ავტორი:

რატომ შეუფარდეს გირაო ლევან ჯიბღაშვილს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

რატომ შეუფარდეს გირაო ლევან ჯიბღაშვილს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გენერალური პროკურატურა განმარტავს, რატომ მიმართა სასამართლოს მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს დადგენილ პრაქტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.

როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შსს კი იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალს ასახელებს, რომელიც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ჩხრეკისას ამოიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA).

„განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს