ავტორი:

სომხეთში "შემოდგომის კრიზისი” მწვავდება - ყოფილი შს მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთში "შემოდგომის კრიზისი” მწვავდება - ყოფილი შს მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

"შემოდგომის კრიზისი სომხეთში" - ასე უწოდებს სომხური მედია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შსს-მ ყოფილი მინისტრი, აიკ არუთინიანი გარდაცვლილი იპოვა. საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ნაირა არუთინიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

არუთიუნიანი, 1999-2003 წლებში სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, 2003-2008 წლებში კი - პოლიციის უფროსი იყო. მას მოწმის სტატუსი ჰქონდა 2008 წლის 1 მარტის შეტაკებების საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, სომხეთის მესამე პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, 1 მილიონი დოლარის მითვისების გამო ბრალი წარუდგინეს.

სომეხი ჟურნალისტი, იური მანველიანი ekhokavkaza.com-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, ქვეყანაში შემოდგომის კრიზისი მწვავე ფაზაში შევიდა.

"რევოლუციონერი პრემიერი კორუფციასთან დაუნდობელ ბრძოლას აცხადებს. აკავებს ძალოვანი და სხვა უწყებების კორუმპირებულ წარმომადგენლებს. ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ შეკვეთას, ასეთ პირობებში მუშაობა უჭირდათ, რადგან არ ჰყოფნიდათ პროფესიონალიზმი და კომპეტენცია. შეჩვეული იყვნენ ისეთ დამოკიდებულებას, როდესაც მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ - მიდი, გააკეთე და შენს უკან ჩვენ ვართ...

ასეთ პერსონებზე გალაშქრებამ შექმნა კრიზისი. უშიშროების სამსახურში არ გვყავს პროფესიონალი იურისტები, კომპეტენტური კადრები, ვისაც მუშაობა შეუძლია. ეს პრობლემა ეხება პოლიციას, არმიას... თუმცა, მათ არ სურთ სამუშაო ადგილების დაკარგვა და თან ამბობენ - ასე სწრაფად ვერ შევიცვლებით, როგორც სხვა დანარჩენები. არადა, შეიცვალა საზოგადოება და ხელისუფლება, თუმცა, ძალოვნებს ახალ გარემოებაში მუშაობა არ შეუძლიათ. ქვეყანაში საკადრო კრიზისია", - ამბობს სომეხი ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, თავად ფაშინიანის გარემოცვაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სერჟ სარგსიანთან დღემდე მეგობრობენ. ჟურნალისტის განცხადებით, მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც თავის დროზე ფაშინიანს გარკვეული კეთილდღეობის იმედით დაუდგა გვერდით, თუმცა, შემდეგ იმედი გაუცრუვდა და ახლა მედიის საშუალებით ცდილობენ ინტრიგების დათესვას და არ გამოსდით.

"შიდა კრიზისის პარალელურად, მიმდინარეობს რუსეთისა და ამერიკის გავლენების შორის ბრძოლა. რუსული ბიზნესი ცდილობს დასავლური ჩაძიროს", - ამბობს ჟურნალისტი.

ის, რომ რუსეთი სომხეთში პოზიციებს ადვილად არ დათმობს, ადვილი მისახვედრია. ახლახან, სრულიად მოულოდნელად, კრემლმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზების განხილვისას, ერევნის პოზიცია მოიწონა.

10 ნოემბერს, ერევანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესტუმრა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. შეხვედრაზე თითქმის ყველა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობაზე, სტრატეგიულ კავშირებზე, ვაჭრობასა და ეკონომიკაზე. სომხების თქმით, რუსეთისგან ცალსახად ფიქსირდება პოზიცია, რომ რუსეთი არ დაუშვებს სომხეთის ბაზარზე სხვა ქვეყანა იყოს დომინანტი.

რაც შეეხება ყარაბაღის კონფლიქტს, წლების შემდეგ პირველად, სომხეთის ხელისუფლებამ ისაუბრა პრობლემის მოგვარების ისეთ გზებზე, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხისთვისაც მისაღები იქნება. რუსეთის ხელისუფლების თქმით, ასეთი პოზიცია მათთვისაც საინტერესოა.

სომხური საზოგადოება რუსეთის მიმართ ისევ უნდობლად არის განწყობილი.

"საინტერესოა, რა აქვს ჩაფიქრებული ჩვენს სტრატეგიულ მეგობარს. გვახსოვს, თუ რა რაოდენობით შეიარაღება მიჰყიდა აზერბაიჯანს. არ გვინდა რუსული კადრები და ბიზნესები, იქნებ შევძლოთ და თავად ამოვიდეთ ამ ჭაობიდან", - წერენ სომეხი ინტერნეტმომხმარებლები.

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და მამაკაცები ერთი შესასვლელით ისარგებლებენ

ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"

მასტაბური გაფიცვის მეორე დღე საფრანგეთში - დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაკავებულია ათობით ადამიანი