ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის "მედიაჯალათი" - ვინ არიან ადამიანები, ვინც ქართული მედია უნდა გააკრიტიკოს და რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

"ბიძინა ივანიშვილის "მედიაჯალათი" - ვინ არიან ადამიანები, ვინც ქართული მედია უნდა გააკრიტიკოს და რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

ქართულ მედიასივრცეში შექმნილი პროდუქტის გასაკრიტიკებლად, ნოემბრის ბოლოს პლატფორმა "მედიაკრიტიკა" შეიქმნა.

იმან რომ, აღნიშნული პლატფორმა დაფუძნდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბაზაზე, რომლის შემადგენლობასაც საქართველოს პრეზიდენტი ირჩევს და პარლამენტი 6 წლის ვადით ამტკიცებს, საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და არასამთავრობოების კრიტიკა დაიმსახურა.

ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ შექმნის ქართველი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მასალებზე კრიტიკულ რეცენზიებს და ვინ შეეცდება მედიაგარემოს გაჯანსაღებას, "მედიაკრიტიკის" Facebook-გვერდზე გავრცელებული ვიდეორგოლიდან ვიგებთ. ეს სახეები არიან:

  • ზვიად ავალიანი - „ობიექტივის“ წამყვანი;
  • რევაზ საყევარიშვილი - „იმედის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე;
  • ია ანთაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი (თუმცა, ანთაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ უშუალოდ მასალების შეფასებასა და გამოქვეყნებაში არ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ ვიდეორგოლში გამოჩნდა);
  • შორენა შავერდაშვილი - „ლიბერალის“ მფლობელი;
  • ბასა ჯანიკაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გადაცემა „საუკეთესო წიგნების“ ავტორი და "პირველ არხზე" გადაცემა "ნაშუადღევს" ერთ-ერთი სექციის წამყვანი;
  • ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფოსი;
  • დავით კაკაბაძე - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის პროგრამის ხელმძღვანელი;

"რას წერენ? რას ამბობენ? რას გადმოსცემენ? როგორ აშუქებენ? ხშირად გვესმის საზოგადოების წუხილი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მედიის თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე" - გვეუბნება ბასა ჯანიკაშვილი ვიდეორგოლში.

რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები მარეგულირებელი კომისიის ბაზაზე შექმნილ პლატფორმაში? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ რამდენიმე რესპონდენტს მიმართა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ მედიაკრიტიკა კარგია, თუმცა ის, რომ მას ქმნის მარეგულირებელი კომისია, ჟურნალისტებს მიკერძოებულობის შეგრძნებას უჩენს:

"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი მარეგულირებელი კომისია, იყო ან არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი. იქ ადამიანები ირჩეოდნენ და ინიშნებოდნენ ხელისუფლების გავლენების შესაბამისად. ამიტომ, როდესაც მედიაკრიტიკას, მედიის შინაარსზე კონკრეტული მოსაზრებების გამოქვეყნებას იწყებს ინსტიტუცია, რომლის მიმართაც მიუკერძოებლობის კუთხით გვაქვს ეჭვები, არ არის კარგი და ეს არ არის კომუნიკაციების კომისიის საქმე.

იმიტომ, რომ შინაარსის კონტროლი, შინაარსის შესწავლა დღევანდელი კანონმდებლობით, არ არის კომუნიკაციების კომისიის პრეროგატივა. შესაბამისად, ამას არ ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს და გარკვეულ საფრთხეს ვხედავთ, რომ კომუნიკაციების კომისიას ამ პროექტის ფარგლებში აქვს სურვილი, გავლენა მოახდინოს რაიმე სახით, თუნდაც დიდი დოზით კრიტიკით, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ კონკრეტული მედიაპროდუქტის შექმნაზე.

მოლოდინიც გვაქვს, რომ ისინი იქნებიან ლოიალური ხელისუფლების მხარდამჭერი მედიების მიმართ და უფრო კრიტიკულ მედიასაშუალებებს გააკრიტიკებენ" - განმარტა გიორგი მგელაძემ.

"მედიაჯალათი" - ასე მოიხსენია კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც და მისი პროექტიც ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა.

"მარეგულირებელს კანონი ძალიან მკაფიოდ უდგენს ჩარჩოებს, რა უნდა გააკეთოს მან. ეს პლატფორმა, რაც კომისიამ შექმნა სინამდვილეში აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მის მისიას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იქით მიდის, რომ კომუნიკაციების კომისია არის ბიძინა ივანიშვილის „მედიაჯალათი“ და ამ ფუნქციას ასრულებს ახლა.

"ობიექტივის" წამყვანი რომ დაჯდება და მე რომ გამაკრიტიკებს, ეგ ძალიან სასაცილოა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს და სულ რომ ანგელოზთა დასი დასვას იქ, ეს არის კომუნიკაციების კომისიისთვის შეუსაბამო საქმიანობა.

კახა ბექაური იმდენს აკეთებს, რომ სია რომ დგება, პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლეებისა და პროკურორების, რომლითაც შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ, რომ მათზე სანქციები დაწესდეს, ბოლოს მოვითხოვთ, რომ ესეც შეიყვანონ ამ სიაში. ჯამში ის არის მედიაჯალათი და საერთაშორისო საზოგადოებამაც უნდა შეაფასოს, როგორც მედიაჯალათი.

ივანიშვილის დაფინანსებული მედიების და ივანიშვილის ჯიბის ჟურნალისტებისა და ექსპერტების კრიტიკა ძალიან არ მაინტერესებს. ერთი რომ კანონთან შეუსაბამოა, რასაც აკეთებს კახა ბექაური ამ თავის პლატფორმას და მეორე, რომც იყოს კანონთან შესაბამისი, პერსონალია იქ ისეთი და ისეთი ხალხია შერჩეული, რომ ძალიან სასაცილოა. შეირჩნენ "ქოცური" კრიტერიუმებით. ვინც არის ქოცი, შეარჩიეს ისინი" - განუმარტა AMBEBI.GE-ს ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გვეუბნება, რომ ხელისუფლება უკვე ერევა მედიის შინაარსში და მედიაკრიტიკის შექმნით, მას ახალი არაფერი უთქვამს:

"ჩემი აზრით, ხელისუფლებას არ სჭირდება არანაირი საკანონმდებლო ცვლილება და ახალი ინიციატივა იმისთვის, რომ მედიის შინაარსში შემოიჭრას თუ მას ამგვარი ნება აქვს. ამას ის უკვე აკეთებს. ეს გაუკეთებია არაერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ამის უფლება არ აქვს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

მაგალითად, ამ წუთას მიმდინარეობს პროცესი სასამართლოში ჩვენი მედიაორგანიზაციის წინააღმდეგ და ამ საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად დევს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაწერილი წერილი ჩვენს მედიაპროდუქტთან დაკავშირებით.

"მედიაკრიტიკამ" მომავალში რატომ უნდა შემაშინოს, როდესაც უკვე პრაქტიკაში მაქვს ის, რაზეც მომავალში ჰიპოთეტურად საუბრობს ზოგიერთი ექსპერტი?" - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

"მედიაკრიტიკის" ზემოთჩამოთვლილი ექსპერტების გარდა, როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, ონლაინ-პლატფორმა მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც გაიზიარებს მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსს, რომელიც ჟურნალისტიკის უმთავრესი პრინციპების საფუძველზეა მომზადებული.

"მედიაკრიტიკის" ერთ-ერთმა ავტორმა შორენა შავერდაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ავტორებს, რომლებიც კრიტიკულ მასალებს მოამზადებენ, შეუძლიათ დისტანცირება ნებისმიერი სახის გავლენისგან, არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგანაც:

"ჩვენს მედიასივრცეში, რომელიც არის უკიდურესად პოლარიზებული, ძალიან ბევრია ყალბი და ტყუილი ინფორმაცია, ბევრია სპეკულაცია და მოვლენების ზედაპირულად გაშუქება. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც მედიაში მიმდინარე პროცესებსა და სხვადასხვა მედია პროდუქტებზე ისაუბრებს ობიექტურობის პრეტენზიით, კეთილსინდისიერად და კორექტულად.

რაც უფრო მეტად ილაპარაკებენ მედიის წარმომადგენლები მედიის შესახებ და მეტად თვითკრიტიკულები ვიქნებით, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად წაადგება ჩვენს მედიასივრცეს და უფრო მეტად გაჯანსაღდება პროცესები. ეს იქნება კარგი შენაძენი მედია სივრცისთვის. ჩემი რწმენა ასეთია იმ ადამიანებიდან გამომდინარე, ვინც ჩართულები არიან ამ პროექტში და იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომლებსაც ვიზიარებთ და რომლისგანაც შედგება ამ პლატფორმის სარედაქციო პოლიტიკა.

როდესაც ჩვენ გავლენებზე ვსაუბრობთ, ყველას ჰგონია სახელისუფლებო გავლენებზე საუბარი და მე მგონია, რომ მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები უნდა ვახერხებდეთ დისტანცირებას ნებისმიერი ტიპის გავლენისგან. მნიშვნელოვანია კრიტიკულები ვიყოთ ყველაფრის მიმართ და არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ“ - განაცხადა შავერდაშვილმა.

AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში მარეგულირებელი კომისია განმარტავს, რომ ახალი ვებ-პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა და ის საზოგადოებას პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას სთავაზობს.

"მედიაკრიტიკის ონლაინ-პლატფორმის მიზანი, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა. Mediacritic.ge ასევე ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას და დაეხმარება მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნაში“ - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება აღნიშნული პლატფორმის დაფინანსების საკითხს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განგვიმარტეს, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობს.

"მედიააკადემია არის ააიპ, რომელიც დააფუძნა კომუნიკაციების კომისიამ. მათ, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, შევახსენებთ, რომ კომისია არ ფინანსდება ბიუჯეტიდან და არის სრულიად დამოუკიდებელი უწყება. შესაბამისად, ამ თემაზე ინტერპრეტაციები არის არასერიოზული. მედიაკრიტიკა არის მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულება და ფინანსდება აკადემიის ბიუჯეტიდან".

ცნობისთვის, მედიააკადემიის 2019 წლის ბიუჯეტი - 2 469 673 ლარი იყო.

ტემპერატურა დასავლეთში 15 გრადუსამდე მოიმატებს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე

"თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან" - საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აფრთხილებს

ბერა ივანიშვილის ვაჟი გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან