ავტორი:

დეველოპერული კომპანია m2 „სვეტის“ მშენებლობებს დაასრულებს

დეველოპერული კომპანია m2 „სვეტის“ მშენებლობებს დაასრულებს

11 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2500-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m2-ს მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.

m2 მზადაა სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

„2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ამ ოჯახების სახელით მინდა გადავუხადო პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო კომპანია m2-ს, ძალიან დიდი მადლობა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს. ძალიან დიდი მადლობა ყველას და პირველ რიგში თქვენ, რადგან თქვენ იყავით ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობდნენ ჩვენთან და რომ არა თქვენ, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება“, - განაცხადა თბილისის მერმა m2 -თან მემორანდუმის გაფორმებისას.„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ. აღნიშნულ პროექტში ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით ჩავერთეთ და მადლიერები ვართ ამგვარი ნდობის გამოცხადებისთვის. მოგეხსენებათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ყველა ჩართულ მხარესთან და, როგორც ხედავთ, შედეგიც დადგა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, წლების განმავლობაში მომლოდინე ოჯახები კუთვნილ ბინას მიიღებენ“, - ამბობს m2-ის მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი.