ავტორი:

საშიში სტომატოლოგიური კლინიკები - საგანგაშო დასკვნა და ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება

საშიში სტომატოლოგიური კლინიკები - საგანგაშო დასკვნა და ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება

ჩვენი რესპონდენტი გ.ნ. მეორე წელია ქრონიკული ინფექციური ვირუსით, C ჰეპატიტით არის დაინფიცირებული. ამბობს, რომ დაავადება სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ შეიძინა.

„ორი წლის წინ საიტზე შევიძინე კბილების დაბჟენისთვის ფასდაკლების ვაუჩერი და მივედი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. სამწუხაროდ, არ დამიწყია გამოკითხვა, რამდენად იცავდნენ სტერილიზაციისა და უსაფრთხოების ნორმებს, მაინც ვერ მივხვდებოდი მართალს მეტყოდნენ თუ არა. თან ჩავთვალე, რომ ასეთი შეკითხვების დასმის საჭიროება არ არსებობდა. მოკლედ, დამიბჟინეს ერთი კბილი და აქციის პირობის მიხედვით, დამიბჟინეს მეორე უფასოდ.

დაახლოებით ერთ კვირაში ძალიან ამტკივდა დაბჟენილი კბილი. დავეჭვდი და მივედი სხვა კლინიკაში, სადაც გადამიღეს რენტგენი კბილზე და აღმოჩნდა, რომ ხელსაწყო, ნემსისებური გრძელი მავთული, რომლითაც მკვდარი ნერვი ამოაქვთ კბილიდან, ჩატეხოდა ექიმს და კბილში ჩაეტოვებინა. როგორც ამიხსნეს, ასეთი შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ პროფესიონალ ექიმს მოუვიდეს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა გავაფრთხილებინე, რომ ასეთი რამ დაემართა?!

ეს კიდევ არაფერი, დამჭირდა გამოკვლევების ჩატარება და დამიდგინდა C ჰეპატიტი. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ესეც სწორედ ამ ვიზიტის „დამსახურებაა“. ახლა ჩართული ვარ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში და ვმკურნალობ“ - გვითხრა რესპონდენტმა.

ახლახანს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) სისტემის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა, რომლითაც დადგინდა, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის, საკმარისი არ არის.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) მოთხოვნებს. ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში აუდიტის კვლევის შედეგებს საგანგაშოს უწოდებენ. ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი გოგოლაშვილი AMBEBI.GE - სთან საუბარში გაკვირვებას გამოთქვამს იმ მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გამო, რაც აუდიტის კვლევამ დაადგინა.

"2014 წელს როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები შემოვიდა, ყველა კლინიკას დაევალა, სანიტარული კუთხით პრობლემები მოეწესრიგებინათ კლინიკებში. მე, როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, დავწერე პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად გადავამზადეთ 4 000 სტომატოლოგი და დღემდე მიმდინარეობს ეს ტრენინგები. საწყენია, როდესაც სამედიცინო პერსონალს გადაამზადებ, ჩაუტარებს სემინარებს, ტრენინგებს და მიუხედავად ამისა, ამხელა მასშტაბის დარღვევები გამოვლინდება.

ტრენინგებში კვალიფიციურ ექიმებთან ერთად ჩართული გვყავს სამედიცინო აპარატურის ინჟინერი, რომელიც დეტალურად აწვდის ინფორმაციას დეზინფექცია - სტერილიზაციისთვის აუცილებელი ტექნოლოგიების შესახებ: როგორ უნდა იყოს გამართული, როგორ უნდა შემოწმდეს, რა პერიოდულობით და ა.შ. ყველაფერს ვაკეთებდით ამისათვის და დღესაც გრძელდება პროცესი“ - ამბობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ქეთი გოგოლაძე მიიჩნევს, რომ არსებული აქტივობები საკმარისი არ არის, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში სტომატოლოგიური საქმიანობის მარეგულირებელი მექანიზმები არ არსებობდა და ეს სფერო სრულიად უკონტროლო იყო.

"ეს მაჩვენებელი ალბათ უკავშირდება იმას, რომ 2005-დან 2014 წლამდე არანაირი კონტროლი და რეგულირება არ არსებობდა, კლინიკების ერთიანი ბაზა არ არსებობდა, რამდენი კლინიკა და სტომატოლოგი იყო, რეგისტრაცია არ ხდებოდა. ვისაც მოესურვებოდა და სადაც მოესურვებოდა, ხსნიდა სტომატოლოგიურ კლინიკებს. ამ ჩავარდნას ვუკავშირებ ასეთ მაჩვენებელს. 2014 წლიდან დაიწყო რეგლამენტების, საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და ეს პროცესი კვლავ გრძელდება“ - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის სამმართველოს უფროსი ტარიელ კაშია იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რასაც სამინისტრო ატარებს ამ მიმართულებით:

"რაც აუდიტის სამსახურმა წარმოადგინა ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობითაა, როდესაც საუბარია სტერილიზაციის პროცესების დარღვევაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ხდება სტერილიზაცია. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ზრდის რისკებს, რომ ზოგიერთი მოწყობილობა დარჩეს გაუსტერილიზებელი და ეს არ ნიშნაავს იმას, რომ არ მოხდა სტერილიზაცია.

2015 წელს 778 დაწესებულებაში ჩატარდა მონიტორინგი და ამის შემდეგ დაიწყო გეგმიური მონიტორინგები. იყო ძალიან დიდი პრობლემა, გამოიყენებოდა ირანული წარმოშობის სტერილიზატორები, რომელსაც არ ჰქონდა თერმომეტრი და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა სრულყოფილი სტერილიზაცია. არ ხდებოდა სამედიცინო ნაკეთობების შეფუთვა და დარღვეული იყო ბევრი პირობა. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა, გამოიყენება ე.წ. ჯგუფის ვაკუუმიანი სტერილიზატორები, ხდება შეფუთვა და ასე შენახვა. გაუმჯობესებულია კონტროლის ხარისხიც.

წელიწადში ერთხელ არის დასაშვები გეგმიური შემოწმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთხელ მოხდეს წელიწადში. დარღვევის შემთხვევაში, ხდება გეგმიური შემოწმება, მეორე შემოწმების შემდეგ კი, თუ კიდევ არ არის გამოსწორებული ვითარება, კლინიკა ჯარიმდება. არ არსებობს დახურვის მექანიზმი, რადგან ასეთ კლინიკებს არ აქვთ არც ლიცენზია და არც ნებართვა, შესაბამისად ჩვენ ვერ შევუჩერებთ საქმიანობას. ასეთია კანონი. სააგენტო არ არის ვალდებული, რომ შეამოწმოს სტომატოლოგიური კლინიკა, ასეთია კანონმდებლობა და ჩვენ კანონმდებლობას გვერდს ვერ ავუვლით" - განაცხადა ტარიელ კაშიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციებით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც აცხადებენ რომ, 2020 წლისთვის სამინისტრო ამ კუთხით სხვადასხვა მექანიზმების შემუშავებას გეგმავს.

"აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია არის ერთიანი სტრატეგიის მომზადება, ინფექციების კონტროლის მიმართულებით. ამჟამად ინფექციების კონტროლის ღონისძიებები ინტეგრირებულია სპეციალიზებული მიმართულებებით, ისეთ სტრატეგიებში როგორიც არის: აივ შიდსი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზის კონტროლი და ანტიმიკრობული პრევენციის სტრატეგია.

ქვეყანაში ასევე არსებობს ინფექციების კონტროლის დეტალური გაიდლაინი, თუმცა აუდიტის სამსახურიდან მიღებული რეკომენდაცია, ასევე შესაბამისობაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ რეკომენდაციასთან, რომელიც ქვეყნებს ურჩევს ერთიანი ქოლგის ქვეშ ყველა სტრატეგიის გაერთიანებას, რასაც ჩვენ ვგეგმავთ 2020 წლისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ სტრატეგიების განახლებაზე, როგორც სპეციალიზებული მიმართულებებეით, ასევე ერთიან ფორმატში“ - ამბობს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი რეკომენდაცია შეეხება ნოზოკომიური - საავადმყოფოს შიდა ინფექციების კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემოღების საჭიროებას. თამარ გაბუნიას თქმით, 2019-2020 წლებში დაგეგმილია სპეციალური კვლევების კიდევ უფრო გაფართოება, რაც შესაძლებელს გახდის ზუსტად დადგინდეს ინფექციური დაავადების კავშირი სტომატოლოგიურ საქმიანობასთან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ