ავტორი:

რასმუსენი - დღეს აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, ვიცნობ პუტინის ფსიქიკას... საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი უნდა მიგვეცა

რასმუსენი - დღეს აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, ვიცნობ პუტინის ფსიქიკას... საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი უნდა მიგვეცა

მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიგვეცა MAP-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი "ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, პუტინმა ჩათვალა, რომ შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს.

„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინაც გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის იქვე უნდა მიგვეცა MAP-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. მან ჩათვალა, რომ ახლა მისი დრო იყო, შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და შედეგიც ვნახეთ - იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა მივყოლოდით იმ გზას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს სამიტზე მაპ-ის მიღებასთან მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, მაგრამ ეს იქნებოდა მძლავრი სიგნალი“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, დღეს ალიანსმა გაიაზრა, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა.

„2009 წელს ვფიქრობდით, რომ შევძლებდით, რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად გვექცია. 2010 წელს ნატო-რუსეთის სამიტი ჩავატარეთ, სადაც გადავწყვიტეთ, სტრატეგიულ პარტნიორობის ფორმატზე გვემუშავა, მაგრამ დღეს უკვე გავიაზრეთ, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. სწორედ ასეა საქმე და ამასთან შეგუება მოგვიწევს. აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, როგორიც მაშინ. დღეს უკეთ ვიცნობ პრეზიდენტ პუტინის ფსიქიკას. ერთადერთი ტაქტიკა, რომლითაც პუტინს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ვუბიძგებთ, არის ის, რომ მას არაფერი დავუთმოთ და ალიანსი ერთად და მტკიცედ იდგეს. პუტინს ძალიან უყვარს საკუთარი თავის ძლიერ კაცად წარმოჩენა და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ძალას სცემს პატივს. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძლიერები. ნებისმიერ დათმობას პუტინი სისუსტედ მიიჩნევს“, - განაცხადა რასმუსენმა.