ავტორი:

ბაჩანა შენგელია შალვა თადუმაძეს უჩივის - რას პასუხობს  ია კერზაიას ვაჟი  პროკურატურას

ბაჩანა შენგელია შალვა თადუმაძეს უჩივის - რას პასუხობს  ია კერზაიას ვაჟი  პროკურატურას

ბაჩანა შენგელიამ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანა. როგორც ბაჩანა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შალვა თადუმაძისგან ითხოვს გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლითაც ია კერზაიას ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა.

"შევიტანე საჩივარი გენერალური პროკურორის სახელზე, ვინაიდან საქმის პროკურორმა უარი მითხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. ეს იყო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო უარი. მოვითხოვ, ამ უარის გაუქმებას და შალვა თადუმაძის მხრიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას, რაც მე მომცემს საშუალებას გავეცნო საქმის მასალებს, ვისარგებლო მხარის უფლებამოსილებებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს გამოძიების პროცესს და ამაზე უარი ჩემი მხრიდან განხილული იქნება, როგორც გამოძიების გაჭიანურების მცდელობა," - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.

"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება 2018 წლის ნოემბერში, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.

ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება.

ასევე განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს