ავტორი:

პრემიერმა ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ყარაბაღშია მისი მეუღლეც - "შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი..."

პრემიერმა ფაშინიანმა შვილი ბრძოლის წინა ხაზზე გაუშვა, ყარაბაღშია მისი მეუღლეც - "შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი..."

ყარაბაღის კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბური ხდება და როგორც ჩანს, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების შეჩერება საკმაოდ რთული იქნება. ambebi.ge-მ უკვე შემოგთავაზათ სტატია, თუ როგორ ამხნევებს აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა სოციალური ქსელებიდან თანამემამულეებს. ახლა კი მოგიყვებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოჯახზე.

ანა აკოფიანმა მომავალი მეუღლე ნიკოლ ფაშინიანი ჯერ კიდევ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტობისას გაიცნო. 1997 წელს ისინი შეუღლდნენ და მას შემდეგ ცოლი ქმრის ჭირსა და ლხინს იზიარებს. როცა მეუღლე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, ანა აკოფიანის - როგორც ჟურნალისტის, როგორც საზოგადო მოღვაწის - როლი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე უფრო საპასუხისმგებლო გახდა. მას, 42 წლის დედას, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს (სამი გოგონა და ერთი ვაჟი), უკვე გავლილი აქვს საბრძოლო მოქმედების კურსი - აგვისტოს თვეში, არცახში (მთიან ყარაბაღში) დისლოცირებული ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, 15 სხვა ქალთან ერთად. ისინი, რომლებიც ანა აკოფიანის მიერ შექმნილი მოძრაობის "ქალები მშვიდობისათვის" წევრები არიან, აქტიურად მოემზადნენ სავარაუდო ომისთვის...

და ომმაც არ დააყოვნა: საბრძოლო მომზადების დასრულებიდან ერთ თვესაც არ გაუვლია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო...

ანა აკოფიანმა მეუღლესთან - ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ვაჟის - აშოტის ჯარში გაგზავნა გადაწყვიტა, მთიან ყარაბაღში, ფრონტის ხაზზე. აქვე შევნიშნავთ, რომ აშოტ ფაშინიანმა სამხედრო სამსახური 2018 წელს გაიარა, მთიან ყარაბაღში, საკუთარი სურვილით. 27 სექტემბერს დილით შვილი გააცილა, საღამოს კი ყარაბაღში, სტეფანაკერტში დედაც ჩავიდა, ქალთა ჯგუფთან ერთად. ანა აკოფიანი ყარაბაღელ პოლიტიკოს ქალებს - ადგილობრივი პარლამენტის წევრებს შეხვდა და ესაუბრა:

"სამშობლოსთვის სიკვდილი ყველაზე კეთილშობილური საქმეა ადამიანისათვის. დღეს სომეხი ხალხისთვის ისტორიული, გარდამტეხი მომენტი დადგა. სომხებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ჩვენ, ქალები, ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ყველა სირთულე გადავლახოთ. მე პირადად ამ მძიმე ჟამს არცახელ სომხებთან ერთად წინა ხაზზე ვიმყოფები. დარწმუნებული ვარ, სომეხი ქალების სიმტკიცეში. ამ ომში საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ.

აქ რომ მოვდიოდი, ქმარმა მითხრა, რომ ჩვენი ვაჟი აშოტი, რომელიც რეზერვშია, წინა ხაზზე უნდა იყოსო. მეც შვილს ვუთხარი: - შვილო, აი, სამხედრო ფორმა, ჩაიცვი... იცოდე, რომ გაღმერთებ, მაგრამ ამ ცხოვრებაში არაფერი არაა იმაზე დიდი და კეთილშობილი საქმე, ვიდრე ადამიანის მიერ სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლის შეწირვა. მე ამას მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვამბობ. მე როგორც დედას, ვერანაირი გარემოება ვერ შემიცვლის ამ აზრს ვერც დღეს, ვერც ერთი წლის და ვერც ათი წლის შემდეგ. ვიცი, რომ ასეთი მხოლოდ მე არ ვარ. მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით სომეხ ქალთაგან, დედებს შორის და სწორედ ამაშია ჩვენი გამარჯვების საწინდარი", - ხაზი გაუსვა ანა აკოფიანმა.

პრემიერ-მინისტრის მეუღლე დღესაც სტეფანაკერტშია. მან ქრისტინა არუთინიანთან - მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის არაიკ არუთინიანის ცოლთან ერთად რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრი მოინახულა და ომში დაჭრილებს შეხვდა. ასევე შეამოწმა ბომბსაფრების მდგომარეობა, სადაც დაბომბვის დროს მშვიდობიანი მოსახლეობააა თავშეფარებული.

ანა აკოფიანი აქტიურად სარგებლობს სოციალური ქსელებით და თავისი საქმიანობის ყოველ ფაქტს საზოგადოებას უზიარებს. ასე მაგალითად, 29 სექტემბერს მან "ფეისბუქში" დაწერა, რომ სომეხმა მეცენატმა ჯორჯ ბაგუმიანმა ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა ანა აკოფიანის საქველმოქმედო ფონდში სახელწოდებით "ჩემი ნაბიჯი" და აღნიშნა, რომ შეწირული თანხიდან ყოველი ცენტი სომეხი ხალხის საკეთილდღეოდ იქნება დახარჯული..

სხვათა შორის, ანა აკოფიანის აქტიურობა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული მედიისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როგორც ბაქოს გამოცემა "ვზგლიადი" იუწყება, "სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლის ყოფნა სტეფანაკერტში უცნაურია იმ ფონზე, როცა სომხეთის ჯარები უკან იხევენ და მარცხს განიცდიან. ისმება კითხვა: რა მიზნით გზავნის ნიკოლ ფაშინიანი თავის ცოლს მთიან ყარაბაღში? ნუთუ მას მართლა ჰგონია, რომ წინა ხაზიდან გაქცეული სომეხი ჯარისკაცები ქალების თხოვნით ისევ იქ დაბრუნდებიან. პრემიერის ასეთი გაუგებარი ქცევა პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეში სიცილს გამოიწვევს. გამოდის, რომ სომეხი დიასახლისები ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცების ნაცვლად იბრძვიან".

ავტორი: სიმონ კილაძე

"ეს თურქეთის იმპერიის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკაა“ - რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

"ქალი ხარ, მეცნიერება შენი საქმე არ არის...დამოკიდებულება თანდათან იცვლება" -  ქიმიაში ნობელიანტი ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და მათი რევოლუციური აღმოჩენა

"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენ ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"