ავტორი:

"უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა" - "დიდი სცენის" ერთადერთი ფინალისტი გოგონა და მისი სამომავლო გეგმები

"უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა" - "დიდი სცენის" ერთადერთი ფინალისტი გოგონა და მისი სამომავლო გეგმები

"დიდი სცენა" ფინალისთვის ემზადება. პირველობისთვის სამი კონკურსანტი იბრძოლებს (ორი ბიჭი და ერთი გოგო). 21 წლის მარიამ ქაჯაია თბილისიდანაა, სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში. მეოთხეკურსელია, სწავლის პარალელურად, აუდიტის კომპანიაში მუშაობს. ამბობს, რომ 2 წლიდან მღერის და ეს საქმიანობა ძალიან უყვარს.

"დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი და მთელი ჩემი ცხოვრება სიმღერასთან ასოცირდება... „დიდ სცენამდე“ ძალიან ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ პროექტებში ჩემი მონაწილეობა წარმატებით არსად დამთავრებულა. „დიდი სცენა“ პირველი აღმოჩნდა, სადაც მიზანს მივაღწიე და ათეულში მოვხვდი, - გვეუბნება მარიამი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჟიურის მისი ხმის ტემბრი, შესრულების მანერა მოეწონა. - ათეულში მოვხვედრას ის მოჰყვა, რომ კონკურსის მსვლელობის მანძილზე, ნელ-ნელა გავიზარდე, უამრავი ჟანრი მოვირგე, პედაგოგებთან, ნიკოლოზ რაჭველთან მუშაობამაც ბევრი რამ მომცა, დიდი პროგრესი განვიცადე. ალბათ ამიტომაც მოვხვდი ფინალში და ეს ჟიურიმაც აღნიშნა. თავად კონკურსი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. ტურებს რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა ჟანრი შესრულდა, იყო - როკის, ორკესტრის ტური, ბიძინა კვერნაძის სიმღერები, სტივ უანდერის... მრავალფეროვანი პროექტია, რომელმაც ყველას ძალიან ბევრი მოგვცა".

- ფინალისტებიდან ორი რუსთაველია - ცოტნე გელოვანი და ირაკლი კაპანაძე. რას ფიქრობ, როგორი კონკურსანტები არიან და რამდენად შეძლებ ეს ორი, არც ისე სუსტი კონკურენტი დაამარცხო?

- უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა. ირაკლი და ცოტნე ძალიან მუსიკალურები არიან, რაც ორივეში მომწონს და მათ კონკურენტებად ძნელად აღვიქვამ. ორივეს რაღაც სხვანაირად ესმის მუსიკა და სხვანაირად გადმოსცემენ, ინდივიდუალურები არიან. განსხვავდებიან ერთმანეთისგანაც და ჩემგანაც. არ ვიტყვი და არც ვფიქრობ, რომ ვაჯობებ. ვიმეორებ, მე, ცოტნე და ირაკლი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვიქნებით, რომელმაც არ უნდა გავიმარჯვოთ, იქნება სამართლიანი.

- როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს, პრიზი სამივეს გექნებათ...

- კონკურსში მოსვლის მიზანი პრიზი არ ყოფილა. მხოლოდ ის იყო, რომ უფრო მეტი მემღერა და ჩემს თავზე მემუშავა - მუსიკაში აქტიურად ვყოფილიყავი.

- კონკურსში მონაწილეობით რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში და რა გეგმები გაქვს?

- მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიაც, რაც ავირჩიე, ძალიან მიყვარს (ბიზნესი და ფინანსები), ამ პროექტის მერე სიმღერას აქტიურად მივხედავ. უნივერსიტეტს დავამთავრებ თუ არა, მუსიკისკენ მეტად წავალ. მინდა, პროფესიონალურად მოვკიდო ხელი, სწავლა გავაგრძელო, თუნდაც მაგისტრატურაზე, რადგანაც სწალა გვიან არასდროს არის.

ამ სამი თვის განმავლობაში მივხვდი, რომ „დიდ სცენაში“ საუკეთესო დღეები გავატარე. ამიტომ, მინდა, ჩემი მომავალი ამას დავუკავშირო.

მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი დაქორწინდნენ - ფოტოები ჯვრისწერიდან

"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა

„ნიაზ დიასამიძე და 33ა“-ს კონცერტი ‘Silk Factory Studio”-ში 21 თებერვალს ჩატარდება