რუსული მედია უკვე წერს, რომ ქვეყნის ციხეებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა და ეპიდაფეთქება გარდაუვალია. ამის ფონზე, რუსი უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ვირუსის მასშტაბური გავრცელების გამო, რუსეთის ხელისუფლება დათანხმდება ციხიდან პატიმრების გამოშვებას.
არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პატიმრებმა თავად მიმართეს ადმინისტრაციას შეწყალების თხოვნით. როგორც რუსული მედია წერს, ციხიდან გამოსვლისთვის იბრძვიან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც საქმეში "გავლენიან სანაცნობოსთან" ერთად, ფინანსური შეთავაზებებიც ჩართეს. უკვე დაძრულია რამდენიმეს საქმე, თუმცა მასშტაბურ ამნისტიას ელოდებიან, რათა ისინიც სხვებთან ერთად გაათავისუფლონ.
ამნისტიაში მოხვდებიან ჩრდილოეთ კავკასიელი პატიმრებიც, რადგან უკვე მუშავდება პეტიცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ის პატიმრები გაათავისუფლონ, ვისაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი" აგროვებს ხელმოწერებს რუსეთის ხელისუფლებისადმი. პეტიციაში, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი აწერს ხელს, მოითხოვენ რაც შეიძლება ფართო ამნისტია მოხდეს და მცირევადიანი პატიმრები გამოუშვან, რადგან კორონავირუსის გამო ციხის იზოლატორებში შესაძლოა, უმძიმესი შედეგები დადგეს.
"იქ მყოფი ადამიანები (და არა მხოლოდ პატიმრები) ძალიან დიდი საფრთხის წინაშე არიან, რადგან ვერ სარგებლობენ საკმარისი სამედიცინო დახმარებით, არ აქვთ ძლიერი იმუნიტეტი და გარდა ამისა, შეუძლებელია მათი თვითიზოლაციაში მოქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეპიდემიის გავრცელების დიდი რისკი არსებობს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის...
გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში სპეციალურ განცხადებაში მიმართავს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას, მაქსიმალურად შეამცირონ ციხეებში პატიმრების რაოდენობა, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ...” - ნათქვამია უფლებადამცველების განცხადებაში.
პეტიციის ავტორებს აშშ-ს, ავსტრალიის, გერმანიის, იორდანიის, ირანის, ირლანდიის, კანადის, სუდანისა და სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავთ, სადაც არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღეს ციხეების გადატვირთვის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი უფლებადამცველის, სვეტლანა განუშკინას ვარაუდით, ციხეებში ვირუსის ეპიდემია გარდაუვალია, ამიტომ ამნისტია მთელი რუსეთის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.
“თუ ამნისტია მოხდება, ის რუსეთის ყველა რეგიონს უნდა შეეხოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადგილას, აქამდე რუსეთის კანონი არ ვრცელდებოდა" - აცხადებს ის და დასძენს, რომ დიდი ალბათობით ამნისტია ტერორიზმში ბრალდებულებს და მათთან კავშირში მყოფებს არ შეეხებათ - "მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საქმეები, უმეტეს შემთხვევაში, ფაბრიკაცია იყო..." - განმარტავს განუშკინა.
რუსეთის ციხეებში სამართლიანი ამნისტიის არ სჯერათ რუს ინტერნეტმომხმარებლებს. ისინი წერენ, რომ ძველ პატიმრებს ახლებით შეავსებენ, საუბარია მათზე, ვისაც კარანტინის დარღვევის შემთხვევაში, 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მათ ასევე არ სჯერათ იმის, რომ ჩინეთიდან ექსტრადირებული პატიმრები 14-დღიან კარანტინში ჰყავდათ, რადგან რუსეთის ციხეების უმეტეს ნაწილში, პირობები არ არსებობს.
"არ მჯერა, რომ კადიროვი იმ ხალხს გაუშვებს, ვისაც ტყუილ-უბრალოდ აწამებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლებაზე კონტროლი არ დაკარგოს... იგივე სიტუაციაა ინგუშეთშიც..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ლინა ლინკოვა.
"დაუჯერებელია, რომ ახლა რუსეთის ციხეებში, კარანტინში მყოფებთან შესაბამისად აღჭურვილი მედპერსონალი მუშაობს, რადგან საკმარისი ეკიპირება, საავადმყოფოებშიც კი არ აქვთ. ამიტომ, ასე მოხდება - რამდენიმეს გამოუშვებენ, ფულიანები და გავლენიანები, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდებიც ციხეებს დატოვებენ, უამრავი უბრალო და უპატრონო პატიმარი კი დაიხოცება. რუსეთის ხელისუფლება დამალავს, ან რამე სხვა დიაგნოზს დაუსვამს. პაემნები ხომ ისედაც აკრძალულია და ვინ რას გაიგებს?" - მიაჩნია იგორ ჩერნიკოვს.
2019 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის კოლონიებში 465 000-მდე პატიმარი იმყოფება, თითქმის 100 000 კი საგამოძიებო იზოლატორში.
მთავარი ფოტო: Сергей Фадеичев/ТАСС