ავტორი:

"თავიდანვე უნდა ჩაგეკეტათ საზღვრები" - ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ჩინეთში, რომელიც შვილებთან ერთად ორი თვე კარანტინში ცხოვრობდა

"თავიდანვე უნდა ჩაგეკეტათ საზღვრები" - ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ჩინეთში, რომელიც შვილებთან ერთად ორი თვე კარანტინში ცხოვრობდა

მოდელი ნანუკა ტორონჯაძე უკვე ექვს წელზე მეტია ჩინეთში ცხოვრობს. თავდაპირველად სამუშაოდ წავიდა, შემდეგ სწავლა იქაურ უნივერსიტეტში გააგრძელა და ბოლოს გათხოვდა. ახლა ორ ბიჭს ზრდის და ჩინეთის ერთ-ერთ არხზე შვილებთან ერთად გასართობი გადაცემის წამყვანია.

ნანუკას კარანტინის დასრულების შემდეგ დავუკავშირდით და დავინტერესდით, რა შეიცვალა ჩინეთის ჩაკეტილ ქალაქებში ვირუსის შესუსტების შემდეგ:

- ჩინური ახალი წელი იყო 25 იანვარს. როგორც წესი, ამ დროს მთელი ჩინეთი ისვენებს, მთელი ოჯახი ახალი წლის აღსანიშნად იკრიბება. ამ დროს ქვეყანაში ოფიციალური დასვენებაა, როდესაც მთელს ჩინეთს აქვს "არდადეგები" და გართობის გარდა სხვა არაფერს ვაკეთებთ ხოლმე. ზუსტად ამ დღის შემდეგ ანუ 26-ში ჩაგვკეტეს და უკვე ვერსად გავდიოდით. ვუჰანიდან არც ისე შორს, ჩანგშაში ვცხოვრობ და ახალ წელს ყველა გასართობი ადგილი, რესტორანი, კლუბი და ბარი დაიკეტა, დღემდე ასეა. არადა, თითქმის უკვე ორი თვე გავიდა. თავიდან 1 თვე საერთოდ სახლში ვისხედით, გარეთაც არ გავდიოდით. ჩვენს დასახლებაში მაღაზიების გარდა არაფერი მუშაობდა, იქაც საჭიროების შემთხვევაში თუ შეგიშვებდნენ, თუ პირბადე გეკეთა.

ჩვენს უბანში და დასახლებასთან ახლოს არავის ჰქონია კორონავირუსი, მაგრამ ქალაქში დადასტურდა 242 შემთხვევა, აქედან 2 გარდაიცვალა და ყველა დანარჩენი განიკურნა, დარჩა მხოლოდ 4, რომლებიც ჯერ კიდევ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. დღევანდელი და წინა 20 დღის მონაცემებით ჩვენთან კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თითქმის 2 თვიანი კარანტინის შემდეგ ველოდებით, რომ ძალიან მალე ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და კორონავირუსი სამუდამოდ გაქრება. რაც შეეხება ვუჰანს, დღევანდელი მონაცემებით (19 მარტი) დარჩენილია 7483 დაავადებული ადამიანი, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში. დღეს დაემატა 0 დაავადებული. მთლიანობაში ვუჰანში იყო 67800, აქედან 3130 გარდაცვლილი.

- როგორ მიდიოდა ცხოვრება კარანტინის დროს?

- ჩინეთში გამოცხადდა თუ არა კარანტინი, პირველ რიგში, ექიმების რჩევით ყველამ პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების მომარაგება დაიწყო. ვერ ნახავდით ერთ ადამიანსაც, რომელიც პირბადის გარეშე დადიოდა გარეთ, იმიტომ რომ კანონმორჩილი ხალხია, თან პირბადე მხოლოდ თქვენ კი არ გიცავთ, ასევე - სხვებსაც. ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც იცოდე, რომ ვირუსი გაქვს. ამ დროს დადიოდე გარეთ პირბადის გარეშე და სხვებს აავადებდე.

ყველაზე რთული იყო ჩვენთვის, ვისაც ბავშვები გვყავს, როდესაც თვეზე მეტი სახლში გამოკეტილები არიან და მათ კი გარეთ თამაში უნდათ. საქართველოდან მწერდნენ მეგობრები, ნათესავები, უნდოდათ, რომ დავბრუნებულიყავი, მაგრამ არ დავბრუნდი, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრი ყველა ჯანმრთელი იყო, თვითმფრინავში ან სადმე გზაში, არ ვიყავი დარწმუნებული რა შეიძლება მომხდარიყო.

დიდი იმედი მქონდა, რომ საქართველომდე ვირუსი ვერ მოაღწევდა, მაგრამ თავიდანვე უნდა ჩაგეკეტათ საზღვრები, ან რაიმე ზომები მიგეღოთ... უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოში მყოფი ხალხი უფრო მშვიდად ყოფილიყო და პანიკა არ გამოეწვია ამ ყველაფერს. მიუხედავად ამისა, მინდა გავამხნევო ყველა ქართველი და ვუთხრა, რომ ამ წუთას საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ პირბადით იაროთ, იქნება ძალიან კარგი. ცოტა ხანი დაისვენეთ სახლში და აუცილებლად ხშირად დაინაბეთ ხელები. მგონი მათთვის, ვინც ძალიან დაკავებული იყო აქამდე და დრო არ ჰქონდა ბავშვებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის, ეს პერიოდი საუკეთესოა იმისთვის, რომ თქვენი სიყვარული და სითბო ანახოთ. არ დაკარგოთ იმედი, მთავარია დაუჯეროთ ექიმებს და მათი რჩევები გაითვალისწინოთ. ყველაფერი კარგად იქნება.

- თქვენთან ახლა რა მდგომარეობაა?

- ამჟამად ბევრად უკეთესადაა სიტუაცია, ბევრი ობიექტი ამუშავდა, ოფისები გაიხსნა, მაგრამ პერსონალს სჭირდება შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა, რომლის გარეშე სამსახურში არ უშვებენ. ეს ცნობა ადასტურებს, რომ ადამიანი ჯანმრთელია და კარანტინის გავლას არ საჭიროებს. უკვე გაგვყავს გარეთ ბავშვები, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩანგშაში არ დადასტურებულა ვირუსის ახალი შემთხვევა. ამჟამად ჩინეთის უმეტეს ქალაქებში მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები რომელიც რთულ პერიოდში დაიხურა, უკვე ამუშავდა. ჯერჯერობით ჩვეულ ფორმას არ დაუბრუნდა მხოლოდ კლუბები და რესტორნები. რესტორნების უმეტესობა ჯერ კიდევ დახურულია. კლუბების 100% დახურულია. ყოველ გასვლა-შემოსვლაზე გვიზომავენ სიცხეს და ასე გაგრძელდება, სანამ ვუჰანი არ გამოაცხადებს, რომ ვირუსზე გავიმარჯვეთ.

- რას ფიქრობენ იმაზე, რომ ჩვილები ნაკლებად ავადდებიან?

- დიახ, როგორც წესი, ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები ახალი კოროვირუსული პნევმონიით ადვილად არ ინფიცირდებიან. მაშინაც კი, თუ ეს დაავადება აღმოაჩნდებათ, სიმპტომები შედარებით რბილია, ამიტომ ადვილია დროული განკურნება. იმის გამო, რომ ჩვილები და ახალგაზრდები ჯანმრთელები და იმუნურები არიან, ისინი ადვილად არ ინფიცირდებიან და ინფექციის შემდეგ ასევე ადვილად მკურნალობენ. ბოლო კვლევების თანახმად, ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ინფექციის ალბათობა ძალიან მცირეა, ძირიდადი მაჩვენებელი მოდის საშუალო ასაკის ან ხანდაზმულებზე, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ბავშვები საერთოდ არ ავადდებიან... ამიტომ უმჯობესია, რომ ჩვილები და ბავშვები ამ პერიოდში სახლში იყვნენ, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვთა კვებას, იმუნიტეტს. თუ კარგი იმუნიტეტი აქვს ადამიანს, შესაბამისად, უფრო დიდი ალბათობით არ დაავადდება.

- როგორ შეცვალა ცხოვრება ვირუსმა? ამბობენ, რომ კარანტინის შემდეგ განქორწინების რიცხვი გაიზარდა...

- ვირუსმა გავლენა იქონია ცხოვრების ბევრ ასპექტზე, ამ პერიოდში შესაძლოა ბევრმა ოჯახურმა პრობლემამ იჩინა თავი, მაგრამ კორონავირუსი განქორწინებას და ქორწინებასაც კი ამჟამად გაურკვეველს ხდის. ეპიდემიის გამო ადგილობრივმა სამოქალაქო საქმეთა ბიუროებმა სამუშაო პროცესი შეაჩერეს. მითუმეტეს, რომ ჩინეთში განქორწინება არც ისე ადვილი საქმეა და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ არამგონია, რომ ამ პერიოდში ვინმეს ეჩქარებოდეს განქორწინება ან ქორწინება.

- ნანუ, რამდენი წელია რაც ჩინეთში ცხოვრობ?

- 6 წელიწადზე მეტია. 19 წლის ვიყავი, როცა ჩამოვედი ჯერ სამუშაოდ, შემდეგ უკვე სწავლის გასაგრძელებლად. საქართველოში ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ინგლისურის განხრით. დავამთავრე აქაური უნივერისტეტის ჩინური ენის ფაკულტეტი და ამჟამად მაგისტრატურას ვამთავრებ. უნივერსიტეტები ჯერჯერობით დახურულია ვირუსის გამო. თავიდან რომ ჩამოვედი, ვმუშაობდი გადაღებებზე, პატარა როლებიც მქონდა ფილმებში. ამჟამად ვაგრძელებ გადაღებებში მონაწილეობას, ძირითადად ცნობილი ბრენდებისგან მაქვს შემოთავაზებები, ასევე ვარ ჩინეთში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, სადაც ჩემი შვილებიც, ჩემთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა საინტერესო "სკეტჩებში". მათ ძირითადად აქაურ ვარსკვლავებთან ერთად იღებენ ხოლმე.

- ბავშვებმა ქართული იციან?

- ჩემთვის მთავარი მიზანი იყო ჩემს შვილებს სცოდნოდათ ქართული ენა, ისე როგორც მშობლიური ენა, ამიტომ უფროსი შვილი ცოტა ხნით საქართველოში დავტოვე, რომ ჩამოვიდა ქართული ძალიან კარგად ჰქონდა ნასწავლი. ქართულის გარდა, იცის ჩინური, ინგლისური, რუსული. ჩინეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. როდესაც ენა იცი, რომელზეც შეგიძლია მილიარდ ნახევარ ადამიანს ესაუბრო, ბევრად გიადვილდება აქ ყოფნა. ამჟამად დედაჩემი მყავს ჩამოყვანილი საქართველოდან და ის მეხმარება ბავშვების გაზრდაში, თუმცა ჩემი მეუღლის მშობლებისგანაც ძალიან დიდ პატივისცემასა და დახმარებას ვგრძნობ.

"ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

"დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ" - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი თურქეთთან მოგზაურობას უკავშირდება