შემოდგომა გვიახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლად მალე მოსავლის აღებას დაიწყებენ. სიმინდს მოამტვრევენ, ხორბალს მომკიან, ნარჩენებს კი ცეცხლს წაუკიდებენ იმის იმედად, რომ მომავალ წელს იმავე ნიადაგზე უკეთესი მოსავალი მოვა... ჩემი ბავშვობიდან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოგონება ღამის სიბნელეში ცეცხლის ალით განათებული ალაზნის ველია, ცეცხლის ენები შორს ვარსკვლავებივით რომ ელავდნენ. ამ სანახაობას ჩემი მოუსვენარი ყურადღების რამდენიმე საათით მიჯაჭვაც კი შეეძლო, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ის, რაც ჩემთვის თვალწარმტაცი იყო, ბუნებას გამანადგურებელ ზიანს აყენებდა.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თუმცა შემოდგომაზე, ღამ-ღამობით ჩემი აივნიდან ალაზნის ველის ხედი ჯერ კიდევ არ შეცვლილა, სივრცეში ცეცხლის ენების დანახვა ისევ შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებმა მრავალწლიან ტრადიციას ჯერ კიდევ ვერ უღალატეს. მაგრამ იქნებ ეს სწორედ ის წესია, რომელსაც მოსახლეობა თამამად უნდა შეელიოს, იმისთვის, რომ გარემო დაიცვას და ნიადაგის ნაყოფიერება შეინარჩუნოს.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტსაც წავაწყდი, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, მიწის გადაწვის პრაქტიკა შორეულ წარსულს ჩავაბაროთ. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დაგვეწვა ვენახი! პირველ მოსავალს ველოდით, მოსავალს ვინ ჩივის, ახლა, მთავარია ახაშენი გადარჩეს! როდის უნდა მორჩეს მინდვრების გადაწვის პრაქტიკა! კიდევ კარგი, რომ 20%-ზე მეტი არ არის განადგურებული. ასე გვითხრეს, თქვენ რომ ნათიბი არ გამოგაგვთ, მაგის ბრალიაო, არც კი გაგვცინებია ამ კომენტარზე. იქნებ რჩევებით დაგვეხმაროთ, თუ როგორ მოვუაროთ გადამწვარს?!"- წერს ახმეტის ღვინის სახლის "ფეისბუქ-გვერდი".
კითხვით, თუ რა ზარალს აყენებს ნარჩენების გადაწვა გარემოს და კონკრეტულ ნიადაგს, ეკოლოგებს მივმართეთ, რომლებიც ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა გარემოსთვის.
"ცეცხლი იწვევს ნაყოფიერი ნიადაგის დაწვას. ამ გზით ის ბუნებრივი ორგანიზმები, რომლებიც ეხმარებიან მცენარეებს ზრდაში, საკვებ პროდუქტებს აწვდიან მათ, პრაქტიკულად, იკარგება. ბუნებრივი ორგანიზმები აღარ არსებობენ ნიადაგში, იწყება ნიადაგის დეგრადაცია და ის კარგავს იმ ღირებულებას, რაც მას აქვს და რეალურად ამ პროცესის შედეგად ფერმერი ღარიბდება, რადგან მას შეზღუდული აქვს ის რესურსი, რომელზეც უნდა მოიყვანოს თავისი პროდუქტი, რომელსაც ყიდის და საიდანაც უნდა მიიღოს შემდეგ შემოსავალი. სწორედ ამ ნიადაგის დეგრადაციის შედეგია საბოლოოდ ის, რომ ფერმერები ტოვებენ თავის მეურნეობებს, მიდიან სხვა ადგილას საცხოვრებლად და ახალი ნიადაგების ათვისება უწევთ", - ამბობს გარემოს დაცვის სპეციალისტი კახა ბახტაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ფერმერები ამ ყველაფერს ინფორმაციის ნაკლებობის გამო აკეთებენ.
გარემოს დამცველი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა სახელმწიფომ და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ამ მიმართულებით ბევრ პროექტს ახორციელებენ და მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს მიწის გადამუშავების ახლებური, ნაკლებად საზიანო მეთოდები უნდა გააცნონ.
"ნიადაგის დაწვა ფერმერისთვის ნიშნავს იმას, რომ ნაკლები სარეველა ექნება მომავალ წელს. მეორე მიდგომა არის ის, რომ გამოიყენოს ჰერბიციდები ამ პროცესში, რაც ასევე ქიმიური ჩარევაა და ესეც ცალკე ზიანს აყენებს ნიადაგისა და გარემოს ხარისხს. არსებობს სხვა ტექნიკური მიდგომებიც, რომლებიც ფერმერებს უნდა ვასწავლოთ და მათ უნდა დანერგონ თავიანთ მეურნეობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იფიქროს, იმ ინსტიტუტებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. არ მგონია, რომ ფერმერებს ნიადაგისა და ქარსაფარი ზოლების წვა ნორმალურ პროცესად მიაჩნდეთ. თუმცა მათ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ", - ამობს ბახტაძე.
მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენების გადაწვა რომ მავნე პრაქტიკაა, აღნიშნავს ასევე "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე:
"ამან უკვე გამოიწვია ძალიან სერიოზული ხანძრები დედოფლისწყაროში. ფაქტობრივად, განადგურებულია ხელოვნურად დარგული ქარსაფარები, რომელიც იცავდა ნიადაგს და შენდებოდა იმისთვის, რომ მოსავალი მიეღო მოსახლეობას. რეალურად გვაქვს მოცემულობა, რომ მოსახლეობა ისევ მიმართავს არქაულ წესს და ფიქრობს, რომ თუ დაწვავს ნარჩენს, ამით გააუმჯობესებს ნიადაგის მდგომარეობას, რომელიც სინამდვილეში სერიოზულად ფიტავს მას და იწვევს ეროზიას. ეს არის ყოვლად დამღუპველი საქართველოს პირობებისთვის", - ამბობს ნინო ჩხობაძე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და კლიმატის ცვლილების მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსი ნინო ჩიქოვანის განმარტებით, ფერმერები ამ აგრონარჩენების დაწვას ორი გარემოებით ხსნიან - ერთი არის ის, რომ ეკონომიკური დანახარჯები უმცირდებათ და მეორე ის, რომ ფერფლი ნიადაგს ამდიდრებს მინერალებით. პრაქტიკა კი, ძირითადად, დედოფლისწყაროსა და შირაქის ველზეა გავრცელებული.
"თუ ფერფლს ნიადაგში შევიტანთ ეს ძალიან კარგია, არა გადაწვის გზით არამედ ხელოვნურად - ის მინერალებით მდიდრდება. მაგრამ როდესაც ადგილზე ხდება დაწვა, ამ შემთხვევაში ხდება ნიადაგის ნაყოფიერების სტრუქტურის ცვლილება, ნაყოფიერების შემცირება. საბოლოოდ, ეს ნიადაგის დეგრადაციას იწვევს, რაც თავისთავად ამცირებს მოსავლის რაოდენობას", - განმარტავს ნინო ჩიქოვანი.
მისი რეკომენდაციით, უმჯობესია, ფერმერებმა ალტერნატიულ გზას მიმართონ და მოსავლის აღების შემდეგ აგრონარჩენები ტერიტორიაზე ჩაჩეხონ.
"ეს არის შემუშავებული ალტერნატივა შეთავაზებული მათთვის. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომ ნიადაგის კანონში კონკრეტული ვალდებულება დაუწესდეთ მათ. ეს არ იქნება ეკონომიკურ დანახარჯებთან დაკავშირებული, უბრალოდ ნიადაგის დაცვის ღონისძიებების გატარება იქნება მათი ვალდებულება. თუ კანონის დაცვა არ მოხდება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩნდება შესაბამისი ჩანაწერი", - ამბობს ჩიქოვანი.
რაც შეეხება უკვე გადამწვარი ნიადაგის აღდგენას, გარემოსა და კლიმატის ცვლილების მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსის რჩევით, მიწის ნაკვეთზე ორგანული სასუქების შეტანა უნდა მოხდეს და ნიადაგი ბუნებრივი მეთოდებით აღდგეს.