ავტორი:

საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ

საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისა და შეიარაღებული პირის მიერ მძევლების აყვანის შემდეგ საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მომხდარი ფაქტი გააშუქეს მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო სააგენტოებმა და ტელევიზიებმა.

როგორც Associated Press (AP) წერს, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნის, საქართველოს პოლიცია აცხადებს, რომ მათ 43 ადამიანი გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ისინი ბანკში მძევლებად აიყვანა.

გამოცემა წერს, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად აიყვანა დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში. საქართველოს შსს-მ თავდაპირველად არ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, თუ რამდენი მძევალი ჰყავდა თავდამსხმელს, ან რა იყო მისი მოთხოვნა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვდა.

AP-ს ცნობით, "მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო ხელყუმბარით, ტელეკომპანია აჩვენებდა კადრებს, სადაც ჩანდა, რომ ხალხი იატაკზე იჯდა, ჩანდა ასევე სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა და ხელში იარაღი ეკავა.

სააგენტო ინფორმაციითვე, საღამოს ქართულმა ტელეარხებმა გაავრცელეს ცნობა, რომ თავდამსხმელმა დატოვა შენობა და თან სამი მძევალი წაიყვანა, თუმცა რა მიმართულებით გადაადგილდებოდა ის, უცნობი იყო. ორმა ტელეარხმა გაავრცელა კადრები სადაც ჩანდა, რომ სავარაუდოდ გამტაცებელი სამ მძევალთან ერთად გამოვიდა. გამოცემა წერს იმის შესახებაც, რომ სამი მძევლიდან ერთი პოლიციელი იყო, რომელმაც სხვა მძევლები ჩაანაცვლა.

გამთენიისას ოფიციალურად განაცხადეს, რომ 43 მძევალია გათავისუფლებული და ისინი გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს აშუქებს abc, reuters euronews და სხვა საინფორმაციო საშუალებები და საქართველოში მომხდარს დეტალურად აღწერენ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. თავდამსხმელმა ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

შენიშვნა: სტატიაში მოცემული ფოტოები გამოქვეყნებულია Associated Press-ის მიერ და მათი ავტორია ზურაბ ცერცვაძე.

"მაკრონი მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს, ის ნამდვილად უნდა შემოწმდეს" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ლეგენდარულ ფეხბურთელს, რონალდიონიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - იტალიელები ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებენ