ავტორი:

"მეც მათთან ერთად დავიმარხე. 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ..." - მეწყერსჩაყოლილი გოგონას წერილი თიკა თედორაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოჯახი დაკარგა

"მეც მათთან ერთად დავიმარხე. 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ..." - მეწყერსჩაყოლილი გოგონას წერილი თიკა თედორაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოჯახი დაკარგა

"ფეისბუკში" ერთი მეგობრის, მაგდა ჩავლეიშვილის თანაგრძნობის, ტკივილიანი და, ამავე დროს, იმედიანი, გამამხნევებელი სტატუსი მომხვდა თვალში. სტატუსის ადრესატი კი პატარა გოგონა თიკა თედორაძეა - 1-ლ ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში ჩამოწოლილ მეწყერში დაღუპული თედორაძეების ოჯახის იღბლად გადარჩენილი ერთადერთი წევრი. თიკას გაუმართლა - სტუმრად სხვა სოფელში იმყოფებოდა. წლების წინ კი თიკასავით გაუმართლა სტატუსის ავტორს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმის მასაურას დასახლებაში მცხოვრებ მაგდასაც - მან ოჯახის 4 წევრი დაკარგა - დედა-მამა და და-ძმა. ისინი მიწის მასამ ჩაიყოლა. 5 საათის განმავლობაში თავად მაგდაც მიწისქვეშ იყო ჩამარხული და... ცოცხალს მიაკვლიეს. მაგდას ამბავი ტრაგედიიდან წლების შემდეგ მომითხრო მისმა ბიძამ - რაულ ჩავლეიშვილმა, რომელიც იმ ღამეს შინ არ იმყოფებოდა:

"საშინელება 2008 წლის 18 სექტემბრიდან 19-ში გარდამავალ ღამეს, დაახლოებით 01:15 წუთისთვის დატრიალდა. ენით აღუწერელი რამ მოხდა: ისეთი ჭექა-ქუხილი და თავსხმა წვიმა იყო, თითქოს ცა ჩამოდიოდა ძირს. იმხანად ცოლი არ მყავდა და ყველანი ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდით. სახლი საკმაოდ კარგი ნაშენები იყო და ადვილად ვერაფერი დაანგრევდა. ჭექა-ქუხილმა გამოიწვია ყველაფერი. კარაქში კოვზს რომ ამოუსვამ და ამოითლება დიდი ნაწილი, ასე მოხდა. იმ ღამით შინ არ ვიყავი, ბათუმში ვმუშაობდი, პარკში, გვიანობამდე შევფერხდი და ჩემს დასთან დავრჩი. შინ რომც ვყოფილიყავი, გადავრჩებოდი, ისევე, როგორც გადარჩა მამაჩემი - ილია ჩავლეიშვილი, რადგან ჩვენი საძინებელი ოთახი სახლის სხვა მხარეს იყო. ჩემი ძმისა და რძლის, ასევე, მათი შვილების ორი საძინებელი კი მეორე მხარეს მდებარეობდა. 1000-1500 ტონამდე მიწა ჩამოწვა მანდ და სწორედ ის საძინებელი ოთახები ჩაიტანა და ჩამარხა მიწაში. ჩემი ოჯახიდან ძმა ჯუმბერი, რძალი ნანული და მათი ორი შვილი - 12 წლის ალეკო და 14 წლის ქეთი დაიღუპნენ. მესამე ძმისშვილი - 18 წლის მაგდაც იქ იყო, ქეთის გვერდით ლოგინში ეძინა, მაგრამ გადარჩა. მაგდა 5 საათის განმავლობაში იყო მიწის ქვეშ ჩამარხული, მაგრამ, საბედნიეროდ, საიდანღაც ჰაერი აღწევდა და ამან გადაარჩინა. რომ ამოვიყვანეთ, ფიზიკურად არაფერი დაზიანებია, მაგრამ შოკში იყო. კარგა ხანს გამოჰყვა დეპრესია. ძალიან დიდი პერიოდი დასჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ მამაც მომიკვდა, ვეღარ გაუძლო დარდს. საერთოდ, მეწყერი ხშირია ჩვენთან, მაგრამ სახლებთან ასე ახლოს არასდროს "მოსულა". ტრაგედიის შემდეგ აჭარის გაზეთ "ბათუმელებშიც" დაიწერა: "18 წლის მაგდა ჩავლეიშვილს დედა, მამა, ძმა და და დაეღუპა. იგი ბათუმის #1 საავადმყოფოდან ოჯახის წევრების დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე გაწერეს".

მახსოვს, მაგდას ბიძის მონათხრობი რომ მოვისმინე, მაგდასთან საუბარიც ვცადე, მაგრამ წლების შემდეგაც კი ვერ შეძლო იმ ტრაგედიაზე ლაპარაკი. თუმცა "ფეისბუკზე" დამიმეგობრდა და სწორედ ამ მეგობრობის წყალობით ვნახე მისი პოსტი. დღეს მაგდა 12 წლის თიკას ტკივილმა აალაპარაკა, ისიც - "ფეისბუკიდან" ჰეშთეგით - "სამძიმარი და თანადგომა პატარა გოგოს თიკა თედორაძეს":

"აი უკვე არ შემიძლია გავჩუმდე და ვარღვევ შენ წინაშე, ტკივილით სავსე დუმილს! 12 წლის შემდეგ, რადგან დღეს შენ, ჩემი განმეორება ხარ პატარა გოგო, ჩემსავით გეწვის გული, სული! კი, ყველაზე უკეთ მესმის დღეს რა დღეში ხარ! რადგან ზუსტად შემოდგომა 19. 09. 2008. წლის ღამეს მეც ცოცხლად დამიმარხა ცივმა, სველმა მიწამ ჩემები. ზუსტად ასე ჩამომეშალა ჭერი, ზუსტად ისე წვიმდა, როგორც შენთან გაწვიმდა, ჩემო ლამაზო. თუმც სხვაობა ის არის, რომ მეც მათთან ერთად დავიმარხე. 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ, რადგან ვგრძნობდი უკვე დავობლდი. არ მინდოდა ვეპოვნე ვინმეს, სიკვდილს არ ვებრძვოდი, პირიქით ვთმობდი სიცოცხლეს. მაგრამ არ მეწერა, არ მომცა უფლება ღმერთმა წავსულიყავი მათთან ერთად, სხვა ცხოვრებაში. მიპოვეს, ვინც დამრჩა იმათმა, ამომიყვანეს, დამაძალეს, რომ მეცხოვრა, მათი სულისთვის! იმ დროს ერთადერთი დავრჩი გვარის ნერგად. რომ მეგონა ცხოვრება დასრულდა, ღმერთს ვუსვამდი კითხვას რისთვის? პასუხი არ მქონდა.

ის მახსოვს, რომ პირიქით, ღმერთს მადლობაც კი გადავუხადე, რადგან საღსალამათი გადავრჩი, არ დამტოვა ინვალიდი. მე გავაგრძელე სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, დროსთან ერთად ტკივილი ძლიერდებოდააა. ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერით გავიმართე, ვისწავლე, შევქმენი ოჯახი, მყავს შვილები და ეს მახარებს, რადგან ჩემი და ჩემი შვილების წყალობით, მარადიული ხსოვნა იქნება, არ ჩაქრება სანთლები ჩემების სულისთვის! ამ ყველაფრით რისი თქმა მინდა, იცი? არ გაბედო, არ დაეცე, ეს შენებს არ მოეწონებათ. მართალია ვერავინ შეცვლის შენების ადგილს, მაგრამ მერწმუნე ჩაენაცვლება, ისინი ვინც გვერდით გეყოლება, როგორც ოჯახი. როგორც ჩემთან, მამიდა და მისი ოჯახი. მათ მიმიღეს, ყველაფერი გააკეთეს ჩემი ბედნიერებისთვის. პირობას გაძლევ, გავა დრო და ჩემსავით იფიქრებ დაუვიწყარ, ტკივილით სავსე შემთხვევაზე. შეუძლებელია, რამე შეცვალო, მაგრამ შესაძლებელია, თავს შემოუძახო! გისამძიმრებ თიკუნა და ვთხოვოთ ღმერთს, ასე აღარავინ დაოობლოს. მეტი რა გვეთქმის, როცა დღემდე არ მაქვს პასუხიი. და კიდევ, თუ სურვილი გექნება, რაც ძალიან მინდა, ვნახოთ ერთმანეთი. ჩემი სახლის კარი ღიაა შენთვის. გახსოვდეს რომ გაძლიერდე, ისევ მათ გამო!ჰეშთეგით - მე შენი ტკივილი მტკივა".

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე" - გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად თოვლში იცეკვა

"დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა... ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან" - ცერცვაძე

"ცრუ... შენ ყოფილხარ არაკაცი" - მარტვილში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და მამა ათინოგენი ერთმანეთს სიტყვიერად  დაუპირისპირდნენ