ავტორი:

როგორ უნდა მოიზიდოთ ბარაქა და მოაგვაროთ პრობლემები მეორე ნახევართან - ფენ შუის ქართველი მასტერის რჩევები

როგორ უნდა მოიზიდოთ ბარაქა და მოაგვაროთ პრობლემები მეორე ნახევართან - ფენ შუის ქართველი მასტერის რჩევები

თიკა ქოქაშვილი 19 წელია ინგლისში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე წლის წინ სამშობლოს ფენ შუის ლიცენზირებული სპეციალისტის ამპლუაში ესტუმრა და მას შემდეგ საქართველოში მის ჩამოსვლას ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან. თიკა სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია, აქვს საკუთარი ჯგუფი, სადაც შეკრებილ რამდენიმე ათას ადამიანს ფენ შუის მიხედვით სწორად ცხოვრების წესებსა და რიტუალებს უზიარებს. როგორ უნდა გაზარდოთ შემოსავალი, მოაგვაროთ პრობლემები და რა ნივთების ტარება ან ქონა არ არის მიზანშეწონილი, - ამ საკითხებზე თიკა AMBEBI.GE-ს მკითხველს ესაუბრება:

- ფენ შუის საფუძვლიანი შესწავლა 6 წლის წინ დიდ ბრიტანეთში დავიწყე. ინგლისში ვცხოვრობ 19 წელია და ერთ დღეს გადავწყვიტე სრულიად შემეცვლა ჩემი ცხოვრება, გამეხადა ჯადოსნური და დავიწყე ამ უძველესი მეცნიერების სწავლა. პირველად დავიწყე ინგლისის უნივერსიტეტში კურსებით, უამრავი წიგნების კითხვით, მაგრამ მალე მივხვდი, რომ იქ საფუძვლიანად ვერ ვიღებდი ამ ცოდნას და დავიწყე მოძიება დიდი ოსტატების. ჩემი "კუმირი" და ფავორიტი იყო ლილიან ტუ, რომლის წიგნებმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, ცნობიერებასა და განათლებაზე. ჩავირიცხე ლილიან ტუს სასწავლებელში და დავიწყე საფუძვლიანი სწავლა და გავხდი ფენ შუის ლიცენზირებული სპეციალისტი, მივიღე წოდება მასტერის. ლილიან ტუსთან სასწავლებლად, წელიწადში ორჯერ მიწევს ჩასვლა მალაიზიასა და ჩინეთში, სადაც ბოლო წლებია მყავს ასევე საკმაოდ ცნობილი მასწავლებელი რაიმონდ ლო. რაიმონდ ლო მასწავლის უძველეს მეცნიერებას ენერგიების შესახებ, რომელიც არის ისეთივე მეცნიერება როგორიცაა ფიზიკა, ქიმია...

ხშირად მიწევს საქართველოში ჩამოსვლა რადგან საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ბოლო წლებში ფენ შუის მეცნიერება, მაგრამ ასევე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, ფენ შუის მიხედვით ცხოვრების დაგეგმარებაში უცხოეთში მცხოვრებ ბევრ ქართველსაც ვეხმარები.

- თიკა, როგორ უნდა გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან?

- სახლის წმენდის ბევრი მეთოდია, მაგრამ გასწავლით ყველაზე მარტივს, რომლისთვისაც საჭიროა სამი საეკლესიო სანთელი ან სპეციალური პროგრამული ან სურნელოვანი ჩხირი, მარილი და ზარი ან ტიბეტური თასი. პირველ დღეს სანთლით ან ჩხირით უნდა მოიაროთ მთელი სახლი და დაწვათ ბოლომდე. მეორე დღეს მოყაროთ ყველა კუთხეში მარილი, საღამოს დაგავეთ და წყალს გაატანეთ. მესამე დღეს კი ზარით მოიარეთ სახლი, რეკეთ ყველგან. უძლიერესია ასეთი წმენდა და აუცილებელია ჩვენი გარემოსთვის.

- როგორ უნდა მოვიზიდოთ ფული საფულეში?

- ფულის მოზიდვის რამდენიმე მარტივ წესს გასწავლით. საფულე გაათავისუფლეთ სავიზიტო ბარათებისგან, ფურცლებისგან, სურათებისგან, ასევე ხატების ჩადებაც არ შეიძლება. ფინანსების მოსაზიდად, ვიღებთ ფენ შუის სამ მონეტას, ინდური მწვანე ჩაის ფოთლებს, პიტნას, რომელსაც ვაწვეთებთ ფაჩულის ზეთს და ასევე ბევრ პატარ-პატარა თილისმას, - ამ ყველაფერს ვათავსებთ საფულეში. ეს რიტუალი აძლიერებს ფინანსების შემოდინებას ჩვენს საფულეში.

ასევე აუცილებელია ყოველ სავსემთვარეობას "დავმუხტოთ საფულე", სავსემთვარეობის პიკამდე, სანამ იზრდება და ივსება მთვარე. "საფულის დამუხტვის" რიტუალი სავსემთვარეობისას ძალიან პოპულარულია ფენ შუის მოყვარულებში, თუმცა ასტროლოგია ამბობს, რომ პირიქით, ფული ახალ მთვარეს უნდა დავანახოთ. დიახ, ფენ შუი პიკზე ზუსტად იმ დროს "მუხტავს საფულეს", როდესაც ძალიან ძლიერია მისი ენერგია, ახალ მთავრეზე კი საკმაოდ სუსტია.

- ფენ შუის მიხედვით, რომელი ნივთებია სასურველი, რომ სახლში გქვონდეს?

- აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში ბარაქის ხე, ნანჩუ - ფენ შუის სამფეხა ბაყაყი, რომელიც მონეტას აგდებს პირიდან, ძუ ლომები შესასვლელში, ბაგუა სარკე და წელს, ვინაიდან ვირთხის წელი მოდის, დაუმატეთ ჭკვიანი და შემგროვებელი ვირთხა.

- რას ურჩევთ ქალებს, რომელსაც მეორე ნახევართან პრობლემები აქვს?

- ვისაც მეორე ნახევართან პრობლემები აქვს, მათ ვურჩევ, რომ საძინებელში დაალაგონ ფენ შუის იხვები - ფენიქსი და დრაკონი, მატრასის ქვეშ, შუაში დადონ ორმაგი ბედნიერება (სტიკერი) და აუცილებლდ დაიძინონ მარცხენა მხარეს, მეუღლე კი დააწვინონ მარჯვენა მხარეს.

- როგორ უყურებს სიკვდილს ფენ შუი, რას ურჩევთ ადამიანს, რომელსაც ახლობელი დაეღუპა და ცუდადაა?

- ფენ შუის თანახმად, სიკვდილი არ ნიშნავს, რომ ადამიანი ქრება, ის უბრალოდ გადადის სხვა განზომილებაში და ტოვებს სხეულს. სხეული არის სამოსი, რომელსაც სული, როცა იბადება, სამოსივით იცვამს, სული კი უკვდავია.

- რომელია ის ნივთები, რომელთა ტარებასაც ან სახლში გაჩერებასაც უნდა ვერიდოთ?

- სახლში არ ვარგა კაკტუსი და ეკლიანი მცენარეები, ასევე ფიტულები და ცხოველები. არ გირჩევთ მაკრატელის ან დანის გამოსახულებიანი ყელსაბამების ტარებას. ასევე ნუ გამოიყენებთ სიმბოლოებს, რომელთა შესახებაც არ გაქვთ სრული ინფორმაცია.

- თუ არის რაიმე განსაკუთრებული ნივთი, რომელიც სახლის შემოსასვლელ კარზე უნდა დავკიდოთ?

- კი არის სპეციალური სტიკერები, სარკეები და დამცავები. ძალიან პოპულრულია ბაგუა სარკე.

- ყველაზე მარტივი რა შეიძლება გააკეთოს ჩვენმა მკითხველმა, რომ დღე პოზიტიურად დაიწყოს?

- სარკეში ჩაიხედეთ და ბედნიერი დღე უსურვეთ საკუთარ თავს, თქვენზე ძვირფასი ხომ არავინ გაგაჩნიათ, ამიტომ შეიყვარეთ თქვენი სხეული და საკუთარი თავი თავისი ცხოვრებით. გაუგზავნეთ სიყვარულის ენერგია და უსურვეთ ბედნიერი და წარმატებული დღე.