ქალებზე ძალადობისა და მისი ყველაზე მძიმე ფორმის - ფემიციდის შესახებ ისტორიები, სამწუხაროდ, საკმაოდ გახშირდა. ერთის მხრივ, მოძალადის მიერ ქალის ჩაგვრა, მეორე მხრივ კი, თავად ქალის უსაზღვრო "მოთმინება", შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალი გამოსავალს ვერ პოულობს, არიან გადარჩენილებიც, რომელთაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს. AMBEBI.GE დღეს სწორედ ამ ქალების ისტორიებს გიამბობთ, მათგან ერთ-ერთმა ანონიმად დარჩენა ისურვა.
ნანა გოგალაძის ამბავი 3 წლის წინ მოხდა. მეუღლე ახალი წლის ღამეს ყელში წვდა და მისი დახრჩობა სცადა. ქალმა თავდაცვის მიზნით ქმარი დანით დაჭრა, რის შემდეგაც ბრალი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით წაუყენეს.
- ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა. შეიძლება, ვიღაცას უბრალოდ შემოეხედა და მაშინვე იწყებოდა: რატომ შემოგხედა? შენ რატომ გახედე? და ა.შ. ხანდახან ძალიან მშვიდი და წყნარი იყო, მაგრამ შემდეგ ნარკოტიკების მიღება დაიწყო, შეყვა აზარტულ თამაშებს... აგრესიულად ლაპარაკობდა, ყოველთვის ბინძური ენით, 3 სიტყვიდან ორი - გინება იყო.
უაზრო ეჭვიანობამ, ნარკოტიკებმა და თამაშებმა ადამიანი შეცვალა და ვერც კი აღგიწერთ - როგორ. თავიდან დარტყმაზე თავს იკავებდა, თუმცა მერე და მერე... შეიძლება, ეს იმიტომ, რომ მე ვცდილობდი გავჩუმებულიყავი, სიტუაცია გამენეიტრალებინა, ბავშვებს თავი ცოტა უფრო კომფორტულად ეგრძნოთ და ძალიან არ შეშინებოდათ. ალბათ, ამანაც იმოქმედა - ჩემი მხრიდან წინააღმდეგობას ვერ ხედავდა და იფიქრა, გამდისო.
რატომ ვითმენდი? ჩემი ორივე მშობელი გარდაცვლილია, დედისერთა ვარ, სახლი არ მაქვს და ესეც ფაქტორი იყო - ქმარი სულ იმას მინერგავდა, ჩემ იქით გზა არ გაქვს, სად წახვალ, ვის რაში სჭირდები 2 ბავშვით, მარტოხელა ხარ, დამხმარე შენ არ გყავსო
ისეთი გავლენის ქვეშ მომაქცია, მეც ვფიქრობდი, რომ მის გარეშე მართლაც დავიკარგებოდი. ბავშვებს რა ვაჭამო, ქირა როგორ გადავიხადო - ყველაფერი თავში ჩამებეჭდა, მეგონა მის გარეშე არარაობა ვიყავი და არც არაფერი შემეძლო" - იხსენებს AMBEBI.GE-სთან ნანა გოგალაძე.
ახალი წლის ღამეს ფსიქოლოგიური ძალადობა ფიზიკურმა შეცვალა. როგორც რესპონდენტი ყვება, მეუღლის გაღიზიანება სატელეფონო ზარს მოყვა - ქალს პირველმა მეუღლემ დაურეკა, რომ შვილებისთვის ახალი წელი მიელოცა:
- ჩემმა პირველმა ქმარმა და შვილებმა დაახლოებით, 5 წუთი ისაუბრეს. ბავშვებმა მამას მიულოცეს, ფულის გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადეს, ცოტა იჭორავეს. მერე ბავშვები დავაწვინე და მეც დასაძინებლად დავწექი. არ ვიცი, ჩემს ქმარს "ლომკა" ჰქონდა თუ რაში იყო საქმე, მაგრამ ოთახში შემოვიდა, ტელეფონი აიღო და დარეკილი რომ ნახა, დაიწყო, 5 წუთი რაზე ილაპარაკეთო (საერთოდ, პირველი ქმარი აქ არც არის, საზღვარგარეთ ცხოვრობს).
ვუთხარი, ის ჩემი შვილების მამაა, ბავშვები ელაპარაკნენ, მაგრამ მეც რომ მელაპარაკა, რა მოხდებოდა მეთქი?! მომვარდა, დაამტვრია ყველაფერი, ჩემი გაგუდვა დაიწყო... საწოლზე ვეგდე, მკერდზე ფეხი მომაჭირა, დაბჯენილი ჰქონდა და ხელებით მგუდავდა.
როცა მგუდავდა, ვერაფერს ვფიქრობდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ გრძნობას ვკარგავდი. ის მახსოვდა, რომ დედაჩემი ფულის გამო მოკლეს, თბილისში ბინა გავყიდეთ და სწორედ იმ ფულის გამო დაახრჩვეს... მარტო ის აზრიღა მქონდა თავში, რომ მე არ უნდა მოვმკვდარიყავი და იგივე არ უნდა განეცადათ ჩემს შვილებს, რაც მე დედის დაკარგვის გამო გამოვიარე.
ჩემი ბიჭი მაშინ 10 წლის იყო, მოასწრო გასვლა და მეზობელს დაუძახა. შემდეგ დავურეკე 112-ს და პოლიცია გამოვიძახე. ამან უფრო გაამწარა, კიდევ გამოიწია ჩემკენ და ზუსტად მაშინ, თავის დაცვის მიზნით სამზარეულოს დანით მხარში დავჭერი" - ყვება გოგალაძე.
"საფარის" ადვოკატთან ერთად ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. სანამ პროცესი მიმდინარეობდა, შანტაჟის შედეგად, ქალმა მეუღლესთან ურთიერთობა კვლავ აღადგინა.
- ვიფიქრე, სასამართლო პროცესის დამთავრებამდე შერიგება აჯობებდა. იყო მუქარები - "თუ ჩემთან არ იქნები, შენს თავს დავაჭერინებ", "საქართველოს დატოვება მოგიწევს", "მოგკლავ" - მართლაც ძალიან შემეშინდა. თავიდან თვალებში შემომყურებდა, შენ შემოგევლე, შენ გენაცვალეო, თუმცა, მერე ისევ ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო იგივე - გინება, შუაღამისას ხელი მკრა და გარეთ გამოგვყარა მე და ჩემი ბავშვები. როცა 112-ს ისევ დავურეკე, ამჯერად ძალიან მალე მოვიდნენ, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ახლა არ აქვს უფლება საერთოდ შემეხოს და მის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის მუხლითაა საქმე აღძრული. იმის მერე არც მინახავს...
ჩემმა ადვოკატმა, ელისო რუხაძემ გამაგზავნა ფსიქოლოგთან. საკმაოდ დიდი ხანი დავდიოდი და ეს ძალიან დამეხმარა - ჩემი თავის მიმართ რწმენა დამიბრუნდა. ახლა ვხვდები, რომ სისულელე და უაზრო შიშები იყო ეს ყველაფერი, არც კი ვიცი, როგორ მომაქცია თავისი ზეგავლენის ქვეშ... მშვენივრად ვცხოვრობ მის გარეშე. ქირით ვარ, ვმუშაობ, ბავშვები განებივრებულები არ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შიმშილით არ ვკვდებით, როგორც მაშინ მეგონა.
ბრძოლას აზრი ჰქონდა. თავიდანვე რომ მიმემართა პოლიციისთვის, ამ დონემდე არ მივიდოდი და ბევრ სახიფათო რამეს ავიცილებდი თავიდან
ძალიან ვნანობ, რომ ამდენი ხანი გამიგრძელდა ეს ყველაფერი, დავიტანჯე მეც და დავტანჯე ჩემი შვილებიც - ჩემმა ფსიქოლოგმა ძლივს მომიყვანა ჭკუაზე, ბავშვებიც ფსიქოლოგთან დიდი ხნის განმავლობაში დამყავდა.
გარშემო საშინელებები რომ ხდება, ეს იმის ბრალია, რომ ქალების 90% ალბათ ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც მე: „შეიძლება გამოსწორდეს, ვაპატიებ, მერე რა ვქნა, ბავშვებს რა ვუყო“ და ა.შ. მაგრამ, ამაზე ფიქრის დროს საკუთარ თავზე ვეღარ ვფიქრობთ და მოძალადეს ისეთ რაღაცებს ვპატიობთ, რისი პატიებაც უბრალოდ, არ შეიძლება... რაც უფრო მალე დააღწევენ ამას თავს, მით უკეთესია მათთვის და მათი შვილებისთვისაც" - გვიამბობს ნანა გოგალაძე.
AMBEBI.GE-ს კიდევ ერთი რესპონდენტის, ბ.პ.-ს ისტორიაში მოქმედი პირი არა პარტნიორი ან მეუღლე, არამედ ღვიძლი ძმა და დედა არიან, რომლებიც მასზე ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ.
- ჩემი ძმა წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო, ახლა ალკოჰოლდამოკიდებულია. ფსიქიკა დაზიანებული ჰქონდა, ყოველთვის აგრესიული იყო, ხოლო დედაჩემი ცუდად იყო განწყობილი ჩემდამი. მე ხომ გოგო ვარ და წლების განმავლობაში მეუბნებოდა, რომ სახლიდან უნდა წავსულიყავი, ან ამერჩია, რომელ ძმასთან ვიცხოვრებდი. ამაზე თავიდანვე ვთქვი უარი, რადგან მე შრომისუნარიანი ვარ და არ მინდოდა არავისთან საცხოვრებლად წასვლა.
მშობლების სახლის წინ პატარა ადგილი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩემი ხელით გავასუფთავე, რის შემდეგაც ჩემ მიმართ ჩემი ძმისა და დედაჩემის მხრიდან მეტი აგრესია წამოვიდა. აგრესია მამაჩემისა და მეორე ძმის მიმართაც ჰქონდათ, რომლებიც სხვაგან გადავიდნენ, ამიტომ ბრაზი მთლიანად ჩემკენ გადმოიტანეს.
ძალადობა ბევრ რამეში გამოიხატებოდა. ელემენტარულად, ზამთრობით, ღუმელი სადაც გვიდგას, იმ ადგილს ჩემი ძმა "პლედს" აფარებდა, რომ ჩემს ოთახში სითბო არ გამოსულიყო - ხშირად ჩაცმულს მეძინა
ჰაიმორიტი დამემართა, ფილტვებზე პრობლემა შემექმნა... ბევრი ასეთი რამ... იძულებული გავხდი, გუდაურში ისეთი სამსახური მეშოვა, რომ თვეობით გასული ვყოფილიყავი სახლიდან. 3 წლის წინ, ზამთარში, პირველად ვიყავი თბილ და მშვიდ ოთახში... როცა ჩამოვდიოდი, დაზიანებული მხვდებოდა ჩემი ნივთები, იყო ყოფით საკითხებზე აგრესია. ბევრჯერ ხელითაც შემხებიან, როცა გაზზე საკვები გამიცხელებია ან ელექტროენერგია მომიხმარია. სარეცხი მანქანითაც კი აღარ ვსარგებლობდი, რომ კონფლიქტისთვის თავი ამერიდებინა" - გვიყვება ბ.პ, რომელსაც ფიზიკური ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებზე საუბარი უჭირს, თუმცა რამდენიმე, ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდს იხსენებს.
- ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როცა ჩემს ძმას დანით გამოუწევია ჩემზე, მკლავზე ნაკბენიც მეტყობა. წითელ პარასკევს კვერცხებს ხარშავდა დედაჩემი. ჩემმა ძმამ ერთი ახალი ამოღებული, მდუღარე კვერცხი აიღო, თავი დამიჭირა და ეს კვერცხი ყელზე მთელი ძალით დამაჭყლიტა. რა თქმა უნდა, ყელი დამეწვა. ყელზე ახლაც მაქვს ნაიარევი...
ეს ყველაფერი მანამდე იყო, ვიდრე, ვითომ "მიწის გამო" დაიწყებოდა კონფლიქტი. იმ მცირე მიწის ნაკვეთის გაფორმება მინდოდა, რომელიც მშობლების სახლთან იყო. დედაჩემმა დაირეგისტრირა და შემდეგ ჩემს ძმას აჩუქა. შემდეგ, სახლიც აჩუქა. წელს, ზამთარში, როცა გუდაურიდან ჩამოვედი, ისევ იყო დედის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემთხვევა. ეს ძალიან დიდ ტანჯვას მაყენებს... ხელით არაერთხელ შემხებია, ბავშვობიდან თმით მათრევდა ხოლმე.
გაზაფხულზე, როცა ისევ ჩამოვედი, ეზო მივალაგე და ერთ გატეხილ "ვედროს" ადგილი შევუცვალე, შემდეგ კი სახლიდან გავედი. როცა დავბრუნდი, პოლიცია დამხვდა - ოჯახი ძალადობაში მადანაშაულებდა. შემაკავებელი ორდერი გამომიწერეს. პანდემიის გამო სახლი ვერ დავტოვე. ერთხელ რაღაცის დახეთქების ხმამ გამაღვიძა, რაზეც სამზარეულოში გავედი და უბრალოდ, შენიშვნა მივეცი. დედაჩემმა მაგიდიდან დანა აიღო, მაჯა დამიჭირა და ვენაზე დანა ორჯერ გადამისვა. ორი მოგრძო ნაკაწრი იყო, თუმცა ღრმა არ აღმოჩნდა. შემდეგ თავზე ხელი მომკიდა და რამდენჯერმე გამათრია და გამომათრია. თავიდან მთელი ბღუჯა თმა ჩამომყვა... ამის შემდეგ, პოლიციის დახმარებით გავერიდე სახლს. დადგინდა, რომ იმ დღეს ტვინის შერყევა მიმიღია.
იყო მომენტები, თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი. თავის დაცვა შეიძლება, მაგრამ დედას ხელს ვერ შევუბრუნებდი, ეს განცდა მქონდა. ისიც გავიგე, რომ თურმე ჩემი ძმა, რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებებზე მიუწვდებოდა ხელი, ამბობდა, საჭმელში რაღაცას ჩავუყრი, რომ ფსიქიკურად შეიშალოს, ან რამე ნემსს გავუკეთებო. მტკიცებულებებიც წარვადგინეთ სასამართლოზე, როგორ გეგმავდა, რომ ჩემს თავს დააჭერინებდა. როგორც ახლა მეუბნებიან, იმ სახლში დაბრუნება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება... ყველა ამბობს, ღმერთს მადლობა უთხარი, რომ იქ აღარ ხარო... ადვოკატმაც გამაფრთხილა, იმ სახლში არ დაბრუნდე, თორემ მე ვეღარაფრით დაგეხმარებიო" - გვიყვება ბ.პ.
"საფარის" იურისტი ელისო რუხაძე, რომელიც ამ ორ შემთხვევაზე მუშაობდა, გვეუბნება, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს უჭირთ მომხდარზე საუბარი, თუმცა აანალიზებენ იმასაც, რომ სხვებს მაგალითი უნდა მისცენ, რადგან დუმილი ხშირად სიკვდილის ტოლფასია.
- ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს, როდესაც ქალები ფაქტობრივად, ბეწვზე გადაურჩნენ ფემიციდს. ძალიან ხშირად, მსხვერპლი რომ გადარჩეს, უმნიშვნელოვანესია პატრულის ჩარევა და ხშირად ეს ჩარევა არ არის მყისიერი და ადეკვატური. მაგალითად, "ილიაუნში" მომხდარი ცნობილი საქმე დაიხურა (როცა ლექტორი ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა) და ჩვენ ის სტრასბურგში წავიღეთ - აქ არ იყო პოლიციის ადეკვატური ჩართულობა.
ფემიციდს გადარჩენილი ქალების ისტორია უმძიმესია. ისინი დღემდე გადიან ფსიქოთერაპიის კურსს - ძალადობის შედეგად მიღებული ფსიქოტრავმული ნიშნები იმდენად რთული და მძიმეა, რომ უჭირთ, მარტივად ისაუბრონ ამ საკითხებზე, მით უმეტეს, მედიასთან, თუმცა ხშირად აანალიზებენ იმასაც, რომ ჩვეულებრივი გმირები არიან, რომ მაგალითი უნდა მისცენ სხვა ქალებს.
ძალიან ცნობილი ფსიქოლოგები ერთვებიან, მულტიდისციპლინური გუნდი - იურისტი, სოცმუშაკი, ფსიქოლოგი ერთად ვმუშაობთ მსხვერპლთან და ვაძლიერებთ ქალს, რათა სოციუმში მისი დაბრუნება და იმ ფსიქოტრავმული ნიშნების დამუშავება მოხდეს. ქალებს, რომლებიც ფსიქოთერაპიის კურსს გადიან, ძალიან კარგი შედეგები აქვთ.
- ფემიციდი და მისი მცდელობა საქართველოში საკმაოდ ხშირია, ეს რისი ბრალია და რას ურჩევდით ქალებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ არაფრის შეცვლა შეუძლიათ?
- ფემიციდის გავრცელებას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ძირითადად, ეს დამოკიდებულია ჩვენს ტრადიციებსა და კულტურაზე, სადაც კაცი დომინანტად მიიჩნევა და ქალი, რელიგიური ნორმებით, დოგმატიკითა და ტრადიციების მიხედვითაც უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს. მათი თანასწორობა კანონის მიღმა არსად წერია.
ხშირად მამაკაცებისთვის მიუღებელია მათი პარტნიორის ან მეუღლის აქტივობა, რომ ქალებმა ხმა ამოიღონ ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა, ყველა ქალს ვურჩევ, რომლის მიმართაც ხორციელდება ძალადობა, ხმა ამოიღოს, რადგან დუმილი შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ვფიქრობ, მათ უნდა მოგვმართონ და ყველა ბერკეტი და რესურსი გამოიყენონ, რათა მათი შვილები იყვნენ უსაფრთხოდ და მინიმუმ, გადარჩნენ.