ავტორი:

აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავებულია 5 ადამიანი

აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავებულია 5 ადამიანი

ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც, 5 ადამიანი დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის „სენტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული.

მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.

მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

დაშავებული ხუთი პირიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მათ კლინიკაში 3 პაციენტი იმყოფება.

„ჩვენთან სამი მამაკაცია შემოსული, ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთი კი, დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში“,- აცხადებს ქაშიბაძე.

კიდევ ერთი დაშავებული ქალი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, პაციენტს თავის ზედაპირული ტრავმა აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენს კლინიკაში 60 წლამდე ასაკის ქალია შემოყვანილი, რომელსაც თავის ზედაპირული ტრავმა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა აქვს. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ჯერ კიდევ ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს“, - აცხადებს ლევან ბესელია.

რაც შეეხება აფეთქებისას დაშავებულ არასრულწლოვანს, ის ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" ციციშვილის კლინიკაში განუცხადეს, არასრულწლოვანს სახის არეში და ხელზე მცირე დაზიანებები აღენიშნება. "ესკორაციები დამუშავდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე ბინაზე გაეწერება", - განაცხადეს კლინიკაში.

ქუთაისში სიტუაცია დაიძაბა - საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქარელში 22 წლის ბიჭი მოკლეს

ჩხოროწყუში დააკავეს პოლიციელი, რომელსაც 34 წლის მამაკაცი  გაუპატიურებაში ადანაშაულებს