ავტორი:

"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ლევან თორიამ გაავრცელა.

"მოდის პატრულის თანამშრომელი და სასტიკად სცემს, რკინის "დუბინკით" ახალგაზრდა ადამიანს იმიტომ, რომ მამამისი დაიცვა! არ უნდა დარჩეს ეს ფაქტი უყურადღებოდ და უნდა დაისაჯოს დამნაშავე უმკაცრესად!" - წერს თორია.