ავტორი:

"მათხოვრად ვიქეცი, 3 დღეში ერთხელ ვაჭმევ ძაღლებს... ხალხო, რამ გაგაქვავათ?!" - რატომ აჩუქებს თამაზ ელიზბარაშვილი თავშესაფარს, რომელსაც 17 წელი პატრონოდა

"მათხოვრად ვიქეცი, 3 დღეში ერთხელ ვაჭმევ ძაღლებს... ხალხო, რამ გაგაქვავათ?!" - რატომ აჩუქებს თამაზ ელიზბარაშვილი თავშესაფარს, რომელსაც 17 წელი პატრონოდა

თამაზ ელიზბარაშვილი მის კუთვნილებაში არსებულ ცხოველთა თავშესაფარს აჩუქებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად!!! თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში. 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს. გაჩუქების აუცილებელი პირობაა, იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. (ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან). მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს.

გაჩუქების მიზანი არის იქ მყოფი ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან. მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ვისაც გაქვთ სურვილი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დავუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86".

ცნობილი ბიზნესმენი წუხს იმის გამო, რომ მიუსაფარი ძაღლების რჩენას ვეღარ ახერხებს. ქონების გაჩუქებაზე განცხადებას წინ უძღვოდა ისევ სოციალური ქსელით გაკეებული მისი განცხადება, სადაც საზოგადოებას მოუწოდებდა, რომ მიუსაფარი ძაღლების გადასარჩენად გაერთიანებულიყვნენ და გაეღოთ შემოწირულობა, კონკრეტულ ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ. როგორც თავად ამბობს, ამ მოწოდების მიმართ საზოგადოება გულგრილი აღმოჩნდა და ამიტომ ქონების გაჩუქება გადაწყვიტა.

თამაზ ელიზბარაშვილს წლებია ძაღლების თავშესაფარი აქვს და ქუჩაში მიტოვებულ ძაღლებს თავისი ფინანსებით კვებავდა და მკურნალობდა. 2015 წელს, როცა თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი წაიღო, ბიზნესმენს თავიდან მოუხდა ძაღლებისთვის ახალი თავშესაფრის აშენება, რაც ასევე თავისი სახსრებით გააკეთა.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, 17 წელია მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს, მაგრამ პანდემიის გამო მას ფინანსური პრობლემები შეექმნა და რჩენას ვერ ახერხებს.

თამაზ ელიზბარაშვილი:

- თავშესაფარში ახლა შიმშილია და უსახსრობის გამო ძაღლების გამოკვებას ვერ ვახერხებ, რაც ძალიან მტკივა. 249 ძაღლი მყავს, ყველა დიდი ტანის ძაღლია. თქვენ წარმოიდგინეთ ქართული ნაგაზი რომ გავუშვა ახლა ქუჩაში. ამის ქუჩაში გაშვება შეუძლებელია და თან აკრძალულია. ამ განცხადებით ვეძებ გამოსავალს, რომ ძაღლები შიმშილით არ დაიხოცონ.

- თქვენ თხოვდით საზოგადოებას შემოწირულობას ამ ძაღლებისთვის, არ გადმორიცხა ხალხმა ფული?

- არავის აინტერესებს და ეს კიდევ მეტად მაღელვებს. 17 წელი ვინახავდი ჩემი ჯიბის ფულით ქუჩიდან აყვანილ მიტოვებულ ძაღლებს. ამ წლების მანძილზე 30 000 ძაღლმა გაიარა ჩემი თავშესაფარი, მოუყვანიათ ტყვიით დაჭრილი, ნაჯახით, დანით დაჭრილი ძაღლები. ვინ იცის რა დაზიანებებით არ მოუყვანიათ, ექიმთან წამიყვანია, ოპერაციები მათთვის ჩემი სახსრებით გამიკეთებია და გადამირჩენია ისინი.

პატარა ტანის ძაღლების პრობლემა არ მაქვს, ავცრი, გავუკეთებ კასტრაციას, სტერილიზაციას, ასეთ ძაღლებს ყურზე უკეთიათ ბირკა და დადიან ქუჩაში. თავშესაფარში კი მყავს კავკასიური ნაგაზი, აზიური ნაგაზი, მალამუტი და ა.შ. ამ ძაღლების გაჩუქება ვერაფრით მოვახერხე, ყველას უნდა პატარა ლეკვი სათამაშოდ რომ წაიყვანოს. მერე თუ არ მოეწონათ ზოგო იმასაც ქუჩაში აგდებს.

ჩემთან თავშესაფარში მყოფი ძაღლების 70 პროცენტი ქუჩაში პატრონის მიერ გაგდებული ძაღლია, ქუჩიდან შემოვიყვანე და ვაჩუქე მათ სიცოცხლე. ზოგი 5 წელია ჩემთანაა, ზოგი - 6 წელია. ვაჭმევდი და ვასმევდი. არიან ისეთებიც, რომლებიც პატრონმა მოიყვანა, რადგან ზოგს კანის დაავადება ჰქონდა, ზოგს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს მანქანა დაეჯახა და ცუდად იყო. ყველას ვუმკურნალე ჩემი სახსრებით, გამოვაჯანმრთელე, მაგრამ პატრონმა არ წაიყვანა, დამრჩა თავშესაფარში.

- რას გეუბნებოდნენ, რატომ არ მიყავდათ?

- გული რომ არ აქვთ, ადამიანის სახე რომ აქვთ მხოლოდ გადაკრული ამიტომ, თორემ ადამიანი თავის ერთგულ მეგობარს ასე მიაგდებს? ასეთ ხალხს ადამიანობა დაკარგული აქვთ. გარდა 249 ძაღლისა თავშესაფარში 4 მურა დათვი მყავს, რომელიც სახელმწიფოს მობარებულია, მაგრამ ერთი ნატეხი პურიც კი არ მოუტანია მისთვის.

- რამდენი თანამშრომელი გყავთ თავშესაფარში?

- მაქსიმალურად შევამცირე და დამრჩა 12 კაცი, რომელიც ემსახურება 249 ძაღლს და 4 მურა დათვს. 17 წელი არ დამჭირვებია საზოგადოების დახმარება და ამ ყველაფერს ჩემით ვუძღვებოდი, მაგრამ ახლა საზოგადოების დახმარება დამჭირდა და მოვუწოდე ხალხს დახმარებოდნენ ძაღლებს საკვებით.

მათხოვარად ვიქეცი, ერთი ლარი ჩაურიცხეთ რომ შიმშილით არ დაიხოცონ-მეთქი, მაგრამ არავის ადარდებს. როცა არსებობს ძაღლების სახელმწიფო თავშესაფარი თბილისში, რომელსაც წელიწადში 5 მილიონი აქვს დაფინანსება.

მე ძაღლების თავშესაფარი წელიწადში 240 000 ლარი მიჯდებოდა და ჩემთან გაცილებით მეტი ძაღლი შემოდიოდა, ვმკურნალობდით. მუნიციპალურ თავშესაფართან მემორანდუმი მქონდა გაფორმებული, კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ისინიც დიდ საქმეს აკეთებენ. ყველა კასტრაცია და სტერლიზაცია რაც კი გაკეთებულა ჩემი თავშესაფრის ძაღლებზე, იქ კეთდება უფასოდ, მაგრამ ძაღლს ჭამა ხომ უნდა, ვოლიერებს - გარეცხვა.

მედიკამენტები სჭირდებათ ძაღლებს, ასევე სხვადასხვა ოპერაცია, ამას არავინ აფინანსებს და ამის გადახდა მე ჩემი ჯიბიდან მიწევდა. ახლა გამიჭირდა და მზად ვარ ჩემი ქონება, რომელიც არის მილიონ 350 000 ღირებულების ვაჩუქო, გინდათ მთავრობას ან ნებისმიერ პირს, ოღონდ ერთი პირობით - 10 წელი მოუაროს ამათ, აჭამოს და შიმშილით არ მოკლას.

- სახელმწიფოსთან ხომ არ გქონდათ მოლაპარაკება რომ თანხა გამოგიყონ?

- ყველა ნორმალურ ქვეყანაში კერძო თავშესაფრებს ეხმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და აფინანსებს. მე ვეუბნები იქით, გჩუქნით ჩემს ქონებას-მეთქი, მაგრამ არავის უნდა. საწყალ ძაღლებს შიმშილით ხომ არ დავხოცავ, ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე მაშინ საკუთარ თავზე. სირცხვილი ქართველებს, სხვა ბიზნესმენებს ან ჩინოვნიკებს რომ დავმსგასებულიყავი 8 მილიონად რამდენ რამეს გავაკეთებდი.

არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მანქანის ნომრებში ყრიან ფულებს და ბევრ სულელურ რამეში და ძაღლებისთვის არ იმეტებენ არაფერს. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში. მშიერი ძაღლი, რომელსაც აქვს უფლება ჩვენს ქალაქში იცხოვროს მივა რესტორანთან, ითხოვს ერთ ნატეხ პურს და ქვას ესვრიან და იმ პურს ნაგავში ყრიან.

ახლა ისე გამიჭირდა, 3 დღეში ერთხელ ვაჭმევ ძაღლებს და გავნადგურდი ძალიან. მათ თვალებს ვეღარ ვუყურებ. ან ეს საწყალი ძაღლები ინექციით უნდა დავაძინოთ, ამის გამკეთებელი მე არ ვარ, მაშინ თავი უნდა მოვიკლა, ან შიმშილით დაიხოცებიან და გული გამისკდება. გული მიკვდება რომ ვერ ვაჭმევ. საცოდავად რომ გიყურებს და თვალებით გეუბნება მაჭამეო, შეიძლება ცრემლი ვერ შეიკავო ადამიანმა.

ძაღლი ხომ საუკეთესო მეგობარია ადამიანის, ხალხნო რამ გაგაქვავათ. ერთი პური გვენანება ძაღლს მივცეთ და იმ პურს ნაგავში ვყრით. გული გამისკდება რომ მოკვდეს ძაღლი შიმშილით, რომელიც ერთხელ პატრონმა გაწირა და ქუჩაში მიაგდო. ის მე გადავარჩინე, ვუმკურნალე, მოვუარე და ახლა შიმშილით მოვკლა? ძაღლსაც აქვს სიცოცხლის უფლება, ნუ იქნებით ადამიანებო გულგრილნი.