ავტორი:

შოთა იათაშვილის პირველი რომანი - წიგნი მკითხველისთვის, რომელიც კითხულობს იმისთვის, რომ რაღაცაში გაერკვეს და არა იმიტომ, რომ გაერთოს

შოთა იათაშვილის პირველი რომანი - წიგნი მკითხველისთვის, რომელიც კითხულობს იმისთვის, რომ რაღაცაში გაერკვეს და არა იმიტომ, რომ გაერთოს

დამწყები და თან მაქსიმალისტური – ეს შოთა იათაშვილის რომანია, რომელიც წიგნის მაღაზიის თაროზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, თუმცა მკითხველთა დიდი დაინტერესება უკვე გამოიწვია. "დამწყები – მაქსიმალისტური რომანი“ უკვე დაასახელეს, როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლედ.

„ასე მგონია, რომ შოთა იათაშვილს კიდევ ბევრჯერ მოუწევს ამ ტექსტის გადაწერა; და გადა-წერის ამ აქტით კიდევ ერთხელ მიხვედრა, თუ რა მაქსიმალისტურ „ტელოსს“ შეეჭიდა,“ – ასე ახასიათებს კრიტიკოსი დავით ანდრიაძე შოთა იათაშვილის ახალ რომანს. საკუთარ თავსა და ნაწარმოებზე კი პოეტი და მწერალი თავად გვესაუბრება.

- როგორია რომანი "დამწყები“, რას ფიქრობს მასზე თავად ავტორი?

- ძალიან კარგად განმარტა ეს დავით ქართველიშვილმა, რომლის შეფასებაც წიგნის უკანა ყდაზეა გამოტანილი. ის ამბობს, რომ ეს ტექსტი ათწლეულების მანძილზე მივიწყებული ჟანრის, საგანმანათლებლო რომანის აღორძინების ნიმუშია. მეც ზუსტად ასე ვფიქრობ და თავიდანვე ამ განზრახვით იწერებოდა რომანი. ოღონდ, ამასთანავე, თავიდანვე ჩემი მიზანი იყო, არანაირად არ ყოფილიყო ის მშრალი და მოსაწყენი. და მგონია, რომ ესეც მოვახერხე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ვინც გაეცნო, ყველამ მითხრა, რომ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა ეს 540-გვერდიანი რომანი. ანუ პარალელურად საგანმანათლებლო ხაზისა, აქ არის ჩამთრევი სიუჟეტური ხაზიც, არის დიდი ვნებები, დიდი სიყვარულის ისტორიაც მთელი თავისი გარდატეხებით, ანუ არის ყველაფერი ის, რასაც მკითხველი, აღიარებს თუ არა, გულის სიღრმეში მაინც მუდამ მოითხოვს.

- რატომ "დამწყები“? რას იწყებს მთავარი გმირი და როგორია მისი გზა, დასაწყისის განვითარება?

- მთავარი გმირი, ნიკოლოზი არის 50 წლის ასაკს გადაცდენილი პოეტი, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება ლექსების შეთხზვით იყო დაკავებული და უცებ აღმოაჩენს, რომ თურმე წარმოდგენა არა აქვს, როგორაა სამყარო მოწყობილი. ანუ ვერანაირად ვერ ერკვევა იმ მთავარ წეს-კანონებში, რაც სხვადასხვა მაკრო თუ მიკროსამყაროებშია. ყოველივე ამის გააზრების შემდეგ, ის აჩქარებული წესით იწყებს სხვადასხვა დისციპლინებში ერთდროულად გარკვევასა და ინტენსიურ ფიქრს სხვადასხვა კანონზომიერებებსა და ფენომენებზე. ეს კარდინალურად ცვლის არა მხოლოდ მისი აზროვნების, არამედ ცხოვრების წესსაც. აი, ასეთ ადამიანზეა ეს რომანი, ადამიანზე, რომელიც გადაწყვეტს, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ და უკვე ხნიერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დამწყები კლასის მერხზე ჯდება.

- რას ნიშნავს მაქსიმალისტური რომანი?

ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი მინიმალიზმია. პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები სულ ცდილობენ მაღალი დონის მინიმალისტური ნამუშევრები შექმნან. არსებობს წმინდა წყლის მინიმალისტური ფორმებიც და განუწყვეტლივ ხდება ამ ფორმების გამოყენება და დახვეწა. ამ მიმართულების საწინააღმდეგო წესით მაქსიმალიზმი უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც ამაზე არავინ ლაპარაკობს. თუ ვინმე ცდილობს ასეთი ტიპის ნაწარმოების შექმნა სცადოს, უფრო თავისთვის, ჩუმად აკეთებს ამას და მსგავს იარლიყს თავის ქმნილებას არ აწებებს. ახლაც აი, თითქმის ყველას გაუკვირდა, რას ნიშნავს მაქსიმალისტური რომანიო და ყველა მეკითხება ამის შესახებ. არადა რამე მინიმალისტური რომ დამეწერა (პოეზიაში დამიწერია კიდეც საკმაოდ ბევრი), ყველა ბუნებრივად მიიღებდა ამას. ერთი სიტყვით, ესაა პირველ რიგში ავტორისეული გულწრფელობა. მე მკითხველის წინაშე არ დავმალე, რომ ჩაფიქრებული მქონდა ისეთი ტექსტის შექმნა, რომელშიც რაღაც თვალსაზრისით ყველაფერი იქნებოდა თავმოყრილი. „შოთა იათაშვილის „მაქსიმალისტური რომანი“ პოეტის ერთდროულად პროზაული და იმავდროულად ნონპროზაული ტექსტია; თუნდაც - მეტატექსტი, რომელიც გადაძეძგილია რა გინდა რა იმპლოზიებით, ინტერაქციებით, მესიჯებით, კომპოუზინგებით, დეპერსონიფიკაციებით, კოჰაბიტაციებით, ბიფურკაციებით, სუბლიმაციებით, დეკონსტრუქციებით, ადაპტაციებით, ნავიგაციებით, მორფინგებით, პასტიშებით, ჰიბრიდებით, ენთროპიით, ჰიპერ და ინტერტექსტუალური თამაშებით... - აი, ასეთი რამ თქვა კრიტიკოსმა დავით ანდრიაძემ რომანზე. მიხვდით, რაშია საქმე? აი, ეს გადაძეძგილობაა, რასაც მე არ გავურბი, არამედ პირიქით, მიველტვი, ოღონდ ისე, რომ ყოველივე ეს დამღლელი არ იყოს, პირიქით, მომნუსხველი იყოს თავისი სტილური დახვეწილობით. ყოველ შემთხვევაში, ეს მქონდა ჩაფიქრებული და რამდენად გამომივიდა, აწი უკვე თქვენი შესაფასებელია.

- ვინ არის რომანის მთავარი გმირის პროტოტიპი, თქვენ ხომ არა?

- პროტოტიპიცა ვარ და ანტიპროტოტიპიც. ნიკოლოზი ჩემსავით პოეტი და რედაქტორია, და ის მოგონებები, რაც მის ცნობიერების ნაკადში ჩნდება ხოლმე, ჩემი წარსულის სურათებია. მაგრამ მე პრინციპულად განვსხვავდები მისგან იმ გაგებით, რომ არასდროს პოეზიაში ან თუნდაც ჰუმანიტარულ სივრცეში ჩაკეტილი არ ვყოფილვარ. პირიქით, მე ლიტერატურაში მათემატიკიდან მოვედი. და რომ არა ეს, ასეთ რომანს ალბათ ვერც დავწერდი. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ნიკოლოზი ჩემი ანტიპოდია.

- ვინ არის „დამწყების“ მკითხველი, როგორ მკითხველზეა ის გათვლილი?

- ისეთზე, ვინც იმიტომ კითხულობს, რომ რაღაცაში გაერკვეს და არა იმიტომ, რომ გაერთოს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ინტელექტუალური რომანი, შეიძლება ერთგვარი იუმორით სამეცნიერო-პოპულარულიც კი ვუწოდოთ, როგორც აღვნიშნეთ, მას საგანმანათლებლოც შეარქვეს უკვე, მაგრამ ეს განმარტებები მთავარი არაა, და არც დამაშინებელი უნდა იყოს გულწრფელი და ინტერესიანი მკითხველისათვის.

- როგორი იყო პოეტ შოთა იათაშვილის გზა პროზაიკოს შოთა იათაშვილამდე?

- პოეზია არასდროს ყოფილა ჩემთვის გამოხატვის ერთადერთი საშუალება. პოეზიის და პროზის წერა მე, ფაქტობრივად, ერთობლივად დავიწყე და დღემდე მოთხრობების ოთხი კრებულიც მაქვს გამოცემული: „კონტრაჟური“ (მერანი, 1998), „ყვავილთა ყვავილი და ინჟინერი“ (კავკასიური სახლი, 2000), „ფოტომამები“ ( ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005) და „მიზიდულობა“ (პალიტრა L, 2012). რომანის წერაც რამდენჯერმე დამიწყია, მაგრამ გავჭედილვარ და მიმიტოვებია. დაუწერია რომანი ჩემს ალტერ-ეგოს, დიანა ვაჩნაძეს: „ნატა ანუ ახალი ჟიული“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2003). ასე რომ, ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ ჩემს ახლანდელ რომანში, პირიქით, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, უბრალოდ, ამისთვის საჭირო იყო ფართო თემა და ის შთაგონება თუ შეპყრობილობა, რაც უცებ გამიჩნდა და საბედნიეროდ, ბოლომდე გამყვა. ახლა ვფიქრობ იმაზეც, რომ შეიძლება ამ ფაქტმა დადებითად იმოქმედოს და ჩემი პროზის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ სულ ჩემი პოეზიის ჩრდილში იდგა, ინტერესი გაზარდოს.

- და ბოლოს, რა არის ის მთავარი სათქმელი, რისი მიტანაც მკითხველისთვის ამ რომანით გსურდათ?

- მთელი რომანის განმავლობაში, ნიკოლოზი სხვადასხვა გზით ცდილობს ადამიანის ცხოვრება გაზომოს. და როდესაც მას ზომავს, მაშინვე უჩნდება მოთხოვნილება, რომ ყოველი დღე აზრიანად, ბოლომდე დატვირთულად გაატაროს, სამყაროს რომელიმე საიდუმლოში გაერკვეს. ალბათ ესაა ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ამ ტექსტისა. და იმედი მაქვს, რომ მისი კითხვისას არავის გაუჩნდება განცდა, რომ დრო ტყუილად დაკარგა.

"ბიბლუსში" წიგნების მინიმუმ 15-ლარიან შენაძენზე მიიღე საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი"

როგორ გადავდგათ ნაბიჯი ნულიდან ერთამდე

„ვინილომაგია - ვინილომანია“  - წიგნი ვინილის ფირფიტის მიერ მოხდენილ რევოლუციაზე