საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც AMBEBI.GE-ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ტყუილია სოციალურ ქსელში და ზოგიერთ ინტერნეტსაიტზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პაციენტი მამაკაცი, რომელსაც ვირუსის მახასიათებელი ნიშნები ჰქონდა, გარდაიცვალა.
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 9 პაციენტი, რომელთაც კვლევების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორის 6 პაციენტი გუშინ შევიდა კლინიკაში.
რიგით მეოთხე პაციენტის, 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვებთან შედარებით მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის ინფექციურ საავადმყოფოში შესაბამის მკურნალობას გადის.
ინფექციური საავადმყოფო თხოვნით მიმართავს მედიას და საზოგადოებას, ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ შესაბამისი უწყებები და მხოლოდ იმ კომენტარს, რომელსაც აფიქსირებენ ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები:
"ახლა არ არის დრო რეიტინგების კეთების და მოსახლეობის ფსიქიკაზე მანიპულირების. გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება და ისედაც არსებულ მძიმე ფონს, ნუ დავამძიმებთ დეზინფორმაციით და პანიკის დათესვით" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში.