ავტორი:

რა ვითარებაა თეთრიწყაროში, სადაც COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტი გამოვლინდა - "ინფიცირებულებს შორის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა"

რა ვითარებაა თეთრიწყაროში, სადაც COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტი გამოვლინდა - "ინფიცირებულებს შორის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა"

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა, - აღნიშნულის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მიღებული გადაწყვეტილება თეთრიწყაროში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, კერძოდ, ქალაქ თეთრიწყაროში კარანტინი გამოცხადდა და 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით გაკონტროლდება შესვლა და გამოსვლა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული, აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში, დანარჩენი ერთეული შემთხვევებია სამ სოფელში, თუმცა ამ სოფლების ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თეთრიწყაროს საავადმყოფოში დადასტურდა ექთნის ინფიცირების ფაქტი, გუშინ ძალიან მასშტაბური და ინტენსიური ღონისძიებები გატარდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგების ჯგუფი, აიღეს საკვლევი მასალა მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის განმავლობაში თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენია აქედან სამედიცინო პერსონალი და რამდენი ოჯახის წევრი ამას მოგვიანებით გავარკვევ; ვიცი, რომ თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში არის 12 დადასტურებული შემთხვევა და ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა, დაახლოებით 4 ბლოკ-პოსტი იქნება განთავსებული და მიდის ეს სამუშაოები. აქვე გეტყვით, რომ მთლიანად მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, წინწყაროში და გორთეთში არის ერთეული შემთხვევები და ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გადავკეტოთ მთლიანად სოფლები, აქ თვითიზოლაციითა და მკაცრი კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, თეთიწყაროს საავადმყოფო დაკეტილია. გუბერნატორის განცხადებითვე, არ დასტურდება თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, აქ ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

,,არ დასტურდება ინფიცირებული ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია, ამდენად კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან აუცილებელია მოსახლეობა იყოს ადეკვატური და შეზღუდოს გადაადგილება, დაიცვან სოციალური დისტანცირება და დარჩნენ სახლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან სოფლებთან კავშირი იქნება შეზღუდული, დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან ისედაც მიღებული ზომებით შეზღუდულია და ბოლნისთან, მარნეულთან შეწყვეტილია კავშირი, ქალაქები ჩაკეტილია, რჩება დმანისი-წალკა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივია დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე ვერ გადადგილდება თეთრიწყაროს მიმართულებით”, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, თეთრიწყაროში დაახლოებით 20 ინფიცირებულია, მათ შორის არიან მედიკოსებიც.

„გუშინ თეთრიწყაროში მთელი დღის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა. გუშინდელი მუშაობის შედეგია, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები, სამწუხაროდ, ინფიცირებულებს შორის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევა არის თეთრიწყაროში. იქ დღესაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა ვირუსის დროული შეკავება, ასევე მოხდება თეთრიწყაროშიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რა ხდება დილით თბილისის შემოსასვლელში, მას შემდეგ რაც 2 დღით დიდ ქალაქებში შესვლა დაშვებულია

რას გულისხმობს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა