ავტორი:

პაციენტს ვირუსი განმეორებით შემოწმებისას, ე.წ. ოქროს სტანდარტით ტესტირებამ დაუდგინა - ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში პაციენტების მიღება შეჩერდა

პაციენტს ვირუსი განმეორებით შემოწმებისას, ე.წ. ოქროს სტანდარტით ტესტირებამ დაუდგინა - ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში პაციენტების მიღება შეჩერდა

ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში ხანდაზმულ პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულთან დაკავშირებული პრობლემებით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკატერინე სანიკიძემ განუცხადა, პაციენტს ე.წ. სწრაფი ტესტით კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის დაინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი, ის კორონავირუსზე ხელმეორედ გადაამოწმეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ფაქტის გამო, კლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა.

„პაციენტი 6 აპრილს შემოვიდა. გამოვიკითხეთ, ხომ არ ჰქონდა კორონავირუსის რაიმე სიმპტომი და „სწრაფი ტესტი“ ჩატარდა. ბოლო 2-3 კვირაა, ყველა საეჭვო შემთხვევას ვამოწმებთ. ამ ქალბატონის მონაცემებით, მას კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონდა და არც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა. ე.წ. სწრაფი ტესტიც უარყოფითი მოვიდა. ამიტომ, 6 აპრილიდან მას კვლევები და მკურნალობა უტარდებოდა. მას ძირითადად გულით გამოწვეული პათოლოგიები აღენიშნებოდა.

როდესაც ამ ქალბატონის მეუღლეს COVID 19-ის ინფექცია დაუდგინდა, ბუნებრივია, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პროტოკოლის მიხედვით იმუშავა და კონტაქტების მოძიება დაიწყო, პირველ რიგში, მეუღლისა და ოჯახის წევრების. ასე გამოვლინდა ინფიცირება. ჩვენც შეგვატყობინეს, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინა, ამიტომაც კლინიკაში მყოფი ქალბატონი უნდა გადაგვემოწმებინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ე.წ. ოქროს სტანდარტით ჩაატარა ტესტირება, რომელიც უფრო მგრძნობიარე და უფრო სანდოა. ამ ტესტით დღეს ქალბატონს კორონავირუსი დაუდგინდა“, - აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.

მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, ინფიცირებული შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს და ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების შემოწმება.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსით ინფიცირებულები შესაბამის კლინიკებში ან ე.წ. ცხელების ცენტრში თავსდებიან. ჩვენ დღეს მიღება ჩავკეტეთ. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და რა რეკომენდაციებსაც ისინი მოგცემენ, შესაბამისად ვიმოქმედებთ. მედპერსონალის ინფიცირების რაიმე რისკი არის თუ არა, ამაზე პირდაპირი პასუხი დღეს მსოფლიოში არავის აქვს, მაგრამ სამედიცინო ლოგიკით, იმ ქმედებებითა და სტანდარტების დაცვით, რომელიც აქამდე კლინიკაში მიმდინარეობდა, ვიმედოვნებთ, რომ სამედიცინო პერსონალი აღნიშნული პაციენტისგან დასნებოვნებული არ უნდა იყოს“, - აცხადებს კლინიკის სტრატეგიული დირექტორი.

როგორც ეკატერინე სანიკიძე აღნიშნავს, ინფიცირების გამოვლენის გამო, კლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა.

„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ მიღება დავკეტეთ და არა კლინიკა. აუცილებლობა არ არის, რომ კლინიკა მთლიანად დავხუროთ და ნაოპერაციები პაციენტები სადმე გადავანაწილოთ, თუმცა ვისაც შემხებლობა ჰქონდა, ყველა უნდა გამოვიკვლიოთ. დროებითი საბჭო შეიკრიბა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლის რეკომენდაციით ვმოქმედებთ. როგორც კი პაციენტის ინფიცირების ფაქტი დადგინდა, მაშინვე შედგა სიები, ვისაც შეიძლებოდა მასთან 6 აპრილიდან დღემდე კონტაქტი ჰქონოდა“,-აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.

მისი თქმით, კლინიკაში ყოფნისას პაციენტს პნევმონია და ტემპერატურა არ აღენიშნებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

„ჩვენთან პაციენტს პნევმონია არ დაფიქსირებია. კლინიკაში ყოფნის პერიოდში მას ძალიან მაღალ დონეზე უტარდებოდა კვლევა, ჩვენი კლინიკა ზოგადად, უფრო მეტად ორიენტირებულია გადაუდებელ შემთხვევებსა და რეანიმაციულ დახმარებაზე. ამიტომ, ეს საკითხი პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს. ქალბატონი 80 წლის არის, აღენიშნება თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება, ფილტვებში შეშუპება იყო, ასევე უსინათლოა. მასთან ინფარქტი გამოირიცხა და მართვით სუნთქვაზე გადავიდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მინდა გითხრათ, რომ ვირუსული პნევმონიის ნიშნები მას ჩვენთან ყოფნის პერიოდში არ დაფიქსირებია, ასევე ტემპერატურაც“,-აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.

საქართველოში Covid-19-თ ინფიცირების 5 ახალი შემთხვევაა

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხაშურში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა