22 ნოემბრიდან „m2 უძრავი ქონების“ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ორ წლიან სასწავლო კურსს იწყებს. კურსზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კურსის მსმენელები შეისწავლიან და შეიმუშავებენ დასაქმებულთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმებს, შექმნიან პირობებს ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფენ შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ შეაფასონ პროფესიული დაზიანებები და აკონტროლონ რისკი, დაიცვან ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესები, გაწიონ პირველადი გადაუდებელი დახმარება, შეაფასონ გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება და სხვა.
ამჟამად „კონსტრუქტ2“ ქვეყანაში ერთადერთი სასწავლებელია, რომელიც მშენებლობის მიმართულებით სრულიად უფასოდ არა მხოლოდ უმაღლესი დონის განათლებას იძლევა, არამედ ზრუნავს კურსდამთავრებულების წამყვან სამშენებლო კომპანიაში დასაქმებაზე.
„გახსნიდან რამდენიმე თვეში, „კონსტრუქტ2“ პროფესიული ხელობის შემსწავლელი საუკეთესო და ნოვატორი კოლეჯის სახელს იმყარებს და ახალი კურსის დამატებით სიახლესაც გთავაზობთ. საქართველოს სამშენებლო ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დამკვიდრება და, ამ გზით, დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე და სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ჩვენს უპირველეს მოვალეობად მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ „კონსტრუქტ2-ში“ აღნიშნული კურსის შემოტანას პროცესის ბუნებრივ გაგრძელებად განვიხილავთ“, - ამბობს კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.
NS