ავტორი:

"ცხელი წყლის დალევა ვირუსს არ კლავს!" - მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და აქტუალურ კითხვებზე

"ცხელი წყლის დალევა ვირუსს არ კლავს!" - მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და აქტუალურ კითხვებზე

COVID-19-ის გავრცელების არეალი მთელს მსოფლიოში დღითიდღე ფართოვდება. ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს საქართველოშიც.

რა როლს ითამაშებს მარნეულსა და ბოლნისში განვითარებული მოვლენები ვირუსის გავრცელების კუთხით? რეალურად იკლო თუ არა იტალიაში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა და როგორია სინადვილე საზოგადოებაში ვირუსთან დაკავშირებით არსებული მითების საპასუხოდ? - აქტუალურ საკითხებზე AMBEBI.GE ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა.

- რა ეტაპია ახლა ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში?

- მსოფლიოში სხვადასხვანაირად მინდინარეობს ვირუსის გავრცელების პროცესი. მოგეხსენებათ, იტალია ჯერ კიდევ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა, ესპანეთიც ნელ-ნელა იტალიის მაგალითს ემსგავსება. გერმანია განსაკუთრებულია იმით, რომ იქ ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ დაბალია სიკვდილიანობა - ოთხი პროცენტია თუ შევადარებთ იტალიის 9%-ს.

თურქეთში თავიდან არ იყო შემთხვევები და შემდეგ უცებ დამძიმდა სიტუაცია, რაც შესაძლოა, ამიხსნას იმით, რომ იქ გამოვლენა გაუმჯობესდა. შემთხვევათა ასეთი სწრაფი ზრდის მიზეზად ასევე სახელდება რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა. მაგალითად, ირანის შემთხვევაში, პირდაპირ ეს არის დასახელებული გავრცელების მთავარ წყაროდ.

ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში, ირანის ქალაქ კომის მეჩეთში რელიგიურმა წინამძღოლმა მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნების მუსლიმებს, ერთად ელოცათ ვირუსის შესაჩერებლად. ფიქრობენ, რომ ბევრ ქვეყანაში ამ კონკრეტული შეკრებიდან გავრცელდა კორონავირუსი

სანამ არ დამთავრდება პანდემია და არ იქნება დეტალური ეპიდემიოლოგიური ანალიზი, ძალიან რთულია ამ მონაცემების შედარება და ანალიზი. საქართველოს სიტუაციას რაც შეეხება, ჯერჯერობით პიკური აღმავლობა არ გვქონია და შესაძლოა, არც იყოს ასეთი რამ. არ არის აუცილებელი რომ იყოს ნახტომისებური მატება ჩვენთან. შესაძლებელია, იყოს ზომიერი მატება, შემდეგ მრუდი და დაიწყოს დაღმასვლა.

- რამდენად დაამძიმა მარნეულსა და ბოლნისში განვითარებულმა მოვლენებმა ეპიდსიტუაცია საქართველოში და რა როლს ითამაშებს ეს ფაქტი ვირუსის გავრცელების მხრივ?

- კარგია, რომ ეს ტერიტორიები გამოცხადდა საკარანტინე ზონად, მაგრამ მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს მარნეულსა და ბოლნისზე. არ მიმაჩნია, რომ იქ რაიმე განსაკუთრებული რისკის ზონაა, ან რაიმე განსხვავებულ საშიშროებასთან გვაქვს საქმე. იქ გამოვლინდა ერთი ინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა კონტაქტები. ასეთი ერთი და მრავალი ინფიცირებული შეიძლება იყოს სხვა რეგიონებშიც და შესაძლოა ახლაც გადაადგილდებოდეს სადმე. ამიტომ ყველა რეგიონს ვერ ჩავკეტავთ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება პრევენციისთვის ამ ეტაპზე არ იყო ცუდი.

- ჩინეთში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ბოლო დღეებში ვრცელდება იმედისმომცემი ცნობები იტალიიდანაც, რომ იქ კორონავისრუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა რიცხვმა იკლო. რეალურად, შემცირდა COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები იტალიაში?

- ყველაზე ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომ არის იტალიაში სიკვდილობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი? ამ საკითხზე ბევრი მოსაზრება იწერება, თუმცა, ალბათ, ყველაზე საინტერესო თვითონ იტალიელი სპეციალისტების განმარტებებია.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის უპირველეს მიზეზად ასახელებს იმას, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების ასაკი ბევრად აღემატება სხვა ქვეყნებისას. მაგალითად, იტალიელ პაციენტთა ასაკის მედიანა (და არა საშუალო) არის 67 წელი, მაშინ, როდესაც, ჩინეთში - 47 წელია.

საინტერესოა ასევე, კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც ის ასახელებს - ეს არის იტალიაში სიკვდილის მიზეზის განსხვავებული აღრიცხვა. კერძოდ, იტალიაში, თუ ჰოსპიტალიზებულ პაციენტს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მისი სიკვდილის მიზეზად ფორმდება ეს ინფექცია და არა მისი ძირითადი დაავადება. ვინაიდან ჰოსპიტალიზებულთა 88%-ს აღენიშნება ერთი, ორი ან მეტი ფონური დაავადება, ამ სეგმენტში დიფერენცირება არ ხდება, რა შემთხვევაშია გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ვირუსი და რა შემთხვევაში ძირითადი დაავადება (რა თქმა უნდა, ამის გარჩევა ზოგჯერ მართლაც რთულია).

სხვა ქვეყნებში ასე ცალსახად, სიკვდილის მიზეზად კორონავირუსის დაფიქსირება არ ხდება. ამჟამად, იტალიამ გადახედა სიკვდილის მიზეზის კლასიფიკაციის ამ მეთოდს და მაღალი ალბათობით ამ დღეებში სიკვდილობის პროცენტი დაიკლებს. თუმცა, ზოგადადაც აღინიშნება კლების ტენდენცია.

- მინდა გკითხოთ გავრცელებული ცრუ წარმოდგენების შესახებაც. რომელი მითები გხვდებათ ყველაზე ხშირად და როგორია სინამდვილე?

- ყველაზე დაუძლეველი მითია ნიორის მოხმარებასთან დაკავშირებით, თითქოს იგი არის პრევენციისთვის კარგი. ეს ცხადია არანაირ მეცნიერულ მტკიცებულებას არ ეფუძნება, მაგრამ ეს ის მითია, რომელიც არაფერს არ აშავებს, ამიტომ იყოს, არ არის პრობლემა.

სამაგიეროდ ძალიან აშავებს ის მითი, თითქოს ზოგიერთი მედიკამენტის და იმუნოსტიმულატორის გამოყენება, არის ეფექტური. "პლაქვენილზე" მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო. ამ მედიკამენტმა აჩვენა დადებითი ეფექტი ვირუსის მკურნალობის პროცესში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება პროფილაქტიკისთვის, საპრევენციოდ, რადგან მას აქვს უამრავი გვერდითი მოვლენა და იქნება ზიანის მომტანი!!

ასევე არ არის სწორი გაურკვეველი იმუნოსტიმულატორებს მიღება ვითომდა იმუნნიტეტის ასამაღლებლად. დავინტერესდი და შევიარე რამდენიმე აფთიაქში, ყველგან დეფიციტში იყო "პლაქვენილი", ასეთი მოლოდინიც მქონდა. ხალხი ყიდულობს და იმარაგებს სახლში. როდესაც გაჩნდება საჭიროება ამ მედიკამენტის გამოყენებისა, ჩვენ, ექიმები ვშიშობთ, რომ შესაძლოა ის ვერ ვიშოვოთ.

ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ იყიდიან "პლაქვენილს", რადგან ექიმის დანიშნულების გარეშე, მისი მეთვალყურებოგის მიღმა, დაუშვებელია ამ წამლის გამოყენება!

ასევე უწყინარი მითია, არის თუ არა ცხელი წყლის სმა კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალება. არავითარი ბიოლოგიური მექანიზმი და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხელი წყლის სმა კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს, არ არსებობს. ეს არის მითი, რომელიც ბევრმა აიტაცა. თავისთავად, წყლის სმაში ცუდი არაფერია და სითხით შევსება სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა წყლის ტემპერატურას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ცხელი წყლის დალევა ვირუსს ვერ კლავს!

- როგორც ცნობილია, იწყება მოსახლეობის სწრაფი ტესტირება. რამდენად მნიშვნელოვანი მექანიზმია და როგორ შეცვლის იგი ვითარებას?

- ახლა მთელი აქცენტი გადავიდა სწრაფ ტესტირებაზე. ჩვენ ამ დღეებში, როდესაც რეაქტივების და ტესტირების ხელმისაწვდომობაზე ვლაპარაკობდით, მხოლოდ სწრაფ ტესტირებას არ ვგულისხმობდით. ლაპარაკი არ არის მთელი მოსახლეობის, მათ შორის უსიმპტომოების მასიურ ტესტირებაზე სწრაფი ტესტით, რასაც აკეთებს კორეა. ეს მეთოდი, თავისთავად, შესანიშნავია, თუმცა ჩვენთან ამის განხორციიელება ძნელად წარმოგვიდგენია.

სწრაფი ტესტები უნდა შემოვიდეს (როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო დისტრიბუტორების მიერ) და უნდა დაიწყოს ტესტირება მასიურად, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ოღონდ მკაცრად გაწერილი კრიტერიუმების და არა მოქალაქეების ინტერესის და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ეს კრიტერიუმები ჩვენმა ჯგუფმა შეადგინა და გადასცა სამინისტროს.

ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ ანტიგენის სწრაფი ტესტების შემოტანის აუცილებლობაზე, არამედ ვლაპარაკობთ ანტისხეულების ტესტების საჭიროებაზე და რაც მთავარია, მეთოდის ტესტებზე. განმარტებისთვის, ეს ის მეთოდია, რასაც ლუგარი იყენებს, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო იაფი ანალოგები და ისინი უნდა გაჩნდეს ქვეყანაში; უფრო მეტიც, თვითონ სახელმწიფომ უნდა ეძებოს მეტად ეკონომიური ალტერნატივები, რადგან ამჟამად ტესტირება ძალიან ძვირი ჯდება.

არასწორია განცხადება, რომ ჯერ არ არის ასეთი მასიური ტესტირების აუცილებლობა. შეიძლება ტესტირებამ აჩვენოს, რომ მართლაც ერთეული შემთხვევებია ქვეყანაში, მაგრამ ესეც უმნიშვნელოვანესი დასკვნა იქნება ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების სწორად დაგეგმვისათვის, რადგან გადაჭარბებული შეზღუდვებიც ბევრ კატასტროფულ შედეგს მოიტანს, შეიძლება კორონავირუსზე უარესსაც.

- საქართველოში გამოჯანმრთელებულთა ძალიან კარგი დინამიკაა. არ გვყავს არცერთი გარდაცვლილი. რით ახსნით ასეთ კარგ შედეგს და როგორი შეიძლება იყოს პროგნოზი არსებული მოცემულობის გათვალისწინებით?

- ამის მიზეზია ის, რომ ჩვენთან გამოვლენა ხდებოდა ეპიდემიოლოგიურად ანუ საზღვარზე, კონტაქტებით და ა.შ. და არა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვის შედეგ. ასეთ ვითარებაში კი ვირუსი მარტივად იკურნება და სულაც არ არის აუცილებელი მაინცდამაინც საავადმყოფოში დაწვეს ადამიანი.

ანალოგიური შემთვევაა ჩვენს მეზობელ სომხეთში, სადაც უკვე 240 შემთხვევაა და არცერთი ლეტალობა. რა თქმა უნდა ამის ილუზია, რომ ეს ასე გაგრძელდება არ არის, მაგრამ გააჩნია ტენდენციას, რომელი ქვეყანა როგორ სვამს დიაგნოზს. ჩვენთან ინფექციურში მოთავსებულების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო იმის კანდიდატი, რომ თავისით გამოჯანმრთელებულიყო, რადგან დროულად იყო აღმოჩენილი და ფონური დაავადებები არ ჰქონდათ.

მაგალითად, მარნეულის მაგალითზე, პაციენტი ისეთ მდგომარეობაში გამოვლინდა, სადაც მძიმე ფონი იყო, აქ გამოსავალი შესაძლოა ლეტალური იყოს. მაგრამ აწი, როდესაც დაისმება სიმპტომურ პაციენტებში დიაგნოზი და არა ეპიდემიოლოგიურად, მაშინ სიტუაცია უფრო გართულდება.

როცა შემთხვევები მოიმატებს, აუცილებლად უნდა გადავიდეთ სახლში მკურნალობაზე, მაგრამ მკაცრი იზოლაციით, რომ სხვას არ გადაედოს

თუმცა, ექიმებს სულ უნდა ჰქონდეთ პაციენტებთან კომუნიკაცია, რათა არ დამძიმდეს სიტუაცია მოულოდნელად. სცენარი გათვლილი უნდა იყოს როგორც საუკეთესო, ისე უარესი შემთხვევებისთვის. თუმცა ვიმეორებ, არ არის აუცილებელი დამძიმდეს სიტუაცია, რადგან ჩვენთან საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად დაიწყო საზღვრების კონტროლი, ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

თუ იქნება იზოლაციის, სოციალური დისტანცირების ნორმები დაცული, თუ დავრჩებით სახლში, შესაძლოა არ გვქონდეს სწრაფი გადაცემის ჯაჭვი, არც პიკური სიტუაცია და ნელ-ნელა წავიდეთ ეპიდემიის ლოკალიზებიკენ.

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში