 პირის დაკავების ორდერი გასცა.

დაპატიმრებების სერიას ადგილობრივი ბლოგერები "უსასრულოს" უწოდებენ. მათი თქმით, თითქმის მთელი თურქეთის ციხეები სავსეა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებით, სამხედრო პირებით, სახელმწიფო მაღალჩინოსნებით, საჯარო მოხელეებით, ბლოგერებით, რედაქტორებითა და ჟურნალისტებით, რომელთაც ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ფეთჰულა გიულენთან კავშირში ედებათ. აღნიშნული ბრალდებით ციხეებში ათეულობით ათასი ადამიანი იხდის სასჯელს.

2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლში და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში გიულენს ადანაშაულებს.

როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველები ყვებიან, საყოველთაო დაძაბულობა მათზეც ძალიან მძიმედ აისახა, როგორც ეკონომიურად, ისე მორალურად. მათი თქმით, ფეთჰულა გიულენთან კავშირის ან შესაძლო კავშირის გამო, არაერთი ორგანიზაცია და სამსახური დახურეს, რამაც ქვეყანაში ვითარება დაამძიმა.

AMBEBI.GE თურქეთში მცხოვრებ რამდენიმე ქართველს ესაუბრა.

ლადო წითაშვილი:

- მას შემდეგ, რაც დოლარი კატასტროფულად გაძვირდა და, ზოგადი სიტუაციის გამო, უამრავმა ადგილობრივმა სამსახური დაკარგა, სახელმწიფო იძულებული გახდა, ვითარების დასამშვიდებლად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის ანაზღაურება 12%-ით გაეზარდა. ამით ერთგვარი ბალანსი შექმნა, რომ უკამყოფილება მასშტაბური არ გამხდარიყო. მოსახლეობაში სისტემის მიმართ შიში იმდენად დიდია, რომ საყოველთაო საპროპტესტო აქციების დაწყების შანსი ძალიან ცოტაა, რადგან ორგანიზატორებს მაშინვე ფეთჰულა გიულენის მოკავშირეებად "შერაცხავენ", დააკავებენ და ყველაფერი ამით დასრულდება.

რაც შეეხება დოლარის გაძვირებას, ამის გამო უძრავი ქონება გაიაფდა, მაგალითად, 40 ათას დოლარად ფეშენებელური სახლები იყიდებოდა და დაიტაცეს, უფრო რუსები აქტიურობდნენ. სხვათა შორის, უცხოელი ინვესტორების ნაწილი ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ ზოგმა შეძლო და აქაურ ცვლილებებს ფეხი აუწყო.

- პროდუქტზე ფასები გაიზარდა?

- ზაფხულში უფრო მაღალი იყო, ახლა დაიწია. დოლარის ფასი ძალიან მაღალია, 1 დოლარი 5,50 ლირა ღირს. კურსი ხან აიწევს, ხან - დაიწევს. ძირთიადად, უფრო 6.00-ია. ძალიან გაძვირდა საწვავიც - 1,20 დოლარია 1 ლიტრი. ხალხი წუწუნებს, მაგრამ თავისთვის, ჩუმად... ხმის ამოღებას ვერ ბედავს. გარკვეული დასახელების ევროპული პროდუქტი მარკეტებიდან გაქრა, კონსულტანტები ამბობენ, აღარ შემოაქვთო. ეს დამძიმებული ფონი უფრო ქართველ და ზოგადად უცხოელ მუშახელს დაეტყო, რადგან ისინი ძირითადად კერძო კომპანიებში ან ოჯახებში მუშაობდნენ. ისინი ხელფასს ლირაში იღებენ, მაგრამ ამათ დოლარში უხდიდნენ და რახან დოლარი გაძვირდა, მათ ანაზღაურება შეუმცირეს.

რაც შეეხება დაძაბულ ვითარებას, ბოლო წლებია დაძაბულობა არ ცხრება. პოლიტიკური პროცესები ძალიან მძიმეა, ოპოზიცია სუსტია, იატაკქვეშა მოძრაობის გამოცდილება არ აქვთ. ამას ემატება ქურთების საფთხე, რომ არაფერი ვთქვათ, მეზობელ სირიაზე, რომლითაც მოსახლეობას მუდმივად აშინებენ და მათაც არ უნდათ დამატებითი საფთხე. ვერ რისკავენ, ინერციით მიჰყვებიან, რადგან ეშინიათ. მშვიდობიანი ცხოვრება და განვითარება უნდათ და ამას ამბობენ კიდეც. ყველგან კონტროლია, ვინაიდან ტერაქტების ეშინიათ.

სანდრო ბაკურაძე:

- მედია ან დუმს ან სამშობლოს წინაშე ვალად ასაღებს ამ ყველაფერს, ოპოზიციური მედია თითქმის აღარ არსებობს. რაც არის, უფრო საჩვენებლად არის დატოვებული - აი, დემოკრატიული ქვეყანა ვართო. ასევე, მხოლოდ ზოგ საერთაშორისო კონფერენციაზეა საჩვენებელი თავისუფლება, ისიც მხოლოდ ფორმალური დანიშნულებით.

თუმცა, რასაც დავესწარი ბოლოს, იმ კონფერენციაზე თურქ მონაწილეებს სულ ე.წ. გადატრიალების მცდელობამდელი კვლევები ჰქონდათ წარმოდგენილი, საუბარი მაქვს ეკონომიკაზე, სიტყვისა და მედიის თავისუფლებაზე. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებაც რთულია.

ლია ნერგაძე:

- 11 წელია ერთ ოჯახში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ბავშვებს ინგლისურსა და რუსულში ვამზადებ. ბოლო წლებში არსებული ვითარება იმდენად მძიმეა, ყოველდღე ვფიქრობ წასვლაზე, მაგრამ სად წავიდე, არ ვიცი. არც ჩემს ქვეყანაში დამხვდება უკეთესი ვითარება. ბოლო ორი წელია 300 დოლარით შემიმცირეს ანაზღაურება. ამ ოჯახში 4 დედ-მამიშვილი, თავის ცოლ-შვილთან ერთად, სულ 15 ადამიანი ცხოვრობს და სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სამი მათგანი ღალატის ბრალდებითა და ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო დააკავეს. მე არ ვიცი მათი შიდა ცხოვრება, მაგრამ მშობლები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ განათლება სამივეს ამერიკაში ჰქონდა მიღებული.

რაც ყველაზე ცუდია, ოჯახის წევრებს დაკავებულებთან ურთიერთობა შეზღუდული აქვთ. ვერც აპროტესტებენ. დღევანდელი თურქეთის რეალობა საბჭოთა კომუნიზმს მაგონებს - თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ქვეყანას ყველა სფეროში ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა. ხალხი შეშინებულია და ვერაფერს ამბობს, არ უნდათ დამატებითი პრობლემები, მუდმივად საფრთხეს ხედავენ ქურთებისა და სირიის მხრიდან. ერდოღანს კი ყველგან შეთქმულები ელანდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე