ავტორი:

რა სიახლეა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით

რა სიახლეა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, რომლის მეშვეობით განკურნების ეფექტი უფრო მაღალი იქნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა.

მისი თქმით, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცულობის, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს.

„ეს პროგრამა გახლავთ მთელი მსოფლიოსთვის და ევროპის რეგიონისთვის საჩვენებელი პროგრამა. ამ სამწლინახევრის განმავლობაში ჩვენ წინ ვართ, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცვის თვალსაზრისით, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის თვალსაზრისით. ანუ, თუ მსოფლიოში მოცვის საშუალო მაჩვენებელი არის 7-დან 13-14%-მდე, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 40%-მდე“, - აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თუ მკურნალობაში ჩართვისა და განკურნების მაჩვენებელი მსოფლიოში დაახლოებით, 8-დან 15%-მდეა, საქართველოში უკვე ჩართულია სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 41% და განკურნების ეფექტი არის 98%.

„წელს, სიახლე ძალიან ბევრია და ამის შესახებ მეოთხე სხდომაზე გახდება ცნობილი. კერძოდ, ჯანდაცვაში როგორ ვნერგავთ მონიტორინგსა და სკრინინგს, როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ გაიზარდა C ჰეპატიტის სამკურნალო კლინიკების რაოდენობა 4-დან 41-მდე. ამავე დროს, დეკემბრიდან უკვე ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, სადაც განკურნების ეფექტი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ალბათ, შემდეგ კიდევ გვექნება ე.წ. სამკომპონენტიანი მედიკამენტი. ანუ იმ 2%-ს, ვინც ვერ განიკურნა, ექნება საშუალება, განიკურნოს. გუშინ სამეცნიერო სიმპოზიუმი იყო, სადაც ჩვენთან ჩატარებული სამეცნიერო კვლევის სიახლეები წარდგა. დღეს და ხვალ იქნება სწორედ, მსჯელობა ჩვენი სტრატეგიის ექვსივე კომპონენტთან მიმართებაში“, - აღნიშნა მან.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება.

მისი თქმით, 60-მდე დასახელების მედიკამენტი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

„სექტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეების ჯგუფები სავარაუდოდ, იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება დამატებით 23-დან 30-მდე მედიკამენტი და საბოლოო ჯამში, 60 დასახელების მედიკამენტი", - განაცხადა სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი