ავტორი:

ვის ეკუთვნის მეტროს ვაგონიანი სახლი ნატახტარში - ავტოინსპექციიდან სოფლის მეურნეობაში წასული პოლკოვნიკის უჩვეულო ამბავი

ვის ეკუთვნის მეტროს ვაგონიანი სახლი ნატახტარში - ავტოინსპექციიდან სოფლის მეურნეობაში წასული პოლკოვნიკის უჩვეულო ამბავი

სანამ რობერტ იანტბელიძის საქმეების შესახებ გიამბობდეთ, კაცზე, რომელიც 20 წლის წინ მეუღლესთან ერთად თბილისიდან ნატახტარში გადავიდა, მანამდე თქვენთვის მის გაცნობას თავად ბატონი რობერტის მონათხრობის იმ ეპიზოდიდან დავიწყებ, სადაც საკუთარ წარმომავლობასა და გვარის ისტორიაზე საუბრობს...

რობერტ იანტბელიძე: - სამაჩაბლოდან ვარ, ყორნისის (ზნაურის) რაიონის სოფელ სუნისიდან... საერთოდ იანტბელიძეები ისტორიულად ტბელები არიან, რომლებიც ბაგრატ III-ის დედის, გურანდუხტის მომხრეები იყვნენ. ცნობილია, რომ გურანდუხტი საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი იყო, წინ აღუდგა შვილის წამოწყებას და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქად უფლისციხე გამოაცხადა... ტბელები პატარა და დიდი ლიახვის ხეობაში ეკლესია-მონასტრების აღმშენებლები იყვნენ და დღეს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული ძეგლები უმეტესად იმდროინდელია... მოკლედ, რადგანაც ჩემი სამაჩაბლო, მიწა-წყალი დავკარგე, მინდოდა სადმე აღმოსავლეთში მეყიდა მიწა - ასე დავსახლდი ნატახტარში...

- 20 წლის წინ გიყიდიათ ეს მიწა და დღეს უკვე საოცარი გარემო გაქვთ შექმნილი...

- ეს რომ გადავწყვიტე, მანამდე თბილისში, ფონიჭალაში ოროთახიანი ბინა გავყიდე და ჯერ 2500 კვმ მიწა შევიძინე, მეორედაც ამდენივე ვიყიდე, ოღონდ ეს ძვირფასი ავეჯის გაყიდვის შემდეგ შევძელი. კი მეუბნებოდნენ, რას აკეთებო, მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია. იმ მიწაზე არაფერი არ იყო, მიტოვებული, მიგდებული ადგილი გახლდათ. ვაზი სულს ღაფავდა და ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო, რათა იქაურობა რამეს დამსგავსებოდა.

მამაჩემი სამაჩაბლოში კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და სამეურნეო სამუშაო მისგან ვისწავლე. მისი დამსახურებით ისეთი მოვლილი ბაღი ჩვენს სოფელში მეორე არ იყო, ოღონდ, როცა მამა ბაღში საქმიანობდა, მე მაშინ არ მეცალა - ჯერ თბილისისა და მერე რესპუბლიკის ავტოინსპექციის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსი ვიყავი. მოკლედ, ის დაკარგული წლები, როცა მიწისგან შორს ვიყავი, გადავწყვიტე ნატახტარში გამომესწორებინა და აქ 1999 წელს ჩამოვედი.

- სანამ ბაღს გააშენებდით, თავშესაფარი ხომ გინდოდათ, სად ცხოვრობდით?

- ერთ-ერთ ქეიფში ვთამადობდი, სადაც სუფრასთან მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობაც იყო. იმ დროს საშინელი წვიმა დაიწყო... გამახსენდა, რომ სამშენებლო მასალა, ფიცრები გარეთ მეწყო. უნდა გავიქცე, ნატახტარში ნაკვეთი მაქვს და მასალა დამისველდება-მეთქი. სუხიშვილების ძველი მოცეკვავე ვარ, ცეკვა-სიმღერა შემიძლია და მითხრეს, შენნაირი კაცის აქედან გაშვება არ იქნებაო და შემპირდნენ, მასალების შესანახად მეტროს ვაგონს გაჩუქებთ, ფიცრებსაც მოგიტანთო. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამას მართლა ამბობდნენ, ხუმრობად ჩავთვალე. როგორი დასაჯერებელი იყო, რომ ვინმე მეტროს ლამის 19-მეტრიან ვაგონს მაჩუქებდა?! 5-6 დღის შემდეგ ჩემი ქვისლი, ვისთანაც ვქეიფობდით, მირეკავს, ჩამოდი და ვაგონი წაიღეო. მოკლედ, მაშინ გავიგე, რომ გლდანში მეტროპოლიტენის ტერიტორია ყოფილა, სადაც ვაგონებს არემონტებდნენ, თან წამყვანის ვაგონი შემირჩიეს, კაბინიანი... ასე რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ნაკვეთში მეტროს ვაგონი დავდგი, სადაც მე და ჩემი ცოლი ერთ წელიწადს ვცხოვრობდით.

- ვაგონი იყო თქვენი თავშესაფარიც და მასალების საწყობიც?

- ის იყო ჩვენთვის ყველაფერი. მერე მოგვიანებით დამხმარე შენობა ავაშენე, დუქანივით, რომელსაც მეორე სართულად ის ვაგონი კაპიტალურად დავადგი. ამის შემდეგ ჩემი ეზო და სახლი ნატახტარში ძალიან ცნობილი გახდა. მოდიოდნენ უცხოელები და აღფრთოვანებული იღებდნენ სურათებს... პარალელურად ბაღს ვაშენებდი, ხეხილი ჩავყარე და დღეს 21 დასახელების ხილი მაქვს. თავიდანვე ყველანაირი ბოსტნეული მომყავდა. მერე აქაურობა რესტორნადაც ვაქციე. უცხოელების რიგი იდგა, რომ ვაგონში მოსულიყვნენ და სურათებიც გადაეღოთ.

- ვაგონის გამო პრობლემა არასოდეს შეგქმნიათ?

- წინა მთავრობამ დამაჯარიმა და რესტორანი დამახურინა. ჯარიმასა და მის წართმევას გადავრჩი, რადგანაც უკვე ეს მთავრობა მოვიდა. ახლა დგას მეორე სართულზე გაპიწკინებული, შეღებილი მეტროს ვაგონი, სადაც არა მარტო მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ, ჩემი უმცროსი ვაჟიც ოჯახით. ხშირად ჩამოდიან შვილიშვილებიც.

- მიწის ნაკვეთი სრულად გაქვთ დამუშავებული?

- აქ კარგად ხარობს გარგარი, ჭერამი, ატამი, ვაზი, სუბტროპიკული ხილი - მუშმალა, წყავიც გავახარე. მხოლოდ კარტოფილი არ მოვიდა. ყოველდღე მორწყვა უნდა, რაც შეუძლებელია. ლობიო, სიმინდი, კიტრი, პომიდორი - ყველაფერი მოდის...წაიკითხეთ სრულად