ავტორი:

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

ბავშვობა აფხაზეთსა და სამერელოში გაატარა. დედა და დეიდები მასწავლებლები ჰყავდა, რომლებიც მუდამ სითბოთი და სიყვარულით საუბრობდნენ თავის მოსწავლეებზე და მანაც ძალიან ადრე დაიწყო ამ პროფესიაზე ფიქრი.

დღეს "ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამით კონსულტანტ-მასწავლბელი და თბილისის 26-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლია. პროგრამით დმანისის სოფელ მაშავერაში მუშაობს - "ამ გზაზე ბავშვების სიყვარული დამატარებს და სხვა ყველაფერი აქ უკვე მეორეხარისხოვანია... მასწავლებლობა აფხაზეთიდან დავიწყე, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, სამუშაო გამოცდილებისთვის გაგრის რაიონის დაბა განთიადიდან შორს, ბზიფის დაბა იფნარში დავდიოდი. კარგად მახსოვს აფხაზი და სომეხი კოლეგების ყურადღება და სიყვარული, მხარს მიჭერდნენ, როცა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება მსურდა. მგზავრობით დაღლილს შრომასაც მიმსუბუქებდნენ და შებინდებულზე გაჩერებამდე მაცილებდნენ. ხოლო აფხაზი ჭაღარათმიანი მძღოლი, რომელიც დაბა ლესელიძე-გაგრის ავტობუსის რეისით დილის 6 საათზე ჩამოივლიდა, თანხას არ მახდევინებდა: "შენ სწალა გინდა, დიდ გზაზე დადიხარ და მე თანხა, როგორ უნდა გამოგართვაო? სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ხალხს არ ეკითხებიან აზრს და ამიტომ საქართველოში მცხოვრებ ასეულ ათასობით ადამიანს, ისე როგორც მე, დევნილის სტატუსით მოგვიწია ცხოვრებამ", - ამბობს თამარ ადამია მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან. თამარ ადამია საქართველოს საუკეთესო მასწავლებლების ხუთეულშია.

1990 წელს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტი დაამთავრა, ოცნებობდა, შორს აფხაზეთის, მაღალმთიან სოფელში მასწავლებლად ემუშავა...

მაგრამ წლების განმავლობაში თბილისში, ბაგა-ბაღის ფსიქოლოგად და მეთოდისტად იმსახურა. ასევე ჰერმან გმაინერის ბავშვთა სოფლის მასწავლებლად, იტალური სკოლის ფსიქოლოგად და ხელოვნების მასწავლებლად, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრებში ტრენერად, ქართულ-პოლონური ორგანიზაციის მედიატორად-თანატოლთა მედიაციაში. 2014 წლიდან "ასწავლე საქართველოთვის" პროგრამაში მოხვდა და დიდი ხნის ოცნება აიხდინა, გაემგზავრა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კონსულტანტ-მასწავლებლად.

"რაჭაში ამბროლაურის სოფელი ურავი გავიცანი, ქვემო ქართლში წალკის ხარება და იმერა, დმანისში სოფელი მაშავერა, ადგილობრივი მოსწავლეები, მასწავლებლები, თემი. იყო "ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი, ნიშნავს გაინაწილო რეგიონში არსებული მძიმე კლიმატური, ეკოლოგიური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემები და ადგილობრივებს ყოველდღიურობა შეუმსუბუქო, აჩუქო ბავშვებს ბედნიერი საათები და სრულფასოვანი განათლება.

სასიამოვნოა, როცა დიდი ქალაქიდან ჩასული ვგრძნობ, რომ მე იქ ვარ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდები ბავშვებს, სკოლას და თემს. მათი მხარდაჭერაც არანაკლებ მაძლიერებს, მაგალითად, ყოველ ხუთშაბათს, კაზრეთთან, დილის 8 საათზე კაზრეთის ქარხნის ღამის ცვლაში დასაქმებული ღამენათევი მაშავერელი მუშებით სავსე მარშუტი მოთმინებით მელოდება თბილისიდან ჩამოსულ მასწავლებელს, რომ სოფლის სკოლამდე მიმიყვანონ, იქ სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს," - გვიყვება პედაგოგი, რომელსაც მასწავლებლობაში ფსიქოლოგის პროფესიაც ეხმარება, ამიტომ, როგორც ამბობს, მის გაკვეთილზე ბავშვებს მოსაწყენად არ სცალიათ. "ხელოვნება ის სფეროა, რომელიც ავითარებს უამრავ უნარს. აქ შეძენილი ცოდნა, გამოცდილება, ყველა სფეროში დასჭირდებათ. ამიტომ ხელოვნების კაბინეტში, რომელიც უფრო სახელოსნოს ჰგავს, ბავშვებს ახალ-ახალ აქტივობებს ვთავაზობ: საინტერესო სახელოვნებო მასტერკლასებს, ვიდეომასალებს, ილუსტრირებულ სახელოვნებო წიგნებს, პრაქტიკული მუშაობისთვის ფერად წინსაფრებს, სამკლაურებს და სამუშაო პროცესი კლასიკური მელოდიის ფონზე მიმდინარეობს... ვატარებ ორ სახელოვნებო საწრეო მუშაობას, გარდა შემოქმდებითი პროცესისა, როცა მუშაობენ არატრადიციული სამუშაო რესურსებით, მოსწავლეებს უმაღლდებათ ეკოცნობიერება და წიგნების სიყვარული, როცა ზღაპრის პერსონაჟებს ამზადებენ. ამიტომ კოლეგები და მშობლებიც სიამოვნებით ერთვებიან.

არაფერი ჯობია სკოლის კაბინეტ-სახელოსნოში უცნაური ეკოგამოფენების დათვალიერებას, სადაც ნახავთ ზღაპრებიდან გადმოსულ პერსონაჟებს, სკოლის დერეფნებში გამოფენილ "პაპიე მაშეს" ტექნიკით დამზადებულ სათამაშოებს, სასწავლო რესურსებს, კედლის სამშვენისებს, პლასტიკატითა და პოლიეთილენის პარკებით, ფერადი ფოთლებით შექმნილ ნამუშევრებს. ყველაზე კარგ ნამუშევრებს აუქციონზე ვყიდით, მას მშობლები ყიდულობენ და ვეხმარებით სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, შემოდგომაზე ერთი ასეთი გამოფენაც იგეგმება," - გვიამბობს ქალბატონი თამარი.

მისი წარმატების ისტორია პირდაპირ ბავშვებს უკავშირდება, რადგან ბავშვებთან ურთერთობამ ასწავლა მასწავლებლობა, ხოლო წიგნები, რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია მათთვის წერს, სწორედ მათთან ფსიქოლოგობისა და მასწავლებლობის შედეგად შეიქმნა. პედაგოგიურმა პრაქტიკამ დაანახა, არა მხოლოდ მისი მოსწავლეების, არამედ ბავშვთა ფართო მასების საჭიროებებიც. პედაგოგიური და ფსიქოლოგიური პრაქტიკით 90-იან წლებში შეიქმნა "მხიარული დედაენა", ეს ახალი დამხარე წინასაანბანო წიგნია, რომელიც ბავშვებს ქართულ ანბანს თამაშით ასწავლის, უუმჯობესებს ხელის ნატიფ მოტორიკასა და თვალის კოორდინაციას, მეტყველებას... წიგნი დღემდე აქტუალურია, მეტიც, ბესტსელერია და წელს მეთვრამეტეჯერ გამოიცა; მას მოჰყვა წიგნები: "ზრდილობის წიგნი", "პირველი საკითხავი წიგნი" (სერიები) - "შემეცნებითი ზღაპრები", "ცელქი დინოზავრები", "ქართული მითები და ლეგენდები" (ადაპტირებული ვერსიები), დაწყებითი განათლების (ჯიპრაიდის) პროექტისთვის დაწერილი ზღაპრები და მოთხრობები... გრიფირებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელმძღვანელოები.

სულ ბოლოს კი თამარი გვეუბნება, რომ ბავშვებთან ურთიერთობამ მასწავლებლობა ასწავლა და ბავშვებთან მასწავლებლობით კი ისწავლა, როგორ უნდა წეროს და იღვაწოს მათთვის. მისი წარმატების საიდუმლოც ამაშია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი