ავტორი:

"პანკისს პატრონი არ ჰყავს!" - რას ყვება ქისტი ისტორიკოსი გამსახურდია-შევარდნაძესთან ურთიერთობაზე და ხეობის პრობლემებზე

"პანკისს პატრონი არ ჰყავს!" - რას ყვება ქისტი ისტორიკოსი გამსახურდია-შევარდნაძესთან ურთიერთობაზე და ხეობის პრობლემებზე

პანკისის ხეობა ყოველთვის თუ არა, ბოლო წლებია ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ზოგი მიიჩნევს, რომ მას ქვეყნის ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზების გამო ბოლომდე ვერ აკონტროლებს...

წლების შემდეგ, პანკისის ხეობის მკვიდრი, 74 წლის ისტორიკოსი ელდარ ბორჩაშვილი, რომელიც პანკისში მიმდინარე პროცესებში ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან არის ჩართული, დუმილს არღვევს და ხეობაში არსებულ ძველ და ახალ პრობლემებზე საუბრობს...

- სოფელ დუისში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის დამთავრების შემდეგ, ჩემი თხოვნით, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამანაწილეს... 1980-იან წლების ბოლოს, იმავე სასწავლებელში მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად ვმუშაობდი. მალე პრორექტორის ვაკანსია გათავისუფლდა და მაშინდელი წესის თანახმად, ამ პოსტზე მოსახვედრად მსურველს კენჭი უნდა ეყარა.

რადგან ქისტი ვიყავი, პრობლემები შემხვდა, რის გამოც, "ეროვნული მოძრაობის" ლიდერთან ზვიად გამსახურდიასთან გადავწყვიტე შეხვედრა. სხვანურ კოშკში, მისი წარმომადგენლები შემხვდნენ, შემდეგ კი, თავად გამსახურდიაც ვნახე და მისი პირადი ჩარევით, პრორექტორის თანამდებობაზე ამირჩიეს... იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირის ბედი გადაწყვეტილი იყო. რესპუბლიკები დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ... მე მთელი სანათესაო და საახლობლო ჩეჩნეთში მყავდა (ახლაც მყავს, მაგრამ ვიზების გამო მათ ნახვას ვერ ვახერხებ) და ზვიადის დავალებით, საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის კავშირები, სახალხო დიპლომატია და ადამიანური ურთიერთობის მოგვარება მევალებოდა.

- "ეროვნულ მოძრაობაში" იყავით ჩართული?

- არა, მე საქართველოს მოქალაქე ქისტი ვარ. ეს ჩემი სამშობლოა და ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი რესურსი ბოლომდე დამეხარჯა. ჩემი ახალგაზრდობის წლებში კი არა, განათლება ქისტებში ახლაც არ არის მაინცდამაინც პრიორიტეტული, რაშიც ახლა ხელისუფლებას ვადანაშაულებ... ამასობაში, საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ხელისუფლებაც ავირჩიეთ. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევამდე, რამდენჯერმე მომიწია გროზნოში, ჯოხარ დუდაევთან შეხვედრა. ბევრ თემას განიხილავდნენ, ერთ-ერთი, აფხაზეთის საომარ მოქმედებებში ჩეჩენი ბოევიკების მონაწილეობა იყო.

ზვიადი ჯოხარს სთხოვდა ჩეჩნები საომრად არ წასულიყვნენ... ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის თხოვნას გადავცემდი, თავად დუდაევისა და მისი გარემოცვისთვის მომიწია იმის ახსნა, აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაა-მეთქი. აფხაზები ეუბნებოდნენ, ჩვენ, თქვენს ძმებს, მუსლიმ აფხაზებს ქართველი ქრისტიანები გვავიწროებენო... ამაში, ჩართული იყო რუსეთიც.

ჯერ კიდევ 1989 წელს, "სრულიად ჩეჩენთა მსოფლიო ყრილობა" გაიმართა და პანკისიდან მე წავედი, აფხაზ სეპარატისტთა მაშინდელი ლიდერი კონსტანტინე ოზგანი, სერგეი შამბა, ასევე, ჩეჩნეთის "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ხელმძღვანელი ზელიმხან იანდარბიევი და სხვები დამხვდნენ... ეს მათი ერთიანობის სიმბოლური ყრილობა იყო, სადაც აფხაზები თავიანთი პროდუქტით იყვნენ მოსული - იმის დემონსტრირება უნდოდათ, დამოუკიდებლობის შემთხვევაში ეკონომიკაც გვექნებაო... იანდარბიევს ავუხსენი - აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა-მეთქი, მაგრამ არ გაჭრა. ამის შემდეგ, პირადად დუდაევს შევხვდი და აფხაზეთი საქართველოს მიწაა-მეთქი. ის მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტი...

შემდეგში, 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, ჯოჰარი უკვე ჩეჩნეთის პირველი პირი იყო. მან ინფორმაციის მინისტრი, მუსა თემიშევი აფხაზეთში გაგზავნა და იქ მყოფი 200-მდე ჩეჩენი ბოევიკი გამოიყვანა. თუმცა, შემდეგ, როდესაც გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს, სიტუაცია მალე ჩეჩნეთშიც შეიცვალა და აფხაზეთში ჩეჩენი ბოევიკები მაინც ჩავიდნენ... იმ წლებში მაშინდელმა ქართველმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ახლაც გავლენიანი ფიგურები არიან, მთხოვეს, ჩეჩენი მეომრები შემოიყვანე აფხაზეთში ქართველების მხარეს იბრძოლონო. უარი ვუთხარი. ეს არ იყო ჩემი საქმე...

ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, თელავის უნივერსიტეტის ის თანამშრომლები, რომლებიც ჩემი პრორექტორად არჩევის წინააღმდეგი იყვნენ, ჩემს ადგილს, ადგილობრივ ქისტს, გვარად გუმაშვილს შეჰპირდნენ. ამისთვის კი წინაპირობები უნდა მოემზადებინათ. 1992 წლის მაისში, სასწავლებელში თბილისიდან წარმომადგენლობა ჩამოვიდა. დერეფანში შეიარაღებული პირები შევნიშნე. ხელისუფლების სათავეში უკვე ედუარდ შევარდნაძე იყო... ამბობდნენ, ჩეჩნეთიდან პანკისის, ბორბალოს გზით, დუდაევის დახმარებით, ზვიად გამსახურდია, იარაღითა და ტექნიკით აპირებს შემოსვლას; პანკისის ხეობაში სამხედრო შტაბია გახსნილი და ადგილობრივები არიან ჩართულიო... არადა, შტაბი კი არა, ჩეჩნეთის საზღვრისკენ ისეთი საცალფეხო ბილიკებია, ცხენით თუ შემოვა ადამიანი. ეს იცოდნენ, მაგრამ ასე სჭირდებოდათ. მაშინდელმა პრეფექტმა მერაბ ხიდაშელმა დასძინა, ბორჩაშვილი პანკისის ამბებს არასდროს მეუბნება, - გუმაშვილისგან განსხვავებითო...

- დაჭერას გიპირებდნენ?

- დიახ... მეორე დილით, ახმეტიდან ახლობელი მოვიდა, - მაშინდელი შს წარმომადგენელს გივი კვანტალიანს დასაჭერთა სიაში უწერიხართ და აქაურობას გაერიდეთო. გადავწყვიტე კვანტალიანი მენახა და დეტალურად ვუამბე - სად, რა დავალებით ვიყავი წასული... ორი კვირის შემდეგ, თელავის მილიციის უფროსი ზურა სიმონიშვილი დამიკავშირდა, ხვალ, დილის 9 საათზე, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან უნდა ვიყოთო... მაშინ მთავრობა იმელის შენობაში იყო, მესამე სართულზე. ექსპრეზიდენტმა კაი ხანს მიყურა და შემდეგ მკითხა, - როგორ არიან ჩემი ქისტებიო... მასაც იგივე ვუთხარი, რაც კვანტალიანს.

შევარდნაძეს ჯოხარ დუდაევთან უნდოდა შეხვედრა და დახმარება შევთავაზე - ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, დადგებაო... პირდაპირ ვუთხარი - თქვენ და ზვიად გამსახურდია ქართველები ხართ, მე ქისტი ვარ და მხოლოდ შერიგების საქმეში შემიძლია თქვენი დახმარება, სხვას ნურაფერს ელოდებით-მეთქი... თავის წარმომადგენლებს უთხრა, ნომრები მიეცით და დაეხმარეთო...

- დაგჭირდათ მათი დახმარება?

- ისინი მირეკავდნენ, პანკისში ვითარების გასარკვევად და დასამშვიდებლად... ყველაფერს დღესაც ვერ ვიტყვი, თუმცა, ჯოხარ დუდაევთან ნავთობპროდუქტების ბარტერულად მოწოდების თემა მე მოვაგვარე. იმ წლებში საქართველოში ნავთობპროდუქტების დეფიციტი იყო და ჯოხარ დუდაევი როგორღაც დავიყოლიე, რომ საქართველოსთვის ნავთობპროდუქტები, ბენზინი, დიზელი - ბარტერით მიეწოდებინა. მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდია იქ ჰყავდა შეფარებული, ნავთობს გვაწვდიდა.

- რის ფასად?

- ჰუმანიტარული დახმარების - ტანსაცმლის, საკვების სანაცვლოდ... იმავდროულად, შევარდნაძის ხელისუფლება უამრავ რამეს მთავაზობდა და მპირდებოდა: მიწის ნაკვეთს, ავტოგასამართი სადგურის ან ქარხნის გახსნას, ბიზნესის დაწყებას პანკისში, თელავში, თბილისში... უარს ვამბობდი - ეს ყველაფერი ჩემს სამართავად გინდათ, არ გამოვა ჩემგან ბიზნესმენი-მეთქი... სხვების მაგალითზე ვიცოდი ასე იქნებოდა.

- დევნილობის შემდეგ შეხვდით ზვიად გამსახურდიას?

- ჩეჩნეთში, როგორც დუდაევთან, ასევე, ასლან მასხადოვთან და სხვა მაშინდელ პარლამენტარებთან მიწევდა შეხვედრა... ერთხელ იქაურ ბაზარში მისი მეუღლეც ვნახე. ვიცოდი, არ ულხინდათ. ახლობელიც მახლდა და ორივემ რაც თანხაც გვქონდა, მივეცით. დაცვა ჩაერია, თავი დაანებეთო. ესეც ვუამბე კვანტალიანს. დასამალი არაფერი მაქვს-მეთქი - სხვას მაინც ნუ ეტყვიო, გამაფრთხილა. შევარდნაძის კადრი იყო, მაგრამ ვხვდებოდი, შინაგანად მაინც ზვიადს უთანაგრძნობდა... შემდეგ, ისიც მოიცილა შევარდნაძემ და სხვებიც. ალბათ ერთადერთი ქისტი ვიყავი, ვინც ჩეჩნეთის ომის დროს ხეობაში ლტოლვილების კომპაქტურ ჩასახლებას ეწინააღმდეგებოდა. ვუთხარი კიდევ შევარდნაძეს, - კახეთის სხვადასხვა რაიონებში არაერთი საცხოვრებლად გამოსადეგი შენობაა-მეთქი...

1999 წელს, შევარდნაძემ ჩეჩენ ბოევიკებზე "გასვლა" დამავალა. უარი ვუთხარი, რის გამოც, კიდევ ერთხელ გადავურჩი დაჭერას... შემომითვალა, - აღარ ხარ საჭირო, პანკისში სხვა მეგობრებიც მყავსო... ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი. მან უამრავი ის ადამიანი გაწირა და ჩამოიშორა, ვინც მისთვის თავგადადებული იყო.

- შემდგომ ხელისუფლებას არ უცდია თქვენი კავშირების გამოყენება?

- კი, ოღონდ განსხვავებული მეთოდით. თელავთან ახლოს, სოფელ ნასამხრალში მიწის ნაკვეთი მქონდა, რომლის დასამუშავებლად ადამიანებს ვქირაობდი და ფულს ვუხდიდი. 2005 წელს, ერთმა ჩემგან (გვარს არ დავაკონკრეტებ, ოჯახი ჰყავს) 1 000 დოლარი ისესხა. შემდეგ შემხვდა და სად მოგიტანოთ ფულიო, სადაც გინდათ-მეთქი... სამსახურში მომიტანა და სპეცრაზმიც მოჰყვა... ამიყვანეს - ქრთამის აღების მუხლით და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მომისაჯეს. ხანდახან ვიღაცები შემოდიოდნენ და მეუბნებოდნენ - ითანამშრომლე ჩვენთან, დღესვე გაგიშვებთ და სამსახურშიც დაგაბრუნებთო...

ორთაჭალის მე-5 საპრყობილეში ჩემი ადვოკატი მერაბ თალაკვაძე იყო. მისი სიტყვები არასდროს დამავიწყდება - ვიცი თქვენი ამაგი ქართველი, ქისტი და ჩეჩენი ხალხების წინაშე და ჩემი ხალხის სახელით ბოდიშს გიხდითო...

ციხეში ლამის ყოველდღე ნიღბიანები შემოდიოდნენ და თანამშრომლობას მთავაზობდნენ. არ ვიცი, არასდროს გამიკეთებია-მეთქი, ვპასუხობდი - ჩვენ გასწავლითო. მაგას მირჩევნია, აქვე კედელთან მიმაყენოთ და დამხვრიტოთ-მეთქი... ერთხელაც, თქვენი მეუღლე და შვილია მოსულიო, მითხრეს. არ ვიცი, როგორ დააშინეს, მაგრამ ორივე მთხოვდა - დათანხმდი თანამშრომლობას, თორემ აქედან ცოცხალი ვერ გახვალო. ბიჭისგან გამიკვირდა - როგორ მაკადრე-მეთქი...

წინასწარი 3-თვიანი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, თელავში ჩამიყვანეს, მაგრამ ისევ უკან დამაბრუნეს... საკანში სამნი შემოვიდნენ, მათგან ერთი ვიცანი, საკანში შემოდიოდა და საქონელივით გვთვლიდა... შენმა მეუღლემ ბადრაგს ფული მისცაო, ეცადნენ, ახლა ამ გზით ემუშავათ ჩემზე. შემდეგ, ისევ მოთაფლვა დამიპირეს - ჩვენი დავალებები შეასრულე და სამსახურშიც დაგაბრუნებთ და პრივილეგიებითაც ისარგებლებო... ვუთხარი, - შეგიძლიათ აქვე მესროლოთ-მეთქი... ერთი სიტყვით, - გამიშვეს, მაგრამ გირაოს სახით 55 ათასი ლარი მივუტანე...

- ახლა ხეობაში მაჩალიკაშვილების ტრაგედიის გამო, ვითარება ისევ დაიძაბა...

- დიახ. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, როგორც ოჯახისთვის, ასევე ხეობისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. როდესაც პირველად მოვისმინე შვილმკვდარი მამის გამოსვლა და მიმართვა, ვთქვი, რომ ეს კაცი ქართულ-ქისტური ურთიერთობის ცოცხალი ძეგლია, თავისი მოზომილი და თავდაჭერილი პოზიციით-მეთქი.

მე პატივს ვცემ მას, როგორც შვილმკვდარ მამას, მისი შვილის სულს, მაგრამ ხეობაში ისეთი ვითარებაა - ვიღაცამ უნდა თქვას სიმართლე, პოლიტიკა და პოლიტიკოსების აყოლა ყველაფერს აფუჭებს...

ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გამოძიებას სწორი მიმართულება უნდა მისცეს, მაგრამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიტიკოსებთან დგომა არ ეკადრება. 6 შვილი მყავს და მათი და ჩემი სამშობლოს წინაშე ვალდებული ვარ, სიმართლე ვთქვა - ახლა პანკისის ხეობას პატრონი არ ჰყავს! ადგილობრივი ახალგაზრდები სკოლებში არ დადიან. უმეტესობა ვაჰაბიზმის იდეოლოგიით არიან მოწამლული. სადაც განათლების პრობლემაა, იქ ადამიანები ძალიან ადვილი სამართავია.

ამიტომ ვთხოვ ხელისუფლებას: სანამ გვიანი არ არის, მიხედეთ ხეობას... განავითარეთ რეგიონალური პროექტები, ოღონდ სწორად აარჩიეთ პერსონები. იქ ახლა დაძაბული ვითარებაა და ერთი ასანთის ღერიც კი საკმარისია, ცუდი ამბების დასაწყებად. მე ჩემი კალო უკვე გავლეწე, მაგრამ არ მინდა ჩემს ქვეყანაში კიდევ ერთი კონფლიქტი დაიწყოს. ვთხოვ ხელისუფლებას, გონიერად იმოქმედოს და ნუ დაუშვებს კიდევ ერთ დაპირისპირებას...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ