ავტორი:

"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა

"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა

როგორც ცნობილი გახდა, სამართალდამცავებმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს. დაკავების მიზეზებზე, სავარაუდოდ, განმარტებას ძალოვან უწყებაში მალე გააკეთებენ. ჩვენი ინფორმაცით, თამაზ ხომასურიძის ერთ-ერთი ბრალდება არის გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის მისამართით მუქარა. სავარაუდოდ, ამას კიდევ ორი ბრალდება დაემატება. ამ ინფორმაციის გადამოწმება შაქარაშვილის ბიძასთან ვცადეთ და მან ეს ფაქტი დაგვიდასტურა.

მირიან ნიკოლაძე:

- ჯერ გეტყვით იმას, რომ ადამიანურად თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა. მაგრამ იმის მაგივრად, გონზე მოსულიყო და კორექტულად მოქცეულიყო, მან უფრო გაამწვავა მუქარა, რაც მისი მხრიდან, საჯაროდ ჩვენი მისამართით მუდმივად ისმოდა. იცით ჩემი დამოკიდებულება ამაზე, მაგრამ ამის შემდეგ უკვე დაიწყო მოწერა პირად სივრცეში, "ფეისბუქზე", ხან თეთრი ისარის სახელით მემუქრებოდა, ხან თავისი სახელი და გვარით მლანძღავდა. მივხვდი, ასეთ კაცს მარტო სამართალი გააჩერებს, სხვა მექანიზმი არ არსებობს და მე მივმართე შს სამინისტროს განცხადებით ამ საკითხზე, დამკითხეს კიდეც და სავარაუდოდ. ერთ - ერთი ბრალდება უნდა იყოს ეს მუქარა. გიორგის ოჯახიც მიიჩნევდა, რომ ეს კაცი საფრთხის მატარებელი იყო და ძალიან ნერვიულობდნენ ჩემს გამოც. როგორც მახსოვს, თამაზ ხომასურიძეს მოწმეებსაც ემუქრებოდა, იგივე, ამირხანაშვილსა და ბრეგვაძეს, მაგრამ, არ ვიცი, იმათ უჩივლეს თუ არა. თუმცა, როგორც ვიცი, გამოკვლევა მიდიოდა მტკიცებულების ფალსიფიკაციაზეც. გახსოვთ ერთი ტელეარხის ჯგუფი აღტკინებული ამბობდა, თითქოს ამირხანაშვილმა ტელეფონი დაკარგა და სისულელების ტირაჟირება ხდებოდა. როგორც ვიცი, ამ კუთხითაც მიმდინარეობდა გამოძიება და შეიძლება ცრუ ჩვენებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვისაც წაუყენონ ბრალი. სავარაუდოდ სამი მუხლი უნდა ჰქონდეს თუ სამართლებრივ ლოგიკას მივყვებით. არ ვიცი სამინისტროს რას იზამს.

- თქვენ ლიკვიდაციით გემუქრებოდათ?

- იყო გინება, ბილწსიტყვაობა. ეტყობოდა რომ დაარიგეს, პირდაპირ ღიად არ დაემუქროო. დიდი აგრესია მოდიოდა მისგან. ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან დაძაბულები იყვნენ. ამ მუქარას სერიოზულად აღიქვამდნენ, ჩემს გამოც ნერვიულოდნენ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ხვალ და ზეგ შეიძლებოდა ეს გარდაცვლილის ოჯახის მიმართაც განხორციელებულიყო. მეც ხომ მათი ოჯახის წევრი ვარ, გიორგის ბიძა ვარ, ოჯახის ინტერესებს წარმოვადგენ, ამიტომ მათთვის ძალიან პრობლემური საკითხი იყო და ჩვენებაც მისცეს. ალბათ პროკურატურა გააკეთებს კომენტარს და დეტალურად ისაუბრებს ბრალდების ირგვლივ. ჩემი ვარაუდით, მას ბრალდება სამი მუხლით ექნება წარდგენილი.

P.S.

სტატია გამოქვეყნებული იყო, როდესაც შსს-ში განცხადება გაკეთდა, რომლითაც ირკვევა, რომ თამაზ ხომასურიძეს მართლაც მუქარას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების, მოწმეთა ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.

კერძოდ: ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე, ორი მობილური ტელეფონის და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის - გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას.

გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან - გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.

ამასთან, ბრალდებულმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას - მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს“, - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ.

"მიზეზი უკანონო გადაწყვეტილება გახდა" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

"ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის" - სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება

"ინტერპრესნიუსის" ექსკლუზივი - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს: "კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას"