ავტორი:

"ხუთ ადამიანს გული გაუსკდა, როცა გაიაზრეს, სესხს ვერ გადაიხდიდნენ" - "ბავშვთა სამყაროს" დაწვიდან 3 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას პასუხები ჯერ კიდევ არ აქვს

"ხუთ ადამიანს გული გაუსკდა, როცა გაიაზრეს, სესხს ვერ გადაიხდიდნენ" - "ბავშვთა სამყაროს" დაწვიდან 3 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას პასუხები ჯერ კიდევ არ აქვს

სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" დაწვიდან სამი წელი გავიდა.

2017 წელის 29 იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 10 000 კვ/მ ფართის შენობა და ასობით მოვაჭრის პროდუქცია თითქმის სრულად დაიწვა. ხანძრის ზარალმა უდიდეს მასშტაბებს მიაღწია, არამარტო ფინანსური, არამედ ადამიანური კუთხითაც - მოვაჭრეებისა და მათი ადვოკატების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის დაწვის შემდეგ, გულის შეტევით ხუთი დაზარალებული მოვაჭრე გარდაიცვალა...

  • რა ბედი ეწიათ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს?

ლალი კურტანიძე "ბავშვთა სამყაროში" 1983 წლიდან მუშაობდა. სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე საბავშვო საწოლებისა და აქსესუარების სექციას ფლობდა. ხანძრის შედეგად მის ოჯახს 160 000 ლარის ზარალი მიადგა.

"დავამთავრე თუ არა უნივერსიტეტი, მაშინვე აქ დავიწყე მუშობა. თავიდან საქონელმცოდნედ ვმუშაობდი, შემდეგ სექცია ავიღეთ. წარმოიდგინეთ, 30 წელი რომ ერთ ადგილზე იმუშავებ - ოჯახი იყო ფაქტობრივად ჩემთვის... სესხით გვქონდა ნაყიდი პროდუქცია და ყველაფერი დაიწვა. შემდეგ კიდევ დავიმატეთ სესხი, რაღაც რომ გაგვეკეთებინა. ძალიან გაგვიჭირდა ვალის გადახდა.

მერიის ჩართულობით მოვაჭრეთა ნაწილი "საბაში" გადაგვანაწილეს. "ბავშვთა სამყაროო“ აწერია ჩვეულებრივ, მაგრამ ვერაფრით ვეჩვევი... ბევრი ნერვიულობის, ვალების, წვალების შედეგად, რაღაცას ისევ მოვაბით თავი და ისევ ვვაჭრობთ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც ფეხზე დადგომა ვერ შეძლეს და ნერვიულობას გადაყვნენ...

იმ დღიდან ჩემს მეუღლეს შაქარი დაემართა და მუდმივად წამლებზეა. ჩვენს საახლობლოში ამ ამბავზე ნერვიულობისგან, ხუთი დაზარალებული მოვაჭრე გულის შეტევით გარდაიცვალა", - უყვება AMBEBI.GE-ს ლალი კურტანიძე.

  • დაპირისპირებულ მხარეებად გახლეჩილი მოვაჭრეები

ასობით მოვაჭრეს დაზარალებულის სტატუსი მალევე მიანიჭეს. ნაწილმა მერიისგან ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა 3 000 ლარი მიიღო, მეორე ნაწილი კი დღემდე ელის ზარალის ანაზრაურებას. ეს უთანასწორობა დაზარალებულთა ორ ბანაკად გახლეჩვამ გამოიწვია. მოვაჭრეთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისა და სააქციო საზოგადოების თავმჯდომარის გარიგებაზე აკეთებდა აქცენტს და მომხდარს პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებდა.

დაზარალებულთა მეორე მხარეს კი, სააქციო საზოგადოების წევრები და მათი თანამოაზრე მოიჯარეები აღმოჩნდნენ. ისინი გამოსავალს სააქციო საზოგადოების დაზარალებულად ცნობაში ხედავდნენ. რადგან ამ შემთხვევაში, სადაზღვეო კომპანიას დაზღვევის თანხის - 6 მილიონი ლარის ანაზღაურება მოუწევდა, რითაც ისინი ახალი შენობის აშენებასა და საქმიანობის გაგრძელებას შეძლებდნენ.

თუმცა, სააქციო საზოგადოების წევრები არათუ დაზარალებულად ცნეს, პირიქით, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შედეგად გარემოვაჭრეთა ამ ბანაკის წევრები კომპენსაციის გარეშე დარჩნენ.

"ბავშვთა სამყაროს" ადვოკატის ვაჟა მაისურაძის თქმით, პროკურატურამ სააქციო საზოგადოებას უარი უთხრა დაზარალებულის სტატუსზე, რის მოტივადაც გამოძიების მიმდინარეობა დასახელდა.

"ნამდვილად ვერ ვხსნი, რა პროცესთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ამ საქმეში დაზრალებულის სტატუსის გარეშე იყოს სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყარო", როდესაც სახელმწიფოს მიერ დადგინდა, რომ მას მიადგა 19 მილიონი ლარის ზიანი?! ისმის ხოლმე, რომ თვითონ დაწვეს და რაღაც აბსურდული ვერსიები.

რაში აწყობდათ ბავშვთა სამყაროს აქციონერებს 19 მილიონი ლარის ქონების განადგურება, როცა საუბარია სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ 6 მილიონი ლარის ანაზღაურებაზე?

სააქციო საზოგადოებაში გაწევრიანებულია 95 ადამიანი, რომლებიც ასევე იყვნენ მოიჯარეები და გაუნადგურდათ საქონელი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათას ლარზე მეტი ღირებულების იყო. დაზარალებულის სტატუსი რომ მივიღოთ, ჩვენ შევძლებთ გაჩერებული ბიზნესსაქმიანობის დაწყებას, რადგან სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ზარალს და ასობით ოჯახი შეძლებს ელემენტარული საარსებო წყაროს მიღებას" - ამბობს ადვოკატი.

  • ვინ გადაწვა "ბავშვთა სამყარო"?

საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. "ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს გარეშე ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან და წვად მასალასთან, ან სპეციალური ცეცხლგამჩენი საშუალებების წარმოქმნა" - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

რა მოხდა 2017 წლის 29 იანვრის ღამეს - მთავარი კითხვა სამი წლის თავზეც პასუხგაუცემელია. პროკურატურა საქმეს კვლავ იძებს, თუმცა, ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტზე ბრალი დღემდე არავის წარდგენია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი, 243-ე მუხლის მეორე ნაწილით იყო აღძრული, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. პროკურატურა "ბავშვთა სამყაროს" სააქციო საზოგადოების თავმჯდომარეს გიორგი მაჭავარიანსა და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაუდევრობაში სდებდა ბრალს.

როგორც გიორგი მაჭავარიანმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის და დაცვის თანამშრომელი უდანაშაულოდ ცნო. თუმცა, მათ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება კვლავ მოუწევთ, რადგან პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროკურატურას სურს მისი "განტევების ვაცად" წარმოჩენა და ამ გზით დაზარალებულთა ყურადღების გადატანა.

"ექსპერტიზამ თქვა, რომ ცეცხლი დაუდევრობას და შემთხვევითობას კი არ გაუჩენია, ტერიტორია ვიღაცამ შეგნებულად, ხელოვნურად გადაწვა. თავიდან ვფიქრობდით, რომ გამოძიება სწორად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ჩაერთნენ გარკვეული პირები და სრულიად სხვაგვარად განვითარდა მოვლენები.

დავზარალდით ჩვენც, ისე როგორც სხვები. მხოლოდ ჩვენ, სააქციო საზოგადოებას 19 მილიონ ლარამდე ზარალი მოგვადგა. ზუსტი ოდენობა ზარალის არ არის ცნობილი, რადგან მოვაჭრეების ნაწილი ბევრად უფრო მეტ თანხას და პროდუქციას ასახელებდა, ვიდრე რეალურად დაეწვათ. გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო ქუჩის აქციები და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც მოხდა. ამ ხალხს მე ვხედავდი არამხოლოდ "ბავშვთა სამყაროს" საქმის გამოძიების კონტექსტში, არამედ ყველა აქციაზე. იქნებოდა ეს მაჩალიკაშვილის, სარალიძის თუ სხვათა აქციები.

თავიდან არ ვიყავით ასე გახლეჩილები... ვთხოვე მათ, რომ გავერთიანებულიყავით საერთო მიზნებისთვის. მათაც სურდათ ეს, მაგრამ შემდეგ საქმეში ჩაერივნენ სხვა პირები და შეიცვალეს დამოკიდებულება.

რაც შეეხება ჩემს ბრალეულობას, სინამდვილეში არაფერი მქონდა დარღვეული. ყველაფერი წესრიგში მქონდა, ყველა მითითება შესრულებული იყო, გარდა ერთისა - ვერ მოვასწარი იმ მოწყობილობის დაყენება, რომელიც დაკვამლიანებაზე იწყებს განგაშს. თუმცა, ამასაც ვაკეთებდი... ამაზე მიდის აპელირება, არადა სინამდვილეში ცეცხლი იყო შეგნებულად გაჩენილი" - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.

უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი სავაჭრო ცენტრის დაწვის დღიდან მოვაჭრეთა გარკვეული ნაწილთან ერთად საქმეზე სიმართლის დადგენას მოითხოვს. ის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს:

"ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო გამოძიება. "ბავშვთა სამყაროს" გადაწვის ფაქტს მიზანმიმართულად არ იძიებენ, მთელი ყურადღება გადაიტანეს სახანძრო წესების დარღვევაზე, რასაც სინამდვილეში არ გამოუწვევია ეს ტრაგედია.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი სამარცხვინო ლაქა, საუკუნის დანაშაული. ირაკლი შოთაძე იყო მაშინ გენერალური პროკურორი, ალბათ ამ და სხვა საქმეებზე გაწეული "დამსახურებების" გამო აბრუნებენ შოთაძეს უკან. გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და რობაქიძის საქმეებზე ნაკლებად ტრაგიკული არ არის ეს საქმე. ამ ფაქტის გამო ხუთ ადამიანს გული გაუსკდა, რომ გაიაზრეს სესხებს ვერ გადაიხდიდნენ. ნაწილი საქართველოდან გაიხიზნა. ექსპერტიზის დასკვნაა საქმეში, რომელიც ამბობს, რომ შენობა შეგნებულად არის გადამწვარი და სამი წლის განმავლობაში დამნაშავე ვერ დაიჭირეს?!" - აცხადებს ხატიაშვილი.

საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად AMBEBI.GE პროკურატურას დაუკავშირდა. თუმცა უწყებისგან სამი დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ.

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა