ავტორი:

"ებოლას სართული", რომელიც დაკეტილი იყო, სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსში გეგონება თავი" - რას ჰყვება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

"ებოლას სართული", რომელიც დაკეტილი იყო, სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსში გეგონება თავი" - რას ჰყვება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ნინო კაკულია აშშ-ში წლების წინ, მეუღლე საშა გურევიჩთან და ქალიშვილ თათასთან ერთად წავიდა. მერე ელენიკოც შეეძინათ. ჟურნალისტი წყვილი საქართველოში და აშშ-შიც საქმიანობას მედიაში განაგრძობდა, მაგრამ შემდეგ პროფესიის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეს და სამედიცინო სფეროში გადაინაცვლეს. ამჟამად ოკლენდის კლინიკაში - Kaiser Permanente Oakland Medical Center Kaiser მუშაობენ. ნინო კორონავირუსთან დაკავშირებით იქ არსებულ პრობლემებსა და სიტუაციაზე გვიამბობს.

- მე ფლაბატომისტი, ლაბორატორიის თანამშრომელი ვარ და ვმუშაობ როგორც ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებთან, ასევე მათთან, ვინც გარედან შემოდის, რაც ამ სიტუაციაში იოლი არ არის, რადგან ვირუსის გადადების დიდი საფრთხეა, თუკი სათანადო დამცავი აღჭურვილობა არ გაქვს. პალატაში მყოფ პაციენტთან, ასე თუ ისე, მაინც მომზადებული და დაფარული შედიხარ. ჩვენს კლინიკაში პაციენტების უმეტესობა, ძირითადად, გათიშულ მდგომარეობაშია, სუნთქვის აპარატებზე ჰყავთ შეერთებული და ვერაფერს გრძნობენ. განსაკუთრებით ცუდად არიან ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადება აწუხებთ და დაბალი იმუნიტეტი აქვთ. ახალგაზრდები ამ მხრივ, უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, კორონავირუსი თავის კვალს ორგანიზმზე მაინც დატოვებს.

ჩვენ ერთი სართული გვქონდა, ე.წ. ებოლას სართული, რომელიც დაკეტილი იყო, ახლა კი სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსის ამსახველ ფილმში გეგონება თავი

ჩაბნელებულია, სიჩუმეა, ექიმები სპეცტანსაცმელში, სკაფანდრებში გამოწყობილები, ზომბებივით დადიან სპეციალურ პალატებში, უამრავი მონიტორია ჩართული და აკვირდებიან ავადმყოფების მდგომარეობას.

- ასეთ სიტუაციაში, თანამშრომლები რამდენად დაცულები ხართ? პირბადეს ხშირად გიცვლიან? აშშ-ში საიდან შემოდის საჭირო ინვენტარი?

- როგორც ცნობილია, ამერიკას მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა აქვს, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანას არ შეუძლია, ელემენტარულად, ხელთათმანებისა და პირბადეების წარმოება. ყველაფერი ჩინეთიდან შემოდიოდა, ყველაფერი იქ კეთდება, იაფი მუშახელის გამო. ახლა, ჰოსპიტლები ითხოვენ, თუ ვინმეს შეუძლია, პირბადეები მიაწოდონ. რამდენიმე ცნობილი დიზაინერი უკვე უსასყიდლოდ ამზადებს. მე ხშირად ჩემი პირადი პირბადე დამაქვს, რომელიც ორი საათის შემდეგ უნდა გამოიცვალო, მაგრამ ვინახავ, რომ რამდენიმე დღე მეყოს. სახისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე ჩამოსაფარებელი, წესით, უნდა გადავაგდოთ, ჩვენ კი გვეუბნებიან, გაწმინდეთ, რადგან მეტი არ გვაქვსო.

ბახილებიც შეზღუდულია, თავსაბურავებიც შენახული აქვთ. თუკი აქამდე პირბადე ხელმისაწვდომი იყო ჩვენთვისაც და პაციენტებისთვისაც, ახლა მენეჯერს უნდა სთხოვო, რომ ერთი მოგცეს. თუ დაინფიცირებულ პაციენტთან პალატაში შევდივართ და საჭირო დამცავი აღჭურვილობა არ გვაქვს, შეგვიძლია მომსახურებაზე უარი ვთქვათ. ჩვენთან, ჰოსპიტალში სექტემბრიდან გრიპის აცრები კეთდება და მე ყოველთვის ვიკეთებ, რადგან მჯერა, რომ ვირუსებისგან მიცავს. ვინც აცრას არ იკეთებს, იმათ პირბადე უნდა ატარონ, გრიპის მთელი სეზონის განმავლობაში, რაც მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. თუმცა, იმის გამო, რომ სისხლის აღების დროს, პაციენტთან მიახლოება მიწევს, პირბადე ყოველთვის მიკეთია და ასეთ დროს მის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია.

- კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა როგორ ხდება?

- თუკი ვინმეს სიმპტომები აქვს, თავდაპირველად ურჩევენ, სატელეფონო კონსულტაცია გაიაროს: არსებობს მობილური სადგურები, ექიმი ნებართვას გასცემს, რეკავ, ეუბნები, მოვდივარ ამა და ამ მანქანითო, ჩამოსწევ ფანჯარას, შეფუთული ადამიანი ცხვირ-ყელის არეში მასალას აგიღებს, რომელიც დასამუშავებლად ჩვენს ლაბორატორიაში შემოდის და შემდეგ ტესტირებისთვის, სხვა ლაბორატორიაში მიაქვთ. თუ დადებითი პასუხია, პაციენტს ურჩევენ, თვითიზოლაციაში დარჩეს, მაგრამ ვისაც გართულებული ფორმა აქვს, პლუს სიმსივნე ან დიაბეტი, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალში მიიღებენ, თუკი ადგილი აქვთ. როგორც გვითხრეს, ერთ-ერთი ლაბორატორია და აფთიაქი მთლიანად დაიკეტება და ეს ტერიტორია პალატებად გადაკეთდება, რათა პაციენტები მიიღონ.

- თვითიზოლაციაში ყოფნა ხომ მკურნალობა არ არის. რას ეუბნებიან ინფიცირებულებს, რა პრეპარატები უნდა მიიღონ, როგორ იმკურნალონ?

- უმეტესად, სიცხის დამწევს, პარაცეტამოლს უწევენ რეკომენდაციას, ასევე - "ც" ვიტამინს, რომ ორგანიზმი გაძლიერდეს. ჩვენს კლინიკაში, ძირითადად, ყველა პაციენტი სასუნთქ აპარატზე ჰყავთ შეერთებული და დიდი რაოდენობით ჟანგბადს აწვდიან, რადგან კორონავირუსი ფილტვებს ძალიან უტევს. თუკი გამოუვალი მდგომარეობაა, პაციენტს არ აწვალებენ, შეიძლება აპარატიდანაც გამორთონ, თუკი მან ასე ისურვა ან ოჯახის წევრებიც თანახმანი არიან... სამწუხაროდ, სასუნთქი აპარატების დიდი დეფიციტია.

- სხვა შტატებში როგორი სიტუაციაა?

- კალიფორნია, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი - ძირითადად, ყველა საკუთარ თავს უვლის, რადგანაც ფედერალურმა მთავრობამ, რომელიც ეპიდემიის საშიშროების თაობაზე ჯერ კიდევ იანვარში გააფრთხილეს, ეს საფრთხე სერიოზულად ვერ აღიქვა. გარდაცვლილთა რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება, ასევე, დაავადებულებისაც. ყველაზე ცუდი სიტუაცია ამჟამად ნიუ-იორკშია. იმედია, ვადაზე ადრე არ გააუქმებენ თვითიზოლაციის წესებს და რამდენიმე კვირა ხალხი ისევ სახლებში დარჩება, უფრო დიდი მასშტაბით გავრცელება რომ ავირიდოთ თავიდან.

- ნინო, იქაური ქართველები რა მდგომარეობაში არიან?

- ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ყველა კარგადაა. ჩაკეტილები არიან. ადრე ხშირად ვიკრიბებოდით, დღესასწაულებს აღვნიშნავდით, ახლა ყველაფერი გაუქმებულია...წაიკითხეთ სრულად

"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

საცობი თბილისის შემოსასვლელში - რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ოთხი ქალაქის ჩაკეტვა დაანონსა (ვიდეო)