ავტორი:

როგორ ვებრძოლოთ სახლში ობს და ნესტს - უმარტივესი ხერხები

როგორ ვებრძოლოთ სახლში ობს და ნესტს - უმარტივესი ხერხები

დაობებული კედლები ბევრისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო სანახავია, ობის სოკოს სპორები საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, სპორები იწვევს: იმუნური სისტემის მოშლას, ალერგიულ რეაქციებს, ხველას, სურდოს, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებას. ხშირად, ეს სიმპტომები ქრონიკულ ხასიათს იძენს და მხოლოდ მაშინ გვარდება, როდესაც საცხოვრებელში გავრცელებულ ობსა და მისი წარმოქმნის მიზეზებს საფუძვლიანად აღმოვფხვრით.

მხოლოდ ობის მოცილება არაფერს მოგვიტანს. მისგან სამუდამოდ რომ გავთავისუფლდეთ, საჭიროა პრობლემის გამომწვევი მიზეზი დავადგინოთ და გადავჭრათ. თავის მხრივ, ობი ჩვეულებრივი სოკოა, რომელსაც ნესტიანი გარემო უყვარს. მისი მიკროსკოპული სპორები ყველგანაა გავრცელებული და როგორც კი სასათბურე პირობებს შევუქმნით, მაშინვე იწყებენ გამრავლებას და გავრცელებას. სწორედ ამიტომ, ობი ხშირად გვხვდება სამზარეულოში, აბაზანაში, ოთახებში, სადაც ჰაერის ცირკულაცია არ ხდება, კედელზე გაკრული ხალიჩების უკან, სარეცხის მანქანებში, კონდიციონერის ფილტრებში და ა.შ.

თუ სახლში ობი გაჩნდა, სამშენებლო მასალების მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური საშუალებები, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ მათი უმრავლესობა ტოქსიკურია და სათანადო სიფრთხილე გმართებთ მათთან მუშაობისას. გამოყენების წინ ზედმიწევნით კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია და ნუ უგულებელყოფთ მასში მითითებულ სიფრთხილის ზომებს. რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტური საშუალება ნესტთან და ობთან ბრძოლისთვის, გამწოვი მოწყობილობის დამონტაჟებაა. იმისთვის, რომ ობი საერთოდ არ წარმოიქმნას.

თუმცა, ობის მოსაშორებლად, არსებობს სხვა საშუალებებიც:

მათეთრებელი

1/4 ჭიქა მათეთრებელი გააზავეთ 2 ჭიქა წყალში. ჩაასხით ხსნარი პულვერიზატორში და დაამუშავეთ დაზიანებული ზედაპირი. 10-15 წთ-ის შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მათეთრებლის ზემოქმედების გამო, შეღებილი ზედაპირი გაღიავდება. მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას კანზე ან თვალში, მუშაობის პროცესში კი სათავსო კარგად უნდა ნიავდებოდეს.

ძმარი

სუფრის ძმარი კარგად უმკლავდება ობს. ყველასთვის ხელმისაწვდომია და ერთადერთი, რაც შეგაწუხებთ, მისი სუნია. ძმრით დაამუშავეთ დაზიანებული ზედაპირი, 1 საათის შემდეგ კი წყლით ჩამორეცხეთ და ოთახიც გაანიავეთ. პროფილაქტიკის მიზნით, შეგიძლიათ რეგულარულად მიმართოთ ამ მეთოდს.

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. არც ტოქსიკურია და არც სპეციფიური სუნით გამოირჩევა, თუმცა მათეთრებლის ეფექტი აქვს და ეს გაითვალისწინეთ ფერად ზედაპირთან მუშაობისას. სპრეის სახით თუ შეიძენთ, უფრო გაგიადვილდებათ მისი გამოყენება. დაამუშავეთ ობიანი ადგილები წყალბადის ზეჟანგით, 1 სთ-ის შემდეგ ჩამორეცხეთ.

სოდა

საჭმელი სოდა წარმატებით უმკლავდება ამ პრობლემას. 1 ჩ.ჭ. წყალში გახსენით 1 ჩ.კ. სოდა და დაამუშავეთ დაზიანებული ადგილები. ჩამორეცხვის შემდეგ, თუ სოდის ნაწილაკები დარჩა, ნუ ეცდებით მათ მოშორებას. ისინი ხელს შეუშლიან სოკოს ხელახლა გავრცელებას.

აღნიშნული მეთოდები შეგიძლიათ პერიოდულად გამოიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით, მაგრამ გახსოვდეთ, ისევ და ისევ მოგიწევთ ობთან ბრძოლა, თუ მის გამომწვევ მიზეზს არ აღმოვფხვრით. მანამდე შეგიძლიათ ეს მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ, რათა ობის გავრცელებას ხელი შეუშალოთ: თუ გამწოვი არ გაქვთ, აბაზანის მიღების შემდეგ გამოაღეთ კარი ან ფანჯარა, დატოვეთ ანთებული შუქი 30 წთ-ით მაინც. ნუ გააშრობთ სარეცხს ოთახში, არ დატოვოთ სველი პირსახოცი სააბაზანოში. უარი თქვით კედლებზე ჩამოკიდებულ ხალიჩებზე. ხშირად გაანიავეთ ოთახები. სარეცხის დარეცხვის შემდეგ, ჩვრით ამოწმინდეთ მანქანის კარის დამცავ რეზინის რკალში ჩარჩენილი სითხე და არ დახუროთ მანქანის კარი, დააცადეთ განიავდეს და გაშრეს. საჭმლის კეთების დროს, ორთქლი რომ არ დადგეს, გამოაღეთ სამზარეულოს კარი ან ფანჯარა. შესაძლოა საჭმლის სუნი არასასიამოვნო ან არაესთეტიურია, თუმცა არა იმდენად, როგორც ობმა შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობასა და საცხოვრებელზე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის თავიდან აცილებაშიც ასევე დაგეხმარებათ სავენტილაციო სისტემა და გამწოვი, არის კონდენსატი, ანუ წყლის წვეთები ტუალეტსა თუ სააბაზანოში არსებულ მილებზე.

დიასახლისებისთვის ეს ნამდვილი თავის ტკივილია, რადგან, ჯერ ერთი, იატაკზე წვეთავს და ხშირად ხდება მოსაწმედნი; მეორეც, კონდენსატის გამო მილებიც მწყობრიდან მალე გამოდის; კონდენსატი უწყობს სწორედ ხელს ობის წარმოქმნასაც და ბოლოს, მილებზე არსებული წყლის წვეთები, უბრალოდ არაესთეტიკურია. კონდენსატის გაჩენის მიზეზი რამდენიმეა, ამიტომ სანამ მილებზე კონდენსატის დაგროვების თავიდან აცლებას გადაწყვეტთ, აუცილებელია მისი წარმოქმნის მიზეზი დადგინდეს.

კონდენსატის გაჩენის ზოგადი მიზეზი ის არის, რომ სახლის მილგაყვანილობას უფრო დაბალი ტემპერატურა აქვს, ვიდრე ბინაში არსებული ტემპერატურაა. ტემპერატურული სხვაობის გამო კი, მილების ზედაპირზე წარმოიქმნება წყლის პატარა წვეთები.

როგორ ავიცილოთ თავიდან კონდენსატის წარმოქმნა

თუ სააბაზანოსა თუ ტუალეტში მეტალის მილები გაქვთ, წელიწადში ერთხელ გადაღებეთ ისინი. საღებავი უნდა დაიტანოთ მხოლოდ მაშინ, როცა ცივი წყალი მოკეტილია, მილები კი სრულიად მშრალი უნდა იყოს. ცივი წყლის მილებზე კონდენსატის წარმოქმნას ხელს უწყობს უნიტაზის ჩამშვები ავზიდან ან სააბაზანოს ონკანიდან წყლის გამუდმებული ჟონვაც. ცივი წყლის ჟონვა ხელს უწყობს მილების ზედაპირზე დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას. ამის თავიდან ასაცილებლად, ხშირად საკმარისია გაჟონვის შეჩერება უნიტაზის ავზიდან ან ონკანის შეკეთება.

თუ კონდენსატი წარმოიქმნება ცივი წყლის დგარზე (სტაიაკზე), მიზეზი შეიძლება იყოს იგივე, ოღონდ მეზობლებთან. ამისათვის საკმარისია ღამით, როცა წყლის მოხმარება ნაკლებია, "მოუსმინოთ" მილს. თუ მასში გამუდმებით ისმის წყლის ხმა, ესე იგი, თქვენი მეზობლების სანტექნიკა წესრიგში არ არის. სანამ ისინი არ შეაკეთებენ თავიანთ წყალგამანაწილებელ სისტემას, თქვენთან კონდენსატის წარმოქმნა არ შეჩერდება.

კონდენსატის წარმოქმნის კიდევ ერთი მიზეზია შენობაში მაღალი ტენიანობა. ნორმალურად ითვლება 40-50% ტენიანობა. ჩაატარეთ მცირე ექსპერიმენტი: იმ ოთახში, რომელშიც კონდენსატი გროვდება, ღამით კარი ღია დატოვეთ. თუ დილისთვის მილები მშრალი იქნება, საქმე ცუდ ვენტილაციაში ყოფილა.

ვენტილაციის შესამოწმებლად მიიტანეთ სავენტილაციო მესერთან წვრილ ზოლებად დაჭრილი სიგარეტის ქაღალდი. თუ ქაღალდი უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ინძრევა, ესე იგი ვენტილაცია ცუდად მუშაობს და აუცილებელია მისი გამართვა.

თუ პასიური ვენტილაცია ცუდად მუშაობს ან საკმარისი არ არის, სავენტილაციო მესრის ადგილზე შეიძლება დამონაჟდეს გამწოვი ვენტილაცია, რომლის ჩართვაც შეიძლება როგორც ხელით, ასევე ავტომატურ რეჟიმში, ტაიმერზე ან ჰიგრომეტრზე (ტენიანობის გასაზომი ხელსაწყო) დაყენებით.

მილებზე კონდენსატის თავიდან ასაცილებლად შეიძლება, ასევე, მილების შეფუთვა სპეციალური საიზოლაციო მასალით.

თუმცა, თუ ასეთი მასალა ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ: შეიძინოთ სამონაჟე ქაფი და გოფრი. ამ უკანასკნელით შეფუთავთ პრობლემურ მონაკვეთს, შემდეგ მილთაშორის ადგილს ამოავსებთ სამონაჟე ქაფით.

ზემოჩამოთვლილი ხერხები და წვალება უბრალოდ არ დაგჭირდებათ, თუ სახლის ვენტილაციის სისტემა გამართული იქნება და ტენიანობას მუდმივად დაარეგულირებთ.

"აცრამდე გაიხუმრა, აცრის მერე რო ამბობ, კი კი კარგად ვგრძნობ თავსო და ესეთი ხარო" - რას წერს ფოტოგრაფი, რომელმაც არველაძეების ვაქცინაცია აღბეჭდა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო

ნიკა მელიას "დიეტა" - როგორ იკვებებოდა "ნაცმოძრაობის" ლიდერი 3 თვე ციხეში: "დღეში ერთხელ ვჭამდი და დღისით... "