ავტორი:

"პანიკაა, არ აქვთ საკმარისი ნიღბები... თუ აუცილებელი არ არის, ექიმი არ მიგიღებს" - რას ჰყვება კალიფორნიაში მომუშავე ქართველი ექიმი

"პანიკაა, არ აქვთ საკმარისი ნიღბები... თუ აუცილებელი არ არის, ექიმი არ მიგიღებს" - რას ჰყვება კალიფორნიაში მომუშავე ქართველი ექიმი

ყოველთვის ვცდილობთ, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს დავუკავშირდეთ, მით უფრო ახლა, როდესაც მსოფლიოს ახალი კორონავირუსი უდიდეს საფრთხეს უქმნის. ვინტერესდებით, როგორ ცხოვრობენ და როგორ უმკლავდებიან ამ საკაცობრიო პრობლემას...

ქალი, რომელსაც ამჯერად AMBBEI.GE ესაუბრა, ოჯახთან ერთად, თითქმის 20 წელია, სანფრანცისკოსთან ახლოს ქალაქ ვანუტ გრეკში ცხოვრობს. ცოლ-ქმარი - ნინო კაკულია და საშა გურევიჩი წარსულში ჟურნალისტები იყვნენ, ახლა კერძო სამედიცინო კომპანიაში მუშაობენ - საშა სასწრაფო განყოფილების ექთანია, ნინო - სისხლის აღების ლაბორატორიაში ფლაბატომისტი. მიაჩნიათ, რომ ის პროფესია, რომელსაც დღეს ემსახურებიან, ჟურნალისტიკასთან ყველაზე ახლოს არის, რადგანაც ხალხთან ყოველდღიური ურთიერთობა და მათი დახმარება უწევთ...

როგორც ნინო კაკულია AMBBEI.GE-ს უყვება, ახალი კორონავირუსის გავრცელებისას მათ საქმიანობას და ზოგადად მათ ცხოვრებას უცხო ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები და სირთულეები შეექმნა.

"ჩვენთან ახლა ზოგადად პანიკაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მაღაზიები თითქმის დაცარიელდა, ხალხი ყველაფერს ყიდულობს, განსაკუთრებით, ტუალეტის ქაღალდს, კონსერვებს, სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლები ჯერჯერობით 3 კვირით დაიხურა, რაც ორივე მომუშავე მშობელს ახალ თავსატეხს უჩენს, თუ სად დატოვოს ბავშვი ან რით დაკავდეს ამ პერიოდში, რადგანაც ყველა გასართობი ცენტრი დაიკეტა. მოგვიწოდებენ, რომ მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს“, - გვიამბობს ნინო.

როგორც ცნობილია, კალიფორნიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ოპერატორი კომპანიის ინფორმაციით, Grand Princess-ის ბორტზე 54 ქვეყნიდან 3 533 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2 422 მგზავრია, 1 111 კი ეკიპაჟის წევრი. ეს ფაქტი იმ ქალაქის სიახლოვეს მოხდა, სადაც ჩვენი რესპონდენტი მუშაობს.

"იმ ადამიანების მშობლები, ძმა და რძალი, ვინც გემზე იმყოფებოდნენ, ჩვენი კოლეგები არიან და სწორედ იმ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ. ისინი ამჟამად კარანტინში იმყოფებიან და მათ აკვირდებიან. ჯერჯერობით არც ერთი არ შეუმოწმებიათ ახალი კორონავირუსის ტესტზე.

მე უშუალოდ არ შევსწრებივარ, მაგრამ გემი იმ ქალაქში იდგა, სადაც მე ვმუშაობ ოკლანდში. ეს ხალხი კორონათი დაავადებულ ხალხთან ერთად ჰყავდათ და არ იცოდნენ, მათთვის რა ექნათ. პრეზიდენტმა ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ დაეტოვებინათ გემზე, რათა არ გავრცელებულიყო ვირუსი... საბედნიეროდ, ეს ხალხი გადმოიყვანეს და სხვადასხვა ადგილას გადაანაწილეს.

სამწუხაროდ, ეს ამბავი თავიდანვე სერიოზულად არ მიიღეს და ქვეყანა ამ სიტუაციას მომზადებული არ შეხვდა. ახლაც არ აქვთ საკმარისი მასალა ტესტირებისთვის

ექიმთან დაგეგმილი ვიზიტები შეზღუდულია და გადასულები არიან სატელეფონო და ვიდეოვიზიტებზე. თუ აუცილებელი არ არის, ექიმი არ მიგიღებს. თუ ვინმეს კორონას სიმპტომები აქვს, ურჩევენ, არ მივიდნენ ER-ში და ექთანს დაურეკონ და კონსულტაციას იმის შესახებ, როგორ იმოქმედონ, იქედან მიიღებენ... იმ გემიდან სანდიეგოში ჰყავთ ხალხის ნაწილი გადაყვანილი.

ჩემთან სამსახურში, სადაც სულ ხალხმრავლობაა, ბევრი პაციენტი გვყავს, რამდენიმე დღეა, სიხალვათეა. როგორც გავიგე, შესაძლოა, აქაც საყოველთაო კარანტინი გამოაცხადონ როგორც იტალიაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.

ხალხი სამედიცინო პერსონალს ემადლიერება და მადლობას გვეუბნიან, რომ ჩვენს საქმეს ვემსახურებით... დღეს ჩემს ხელში გაიარა სისხლმა, რომელიც ეკუთვნოდა COVID 19-ის მქონე პაციენტს. ჰოსპიტალი გვიკრძალავს ნიღბების გამოყენებას, თუ უშუალოდ არ გვიწევს ავადმყოფთან ურთიერთობა. სამსახურში მეტროთი მიწევს სიარული და იქაც სიხალვათეა.

16 მარტს ჩვენთან გამოცხადდა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, შინ დარჩენა. თუ აუცილებელი არ არის, გარეთ გასვლა იკრძალება. სამედიცინო სფეროს ხალხს შეგვიძლია სამსახურში სიარული, ოღონდ, თან უნდა ვიქონიოთ სამსახურის მოწმობა. რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები 7 აპრილამდე დაიკეტა.

სამსახურის შემდეგ, გუშინ მაღაზიაში წავედი და ყველგან რიგებია, თან იმხელა, რომ ხალხი ქუჩაშია გამოსული. კარგა ხანს ვიდექი იმ რიგში, რომ შიგნით შემეღწია. ყველაფერს ყიდულობდნენ.

მთავრობა ძალიან დაბნეულია და ყოველდღე ცვლის პროტოკოლს, როგორ უნდა მოვიქცეთ. როგორც ამბობენ, არ აქვთ საკმარისი ნიღბები. მარტო აქ არა, სხვა შტატებშიც უშლიან ნიღბების გამოყენებას, თუ დადასტურებული არაა, რომ ვინმეს აქვს ახალი კორონავირუსი. ყოველთვის ვხმარობდი ნიღაბს, რადგან ძალიან ახლოს მიწევს ხალხთან ყოფნა, მაგრამ ახლა ამას გვიშლიან.

ჩვენი ჰოსპიტალის მანქანების სადგომზე მოწყობილია მობილური სადგურები, სადაც შეამოწმებენ იმათ, ვისაც ვირუსის სიმპტომები ექნებათ“, - აღნიშნავს ნინო კაკულია.

ჩვენი რესპონდენტი მოგვიანებით, გემზე და კარანტინში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა.

"დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს... ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა" - შალვა ამონაშვილის რჩევები "სახლში გამოკეტილებს"

"საქართველოს ეროვნული ლატარიის" განცხადება - ითამაშეთ ლატარია ონლაინ www.lotto.ge-ზე

რა რეკომენდაციები შეიმუშავა მრევლისთვის წმინდა სინოდმა?