ავტორი:

ერთ-ერთ კლინიკაში გასახდელში ჰქონდათ ე.წ. "კურილკა" - რომელ დაწესებულებებში ეწევიან სიგარეტს, აკრძალვის მიუხედავად

ერთ-ერთ კლინიკაში გასახდელში ჰქონდათ ე.წ. "კურილკა" - რომელ დაწესებულებებში ეწევიან სიგარეტს, აკრძალვის მიუხედავად

საქართველოში 29 მარტს თამბაქოს საწინააღმდეგო დღე - "საქართველო თამბაქოს გარეშე" აღინიშნება. ამ ღონისძიების მიზანი, თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ჩაეყრება ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“. მოძრაობას, ბევრი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი უერთდება, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს კამპანიას და ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებს, ჯანსაღი მომავლისთვის.

ღონისძებაზე 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაციაც გაიმართა. კერძოდ, მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატება ახალი კომპონენტი „თამბაქოს კონტროლი“. აღნიშნულ კომპონენტში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ინფორმაცია როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის თაობაზე, ასევე თუ როგორ მოვიქცეთ, როდესაც კანონდარღვევას ვხედავთ, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დავანებოთ მოწევას თავი.

ცნობისთვის, კანონდარღვევის ფაქტის დასაფიქსირებლად პირს შეუძლია მიმართოს 112-ს, კიდევ უფრო მარტივია გამოიყენოს მობილური აპლიკაცია, რომელსაც აქვს როგორც ზარის განხორციელების, ასევე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, ის უკავშირდება ოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). მაგრამ თუ სურს დარჩეს ანონიმური, ამის შესახებ აცნობებს ოპერატორს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, 112-ის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. ასევე, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 890,000 არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო. თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს.

თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში, 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუ-ინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში.

2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. აღსრულების დონე სამასპინძლო ბიზნესში 96%-ია.

ეფექტიანია კანონი, თუმცა გარკვეული ხარვეზები აქვს და არსებობს დაწესებულებები, რომლებიც კანონს არღვევენ და ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაძლევია. ამ თემაზე თამბაქოს კონტროლის ალიანისის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე გვესაუბრება:

- გასულ წელს პირველი მაისიდან 15 დეკემბრამდე 100 მონიტორის საშუალებით საქართველოში 8000 ობიექტი შემოწმდა. ამ ობიექტებიდან დარღვევა 5%-ში დაფიქსირდა. 95%-ში კანონი სრულდებოდა. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა იყო გარკვეული ჩავარდნები დეკემბრის მეორე ნახევარში და იანვრის პირველ ნახევარში, რაზეც რეაგირება გვქონდა და სურათი იანვრის მეორე ნახევრიდან რადიკალურად შეიცვალა. მასშტაბური მონიტორინგის პროცესი ჯერჯერობით არ წარმოებს, არ გატენდერებულა და შესაბამისად, იმ შესაძლებლობას მოკლებული ვართ, რომ მონიტორინგი ინტენსიურად ჩაგვეტარებინა. ამიტომ, 15 დეკემბრიდან ჩვენი მხრიდან ფრაგმენტული სახე ჰქონდა მონიტორინგის განხორციელებას. ვამოწმებდით ისეთ ობიექტებს, რომელზეც ეჭვი გვქონდა, რომ არ იცავდნენ კანონის მოთხოვნებს. ფაქტობრივად, ვისზეც გვქონდა ეჭვი, იქიდან დაახლოებით, მესამედში მხოლოდ მოწევის ფაქტი დაფიქსირდა.

ახლა ვთხოვთ, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ამ პროგრამის გამოტანა, და მონიტორინგის ისევ სრულფასოვნად ჩატარება. ეს ამ კანონის აღსრულებისა და შესრულების უმთავრესი ამოცანაა. კი მივიღერთ ეფექტიანი კანონი, რომელიც კარგად სრულდება დასაწყის ეტაპზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2-3 წლის მერე იგივე სურათი გვექნება. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა და მთვარობასაც ვთხოვთ, რომ ასეთი მოიტორინგის პროგრამები განგრძობადი იყოს. იანვარ-თებერვალ-მარტში წყვეტა რომ არ მოხდეს, როცა კრიტიკული პერიოდია, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არ ჩავარდეს მონიტორინგის პროცესი. აპრილში ტენდერი რომ გამოცხადდება, მაისამდე მონიტორინგს ვერ ვიწყებთ, ანუ 5 თვე იკარგება. ახლა ჩვენი რესურსებით, რაც გვაქვს შემორჩენილი, თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ასე თუ ისე ვწვდებით, მაგრამ საკმარისი არ არის და ეს პრობლემაა. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პროგრამა დაიცვან.

- რაც შეეხება კანონმდებლობის ხარვეზებს...

- სამწუხაროდ, იანვარში კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, რომლის მიხედვითაც, მოწევა კაზინოს გარდა, სლოტკლუბებში დაუშვეს, ეს ამ კანონის სისუსტეა. პარლამენტში ინიცირებას ვაპირებთ, რომ კაზინოსა და სათამაშო ბიზნესის სხვა ობიექტებში მოწევა სრულად აიკრძალოს, რადგან, ამ შემთხვევაში ასობით მოქალაქეა, არის 24-საათიანი რეჟიმი და თამბაქოს მავნე, მომწამვლელი აირების ზეგავლენის ქვეშაა ხალხი.

შემდგომ საკითხი თეატრალურ წარმოდგენებს ეხება. როდესაც პარლამენტის კონკრეტული წევრების დაჟინებული მოთხოვნითა და რეჟისორების ახირებით, სპექტაკლის განმავლობაში კვლავ დაიშვა მოწევა. რასაც კატეგორიულად ვემიჯნებით, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი იმიტატორი, რომ ერთის მხრივ არ მოვწამლოთ ის მსახიობი, რომელიც თამბაქოს მოიხმარს და იძულებულია, სპექტაკლის დროს გამოიყენოს, მეორე მხრივ - საზოგადოება. ამასთან, აქ არის რისკი იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრია წელს ასპონსორებდა თეატრებს სწორედ იმიტომ, რომ სპექტაკლებში მასობრივად ყოფილიყო მოწევის სცენები, რომ სოციალურად მიმღებლობა საზოგადოებაში ყოფილიყო მაღალი. ამაში იხდიდნენ ფულს და შესაბამისად გვაქვს ეჭვი, რომ ეს ურთიერთობები კვლავ გრძელდება და არ არის გამორიხცული, რომ ამ ინიციატივის უკან სწორედ ფინანსური ინტერესიც იყო. კონკრეტული ბიზნესოპერატორები ამ საკითხს ლობირებდნენ, რათა პარლამენტის კონკრეტულმა წევრებმა ამისგან გარკვეული სარგებელი მიიღონ.

- სამედიცინო დაწესებულებებშიც ირღვევა მგონი, კანონი.

- ერთხელ მივედით მონიტორინგზე, გავაფრთხილეთ, გავუწიეთ რეკომენდაცია, ორჯერ და მესამედ როცა უკვე დავაფიქსირეთ, შესაბამისად მოხდა რეაგირება, ამას მოჰყვა მწვავე რეაქცია, იქამდე, რომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. მთელი სკანდალი იყო ღუდუშაურის კლინიკაში, როდესაც ტერიტორიაზე შესვლა დავაპირეთ. დაცვის თანამშრომლებმა, ფაქტობრივად, კინწისკვრით გამოგვყარეს. ინგოროყვას კლინიკაში გასახდელში ჰქონდათ ე.წ. „კურილკა“. ამასაც უსიამოვნება მოჰყვა. ინგოროყვას კლინიკის ხელმძღვანელობა უკავშირდებოდა ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობას, როგორ ვბედავთ ამას?! მაშინ როდესაც ფაქტი ფაქტია და მას ვერავინ უარყოფს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ამ ქეისების გამოსწორება.

„ნიუჰოსპიტალზე“ გვქონდა ინფორმაცია, რომ ტუალეტში იყო ნამწვი, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს გადავეცით ინფორმაცია, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. საბედნიეროდ, თამბაქოს მოწევის კონტროლზე ჯანდაცვის ობიექტებში ჯანმდაცვის სამინიტრო აღარ არის აღმასრულებელი, ეს საქმე იანვრიდან პატრულს გადაეცა. შესაბამისად, როდესაც დარღვევას აქვს ადგილი, პირდაპირ პატრულს ვიძახებთ. ასე რომ, ჯანდაცვას არც ჰქონდა მოქნილი მექანიზმი, რომ დარღვევაზე სწრაფი რეაგირება მოეხდინა. შესაბამისად, ახლა გამარტივდა პროცედურა და ჯანდაცვის ობიეტებში თავისუფლად შეგვიძლია პატრულის გამოძახება.

მე-9 საავდმყოფოში, ხეჩინაშვილის კლინიკაშიც დაფიქსირდა ფაქტი და პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და ასევე დიდი შეხლა-შემოხლა - საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ამას გავასაჩივრებთო. როდესაც სამედიცინო დაწესებულებაზე ვსაუბრობთ, ძირითადი დამრღვევები ექიმები არიან. პირადად შემოვლის დროს მონიტორინგზე წავაწყდი ფაქტს, როდესაც ინგოროყვას კლინიკაში ექთნები ერთმანეთს თამბაქოს უკიდებდნენ შესახვევში, სტერილურ ზონაში და როგორც კი შემხედეს, მაშინვე ჩააქრეს...

- მოკლედ, კანონის ასეთი დარღვევის ფაქტები არსებობს სახელმწიფო დაწესებულებებში...

- გამგეობებშიც, თოდუას კლინიკაშიც ჩუმად კაბინეტში ეწევიან, სამწუხაროდ, ამაზე მკვეთრი რეაქცია გვექნება. ასევე ყვითელ ავტობუსებში, ლურჯში პრობლემა არასდროს გვქონია, მაგრამ ყვითელში მძღოლი რამდენჯერმე დავაჯარიმეთ კიდეც, ასევე სამარშრუტო ხაზები დაჯარიმდა როგორც ქალაქში, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. პატრული ყურადღებით არის, როგორც კი აფიქსირებს ფაქტს, მაშინვე ახდენს მასზე რეაგირებას, თუმცა ეს სისტემატური უნდა იყოს და არა ფრაგმენტული.