ავტორი:

"ჩემი და ბოლოს 5 წლის წინ ვნახე... მის სოფელს ვხედავ, მაგრამ მავთულხლართები გვაშორებს" - "ბორდერიზაციის" ტრაგიკული შედეგები საქართველოში

"ჩემი და ბოლოს 5 წლის წინ ვნახე... მის სოფელს ვხედავ, მაგრამ მავთულხლართები გვაშორებს" - "ბორდერიზაციის" ტრაგიკული შედეგები საქართველოში

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა (საერთაშორისო ამნისტია) თბილისსა და მოსკოვში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გამოსცა მასშტაბური კვლევა, რომელშიც ასახულია საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის მდგომარეობა 2009 წლიდან დღემდე.

რა გავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე ე.წ ბორდერიზაციის პროცესმა, რომელიც 2009 წელს დაიწყო და 2013 წელს გააქტიურდა? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც კვლევაშია დასმული. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ოჯახური ცხოვრების უფლება

ერთ-ერთი მთავარი დარტყმა, რაც "ბორდერიზაციამ" ადამიანებს მიაყენა, საკუთარ ახლობლებთან დაშორებაა. ერთი ოჯახის წევრები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ და ერთმანეთის ნახვას ვეღარ ახერხებენ.

სოფელ წითელუბნის 60 წლის მკვიდრი (წითელუბანი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და იქ შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობა ცხოვრობს) "საერთაშორისო ამნისტიასთან" საუბარში ამბობს, რომ მისი და, რომელიც მეზობელ სოფელში, ეთნიკურად ოსურ ორჭოსანშია გათხოვილი, ბოლოს 5 წლის წინ ნახა.

"ჩემი და ბოლოს ხუთი წლის წინ ვნახე... ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობს - სულ რაღაც ხუთ კილომეტრში, მის სოფელს აქედან ვხედავ, მაგრამ ერთმანეთს მავთულხლართები გვაშორებს", - ამბობს სოფელ წითელუბნის მცხოვრები.

სოფელი დვანი მავთულხლართებითაა გაყოფილი. 2013 წელს დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად, სამი სახლი, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მხარეს აღმოჩნდა

თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს გალის რაიონში მცხოვრები ნათესავების და ოჯახის წევრების მოსანახულებლად ოფიციალური მოწვევა სჭირდებათ. გალის მკვიდრებმა საერთაშორისო ამნისტიას უთხრეს, რომ მოწვევის მიღებას დაახლოებით 10 დღე და 5 000 რუბლი (73 დოლარი) სჭირდება. თუმცა, მოწვევა აფხაზეთში შესვლის გარანტი არ არის.

გალის რაიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი ყვება, რომ 2017 წლის ივლისში გალში, მომაკვდავი ბაბუის სანახავად შესვლაზე უარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მოწვევა ხელთ ჰქონდა. ის აფხაზმა დე ფაქტო უსაფრთხოების ოფიცრებმა ენგურის ხიდზე მოწვევის წარდგენის შემდეგ გააჩერეს და უთხრეს, რომ სოხუმიდან საბოლოო დასტურს ელოდნენ. გადასასვლელზე ორდღიანი ლოდინის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული პირი უკან გაბრუნდა. მისივე თქმით, ბაბუა მალევე გარდაიცვალა და მისი ნახვა ვეღარ მოახერხა.

გადაადგილების უფლების შეზღუდვა

კიდევ ერთი პრობლემა „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავებაა. კვლევაში ნათქვამია, რომ უკანონო დაკავებები ხშირია განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა ადგილობრივებს პირუტყვი საძოვარზე გაჰყავთ, მიწას ამუშავებენ ან შეშას იმარაგებენ.

„საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით თვეში საშუალოდ 10 ადამიანს აკავებენ. კვლევის რესპონდენტებმა საერთაშორისო ამნისტიას უთხრეს, რომ „სასაზღვრო რეჟიმის“ დამრღვევებს, როგორც წესი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით აკავებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

ქალაქი ცხინვალი, ფოტო გადაღებულია თბილისის მიერ კონტროლირებული სოფელ ნიქოზიდან. 2008 წლამდე და „ბორდერიზაციამდე“ ნიქოზელ გლეხებს მოსავლის ცხინვალში გაყიდვა შეეძლოთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით დაკავებულებს გათავისუფლებისთვის 2 000 რუბლის გადახდა უწევთ, რაც 30 დოლარის ექვივალენტია. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ ჯარიმა გაცილებით მაღალია და 15 000 რუბლს (232 დოლარი) აღწევს. განმეორებითი „კანონდარღვევის“ შემთხვევაში კი ქმედება აფხაზეთის დე ფაქტო კანონით 30 000-დან (464 დოლარი) 60 000 (928 დოლარი) რუბლამდე ჯარიმით ისჯება. ასეთი მაღალი ჯარიმის გადახდის საშუალება ადგილობრივებს არ აქვთ და მათ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ეს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის...

წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები

"ბორდერიზაციის" ერთ-ერთ დამანგრეველ შედეგად არასამთავრობო ორგანიზაცია, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს მიიჩნევს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი 71 წლის ამირან გუგუტიშვილი ამბობს, რომ 2017 წლის თებერვალში რუსმა ოფიცრებმა მაშინ დააკავეს, როცა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწას ამუშავებდა. ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნებულს მთელ სხეულზე დალურჯებები ჰქონდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის თქმით, ამირან გუგუტიშვილს ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობა, დეპრესია და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების შედეგად გამოწვეული მეხსიერების დაკარგვა აღენიშნებოდა.

გუგუტიშვილი ასევე ყვება, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო - საკუთარი ხეხილის ბაღი "ბორდერიზაციის" გამო დაკარგა:

"ყოველწლიურად, დაახლოებით 100 ყუთი ვაშლი მომყავდა. მოსავლის გაყიდვით ვიღებდი ოჯახისთვის საჭირო შემოსავალს. 2017 წლის შემდეგ, ჩემს ბაღში შესვლას ვეღარ ვახერხებ. რუსებმა იქ "საზღვრის" ნიშანი დააყენეს. ზოგჯერ მოვდივარ ხოლმე და შორიდან ვუყურებ ჩემს ვაშლის ხეებს" - ამბობს 71 წლის მოხუცი.

დაკარგული მიწები და შემოსავლის წყარო

ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 59% ცხოვრობს. 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ბორდერიზაციის“ პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა, ადგილობრივებმა საძოვრებზე, სახნავ-სათეს მიწებზე, ხეხილის ბაღებზე, ტყის რესურსებსა და წყლის რესურსებზე წვდომა დაკარგეს, რამაც მათ ერთადერთი საარსებო წყარო წაართვა.

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის დაკარგვამ ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. იმის გამო, რომ იქაურ მოსახლეობას, ფაქტობრივად, თავის რჩენა უჭირს, იძულებულები არიან დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები. სოფლებს ახალგაზრდები ტოვებენ და გორში ან თბილისში მიდიან. მოხუცები კი, ადგილზე რჩებიან ოკუპაციის პირისპირ...

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, „ბორდერიზაციის“ დაწყებიდან სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრებმა 800-დან 1000-მდე ოჯახმა სრულად ან ნაწილობრივად დაკარგა საძოვრებზე, სახნავ-სათეს მიწებზე და ტყის რესურსებზე წვდომა.

2011 წლიდან რუსეთის მესაზღვრეების მიერ დაწყებული „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად, თითო სოფელმა 10-დან 50-მდე ჰექტარი მიწა დაკარგა. 2017 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე მხოლოდ ერთ სოფელ ჯარიაშენში 138 ოჯახიდან 60-მა „ბორდერიზაციის“ შედეგად სულ მცირე, ერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაკარგა.

წითელუბნის ერთ-ერთმა მკვიდრმა საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ „ბორდერიზაციამდე“ ყველა ოჯახს საშუალოდ, ხუთი ძროხა ჰყავდა. რძისა და რძის პროდუქტების გაყიდვა კი, მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ოჯახები ახლა შემოსავლის წყაროს გარეშე არიან დარჩენილნი, ბევრი მათგანი გაღარიბდა და მთავრობის დახმარების იმედად დარჩა.

საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე

დახმარება თვეში 10 ლარიდან (ოთხი დოლარი) 60 ლარამდე (24 დოლარი) მერყეობს, და თუ სოფელი მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში მოხვდა, დახმარებას 20% ემატება. წითელუბნის მკვიდრები ამბობენ, რომ ეს თანხა იმაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე რძის პროდუქტების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგებლებთან ინტერვიუში ამბობს, რომ მან ერთი ჰექტარი ხეხილის ბაღი დაკარგა და მთლიანად სახელმწიფოს დახმარების ამარად დარჩა. „ბორდერიზაციამდე“ საშუალოდ 50 ტონა მოსავალი მოჰყავდა - ხილს ბაზარზე ყიდდა და ოჯახის სარჩენად სამყოფ თანხას გამოიმუშავებდა. მიწის და შემოსავლის დაკარგვის საზღაური არ მიუღია. სახელმწიფოს დახმარება კი, გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი უწინდელი საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

საკუთარი სახნავ-სათესი მიწები აფხაზეთის მკვიდრებმაც დაკარგეს. საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგენლების დაკვირვებით, სოფელი ხურჩა მთლიანად საძოვრების გარეშე დარჩა. სოფელი ყველა მხრიდან ღობეებით გარშემორტყმული აღმოჩნდა, გარდა იმ რამდენიმე ვიწრო გასასვლელისა, რომელიც დასახლებას თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასთან აკავშირებს. ზოგიერთი ოჯახის თქმით, „ბორდერიზაციის“ შედეგად მათ ხუთი ჰექტარი თხილის პლანტაცია დაკარგეს (თხილი ადგილობრივებისთვის ყველაზე შემოსავლიანი საქმიანობაა).

აფხაზეთში, გადასასვლელების ჩაკეტვის შემდეგ გართულდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვაჭრობა. დე ფაქტო კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირებისას, თუ პროდუქცია პირადი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობას აღემატება, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები იმპორტისა და ექსპორტის გადასახადებს ითხოვენ. ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების თქმით, ხშირია მესაზღვრეების მიერ მოსავლის სრულიად თვითნებურად ან ბუნდოვანი მიზეზებით ჩამორთმევის შემთხვევები.

გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებმა საერთაშორისო ამნისტიას უთხრა, რომ ორსანტია-მეორე ოტობაიას გადასასვლელის დაკეტვამდე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად ორი ლარი ეხარჯებოდა (0.77 დოლარი). ახლა კი, ერთადერთი მოქმედი გადასასვლელის გავლით მგზავრობისთვის 12 ლარი (4.62 დოლარი) სჭირდება - გაზრდილი დროის და მანძილის გამო.

ორსანტია-მეორე ოტობაიის ხიდი მდინარე ენგურზე. გადასასვლელი 2017 წელს ჩაიკეტა და მას შემდეგ ხიდზე მიმოსვლა შეწყდა.

ერთ-ერთი ხურჩელის თქმით, სოფელს სავაჭროდ ხშირად სტუმრობდნენ ეთნიკურად აფხაზები და ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი იყო. გადასასვლელის დაკეტვის შემდეგ ადგილობრივმა ეკონომიკამ დიდი დარტყმა განიცადა და ხურჩელებმა შემოსავლის მთავარი წყარო დაკარგეს.

ეს არის კვლევის ძირითადი მიგნებები, რომლებმაც წარმოაჩინა „ბორდერიზაციის“ პროცესის მიერ გამოწვეული დამანგრეველი შედეგები. საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საზღვრის იქეთ და აქეთ მხარეს მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით ევალება როგორც რუსეთს, ისე საქართველოს და ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასაც.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ძალების სასაზღვრო ბაზა სატელიტურ ფოტოზე, სოფელი ორჭოსანი, სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი საოკუპაციო რეჟიმში მოყოლილი მოსახლეობის უფლებების დაცვის სამმხრივ ვალდებულებაზე მიუთითებს, საერთაშორისო ამნისტიის მიერ გამოკითხული მოქალაქეები თავს ხელისუფლებისგან „მიტოვებულად“ მიიჩნევენ. მათივე თქმით, არიან „დევნილები საკუთარ სახლში“.

AMBEBI.GE დაუკავშირდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. უწყებაში განგვიმარტეს, რომ ქართული მხარე მასზე დაკისრებულ მოვალეობას საოკუპაციო რეჟიმთან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ პირნათლად ასრულებს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევა. მასში არის ქართული მხარის მიმართაც რეკომენდაციები. ერთ-ერთია, რომ მოხდეს ამ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც პირდაპირ ეხმაურება იმ პოლიტიკასა და სამშვიდობო ინიციატივას, რაც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

2013 წლიდან სპეციალურად ამ მიზნით არის შექმნილი სახელმწიფო კომისია. ეს კომისია ამ წლების განმავლობაში მუშაობს რომ მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოს გაზის მიწოდება, გზების შეკეთება, გარდა ამისა, ხდება სხვადასხვა შეღავათების გავრცელება მათთვის. მაგალითად, ზამთრის პერიოდში ვაუჩერის გადაცემა, ახალგაზრდებს სრულად უფინანსდებათ სწავლის საფასური, უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მკვიდრ აბიტურიენტებს სრულად უფინანსდებათ უმაღლესის გადასახადი.

ახლა ვიწყებთ გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობას და ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ამ ბიზნესსაქმიანობაში, შევუწყობთ ხელს. ასევე ჯანდაცვის მიმართულებით არის სიახლეები.

მავთულხლართები სოფელ ხურვალეთში. ქართველი პოლიციელები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან პატრულირებენ

გალისა და ახალგორის მოსახლეობას, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო რეფერალურ პროგრამაში ჩაერთონ და მიიღონ შეღავათები, როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს", - გვითხრა პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ქოჩორაძემ.

Amnesty International-ის ანგარიში 47 გვერდისგან შედგება და მოიცავს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის დეფაქტო მთავრობების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელმა კავკასიის რეგიონში, ლევან ასათიანმა აღნიშნა, კვლევა ეფუძნება გამოკითხულ 150-მდე ადამიანს. კვლევის დასკვნით, „ბორდერიზაციას“ გამანადგურებელი შედეგები მოაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ხდება უკანონო დაკავებები, არის წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ოჯახები გახლეჩილია. ადამიანები ვერ მიდიან სალოცავებში, ახლობლების სასაფლაოებზე...

წაიკითხეთ Amnesty International-ის კვლევა ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ