ავტორი:

"ერთი წლის წინ დამისვეს მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი…" - ემა ტუხიაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირადსა და კარიერაზე

"ერთი წლის წინ დამისვეს მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი…" - ემა ტუხიაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირადსა და კარიერაზე

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" პოლიტიკური ტოქ-შოუ "360 გრადუსის" წამყვანი, ემა ტუხიაშვილი, რომელსაც, უქმე დღეების გარდა, ყოველდღე ხედავს ტელემაყურებელი, 17 წელია ჟურნალისტია და რადიო-ტელევიზიის პარალელურად, პრესაშიც აგრძელებს მუშაობას, საიდანაც მისი პროფესიული გზა დაიწყო.

პროფესიაზე, ოჯახსა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე ემა ტუხიაშვილმა "სარკესთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ემა, შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე 2 საათის განმავლობაში მიგყავთ პოლიტიკური გადაცემა. ეს რეჟიმი ალბათ ძალიან დამღლელია, როგორ უძლებთ?

- თქვენ კიდევ ვერ წარმოგიდგენიათ, მე რამდენ რამეს ვაკეთებ აქ. ეს არ არის ჩემი ერთადერთი სამსახური "პალიტრა მედიაში". მიყვარს ხოლმე, ხუთ თითს რომ გავშლი და ვიწყებ სამსახურების ჩამოთვლას. ჩემი სამუშაო დღე იწყება 12 საათზე. ვარ პორტალ "ბიზნესპრესნიუსის" მთავარი რედაქტორი. რადიოში გადის რადიოგადაცემა "საქმე", რომლის წამყვანი და ავტორიც ვარ. ასევე - ნახევარსაათიანი გადაცემა მიმყავს ბიზნესსა და ეკონომიკაზე. ტელეკომპანიაში გვაქვს ეკონომიკური გამოშვება, რომელიც დღეში რამდენჯერმე გადის და ამ გადაცემის პროდიუსერი ვარ. ვარ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი.

ადრე ვფიქრობდი - ემა, მოითმინე, გაერკვევი პოლიტიკაში და მერე უფრო თამამი იქნები, ამდენი მომზადება არ დაგჭირდება-მეთქი. თურმე სულ ტყუილად ვფიქრობდი ასე, ყველა ინფორმაცია უნდა იცოდე, ყველაფერი უნდა წაიკითხო, ყველაფერი უნდა მოისმინო. ზოგჯერ რომ შემომხედოს ვინმემ, საღ გონებაზე არ ვეგონები, რადგან ყურსასმენი მიკეთია და საინფორმაციოს ვუსმენ, ამასობაში შესაძლებელია ვიღაც ტელეფონზე მირეკავდეს, ერთი ყურსასმენის ქვეშ ტელეფონი მეჭიროს და ველაპარაკებოდე, პლუს - ამ დროს სიუჟეტი შემოვიდეს და რედაქტირებას ვუკეთებდე.

მეკითხებიან, ამდენს როგორ ახერხებო. მე ვფიქრობ, რომ ამას სამი რამ განაპირობებს: ყოჩაღი რომ ვარ, ფაქტია, ძალიან მაგარი გუნდი მყავს, ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ და ჩემი საქმის სიყვარული!

ბევრ შრომას ვდებ, მაგრამ სამაგიეროდ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვიღებ ამ სიყვარულს. ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში როგორც შინაურს, ისე მესალმება. მართლა ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ სიყვარულს და, რაც მთავარია, მაყურებლისთვის იმის ჩვენებას, რომ ეკრანზე არ ვჯდები მოუმზადებელი ან ნახევრადმომზადებული. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა ის შეკითხვა დავსვა, რომელიც შესაძლებელია ჩემ უკან მდგომ მაყურებელს ჰქონდეს.

- პოლიტიკოსებთან მუშაობის სირთულეები უკვე გადალახეთ, როგორი გამოცდილება დააგროვეთ ამ საქმეში?

- გვყავს განსაკუთრებით ჯიუტი პოლიტიკოსები, რომლებიც ვერაფრით დავითანხმეთ. ეს ადამიანები საჯარო მოხელეებიც არიან და გარკვეული ანგარიშვალდებულებაც აქვთ მოსახლეობასთან. მგონია, რომ ჯერ კიდევ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული, რა ვალდებულება დაეკისრათ, როცა საჯარო სამსახურში ამხელა თანამდებობებს შეეჭიდნენ.

ეს მათთვის უფრო უარესია, ვიდრე ჩემი გადაცემისთვის. ჩვენი გადაცემის ყოველწლიურად მზარდი რეიტინგი სწორედ ამაზე მიუთითებს. აქ მოსულ სტუმარს ხვდება კომფორტი იმ თვალსაზრისით, რომ თემაში ვერკვევით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მწვავე შეკითხვამ შეიძლება ისინი ცოტა უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააგდოს. ერთხელ აქ მოსული სტუმარი უკვე ძალიან დიდი ენთუზიაზმით მოდის მეორედ. განსაკუთრებულად ჭირვეულებს თუ არ ჩავთვლით, პრობლემა არავისთან გვაქვს.

- ერთი პერიოდი თითქოს გადაღლა დაგეტყოთ, თვალებზე გემჩნეოდათ, ნაღვლიანი მზერა გქონდათ.

- გადაღლილი ვარ, არ უარვყოფ, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გადავიტანე. ეს არავისთვის მითქვამს და "სარკის" მკითხველს გავანდობ: ერთი წლის წინ დამისვეს საკმაოდ მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი. ეს იყო აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც ძალიან მძიმე პრეპარატებით მკურნალობა სჭირდებოდა.

პრეპარატების სიმძიმე იმით გამოიხატებოდა, რომ შესაძლებელი იყო, ჩემს ვიზუალზე ასახულიყო. ამან გამოიწვია სახის დეფორმირება, შეშუპება. ვხვდებოდი, რომ ყველაფერს ვკარგავდი, ხელიდან მეცლებოდა ყველაფერი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაშენებდი. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.

ბოლო 3 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ერთ წელიწადში დავკარგე მშობლები საკმად ახალგაზრდა ასაკში, ორივე – გულით. დედის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, მის დაკარგვას დღემდე ვერ შევეგუე. გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს, რომ ის ტელეფონიც კი დავმალე, რომლითაც დედას ველაპარაკებოდი. მისი არც ერთი ფოტო არ მაქვს. აღარც საფლავზე მივდივარ, აღარც მის სახლში. ეს თემა ჩემში მოვკალი და დავხურე.

მამასთან ისეთი სიახლოვე არ მქონდა, როგორიც დედასთან, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილია მამის გარდაცვალება. 5 წუთში ეთერი იწყებოდა, ყველა სტუმარი მოსული იყო. ტელეფონზე დამირეკეს და მამაჩემის გარდაცვალების ამბავი გამაგებინეს. ამ მდგომარეობაში მე მაინც ვუთხარი პროდიუსერს, რომ არ შევწყვეტდი გადაცემას.

მეგონა, რომ მაგარი გოგო ვიყავი, რომ არ მემჩნეოდა საქმეში ეს ყველაფერი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯანმრთელობაზე აისახა და მალე ამ პრობლემებმაც იჩინა თავი. როცა მივხვდი, რომ ჩემი დაავადების ფონზე მკურნალობის გარეშე გამოსავალს ვერ მოვძებნიდით, ეს წამლები უნდა მიმეღო. დეფორმაციას განვიცდიდი, წონაში ვიმატებდი, ამიტომ წონასთან უნდა მებრძოლა. დავიწყე ვარჯიში. დღეს ვინც მხვდება, ვერავინ მცნობს. არ ვიცი, რამდენი მაქვს დაკლებული, მაგრამ - ბევრი. აი, ამ 11 საათიან სამუშაო გრაფიკში გამოვნახე საანთნახევარი იმისთვის, რომ მევარჯიშა. ასე დავამარცხე ის დაავადება, რომელსაც ვებრძოდი.

- როგორც ვიცი, ძალიან ახალგაზრდა იყავით, ოჯახი რომ შექმენით და დედა გახდით. თქვენსა და თქვენს უფროს შვილს შორის რამდენი წელია ასაკობრივი სხვაობა?

- 19 წლის გავთხოვდი. ჩემსა და ჩემს უფროს შვილს შორის კი 20 წელია ასაკობრივი სხვაობა. გოგო, ანა 21 წლის ხდება, ბიჭი, ნიკა – 12-ის. ჩემსა და ჩემს უფროს შვილს შორის არის საოცარი დამოკიდებულება, მან შემიცვალა დედა. დილით სამსახურში რომ მივდივარ, ის მაცილებს, ზრუნავს ჩემზე. საღამოსაც, რომ მივდივარ, ყველაფერს ის ამზადებს. ჩემს პატარა შვილზეც ის ზრუნავს. მეგობარიც მან შემიცვალა, ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის. ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ იგრძნობა ურთიერთობაში. აბსოლუტურად არაფერი გვაქვს ერთმანეთისგან დამალული.

ანა როცა შემეძინა, სასწაული მჭირდა. ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ სუნთქავდა, ხელშიც კი არავის ვაჭერინებდი. პატარა იყო, ყივანახველა რომ დაემართა და მძიმე პერიოდი გადავიტანე. დღეში რამდენჯერმე ვუყურებდი, როგორ მეგუდებოდა შვილი. მაშინ 40 კილომდე დავიკელი ნერვიულობისგან. ისეთი გამხდარი არასდროს ვყოფილვარ.

ნიკა 9 წლის შემდეგ გაჩნდა. ის კიდევ ერთი სასწაული იყო ჩემს ცხოვრებაში. ქაშვეთის ეკლესიაში ვიყავი, წმინდა ნიკოლოზის ხატს შევევედრე, რომ ძალიან მინდოდა ლამაზი, თეთრი ბიჭი მყოლოდა და მართლაც ამიხდა. ნიკოლოზიც ამიტომ დავარქვი. მე და ჩემმა უფროსმა შვილმა ნიკა ერთად გავზარდეთ.

- თქვენი ქმარი რას საქმიაობს?

- ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიის ტექნიკურ სამსახურში მუშაობს. საერთო ინტერესები არ გვაქვს, რადიკალურად გასხვავებული ადამიანები ვართ. ასე მოვედით აქამდე, 22 წელი ერთად. ის უფრო მშვიდი და დინჯია, მე ძალიან ბობოქარი და გადარეული ხასიათი მაქვს. მას, მაგალითად, შეუძლია უქმე დღე გაატაროს ტელევიზორთან, მე ეს არ შემიძლია. შეიძლება კუს ტბიდან დაწყებული მთელი თბილისი შემოვირბინო ბავშვებთან ერთად. ამაში, სიმართლე გითხრათ, ვერ მომყვება.

...კრიზისული სიტუაციები ყოფილა, მაგრამ გადამილახავს და ოჯახი შემინარჩუნებია. იცით, რას მივხვდი ამ 22 წლიანი თანაცხოვრების პერიოში? რომ შვილებსაც ბედნიერი მშობლები სჭირდებათ.

ლელა დევდარიანი, ჟურნალი "სარკე"

"ისე თბილად ექცეოდნენ პოლიციელები, რომ მოიყვანეს, მათგან წამოსვლა აღარ უნდოდა" - გლდანში დაკარგული 3 წლის ბავშვი პატრულმა იპოვა

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

ირაკლი გურჩიანი - მომხმარებელზე ზრუნვა ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია